ესპანეთი მაროკოსთან ანკლავების სუვერენიტეტის საკითხის განხილვაზე უარს ამბობს

ესპანეთი მაროკოსთან ანკლავების სუვერენიტეტის საკითხის განხილვაზე უარს ამბობს

ფოტო: HENRY NICHOLLS/AFP

 

ესპანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავების, სეუტასა და მელილას სტატუსის განხილვა დღის წესრიგში არ დგას და ეს ტერიტორიები ესპანეთს ეკუთვნის. ესპანურმა მხარემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მაროკოს სამეფოს იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ამ ქალაქებზე რაბატის სუვერენიტეტის პრეტენზიები.

სამშაბათს აბდელატიფ უაჰბის მიერ Asharq TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში რაბატმა პირველად წამოჭრა საკამათო საკითხი ივლისის ბოლოს მომხდარი სეუტას სასაზღვრო კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც ანკლავში დაახლოებით 72 000 მიგრანტი შეიჭრა. ცნობისთვის, აღნიშნული მასობრივი სასაზღვრო შეტაკებების დროს სულ მცირე 96 ადამიანი დაიღუპა.

უაჰბიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ქალაქების სტატუსის საკითხს გრძელვადიანი მიზნით პრობლემის დიალოგის გზით გადასაჭრელად, ესპანეთთან მოლაპარაკებებში ყოველთვის აყენებდა.

1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაროკო სეუტასა და მელილას ესპანეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ მათზე სუვერენიტეტი საბოლოოდ რაბატს უნდა გადაეცეს. მადრიდი კი მათ თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

„სეუტა და მელილა მხოლოდ ესპანური არ არის – ისინი სუპერესპანურია და მათზე შეხება არ შეიძლება“, – განუცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა სეუტაში მყოფ ჟურნალისტებს, როდესაც მას უაჰბის კომენტარებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

„სეუტასა და მელილაზე ნებისმიერი თავდასხმა მთლიანად ესპანეთზე თავდასხმაა. ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს“ – აღნიშნა მან სასაზღვრო კრიზისზე საუბრისას.

ესპანეთის მთავრობამ მაროკოს ხელისუფლება მიგრანტების რეპატრიაციაში თანამშრომლობისთვის შეაქო და კრიზისში ადამიანების საზღვარზე უკანონოდ გადამყვანი დანაშაულებრივი ქსელი დაადანაშაულა.

ცალკე განცხადებაში ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობა „არავისთან განხილულა და არც არასდროს იქნება [განხილული]“.

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უწყებამ სეუტასა და მელილასთან საზღვრებთან უსაფრთხოება განსაკუთრებით გააძლიერა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 აგვისტოს კიდევ ერთი მასობრივი გადაკვეთის მცდელობაა დაგეგმილი. მაროკოს შსს-მ აღნიშნული კამპანიის ონლაინორგანიზატორები გააფრთხილა, რომ ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.