ესპანეთში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება. კვლევის ფარგლებში გამოიყენეს 216 პაციენტის მონაცემები, რის შემდეგაც გამოვლინდა, რომ ყოველ 10 პაციენტში 8-ს D ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალში (Clinical Endocrinology & Metabolism) გამოქვეყნდა, მის ფარგლებში ასევე შეამოწმეს იგივე გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრები 197 ადამიანი, რომლებიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულნი არ იყვნენ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 47%-ს D ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდა.
ამიტომაც, გასათვალისწინებელია, რომ ამ კვლევის დასკვნებიდან გამომდინარე დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ D ვიტამინის ნაკლებობა კოვიდ-19-ით დაავადებულების მდგომარეობას ართულებს.
D ვიტამინი აუცილებელია ჯანმრთელი ძვალსახსროვანი და იმუნური სისტემისთვის. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ვარაუდი, რომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა სასუნთქ გზებს ინფექციისგან იცავს. D ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ ხშირია. 2011 წელს D ვიტამინის ნაკლებობა აშშ-ის ზრდასრულთა 41.6%-ს ჰქონდა. ეს მაჩვენებლები ძლიერ განსხვავდება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის. აფროამერიკელების 82.1%-ს აქვს D ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობა, ხოლო ლათინოამერიკელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 69.2%-ია.
ცნობილია, რომ D ვიტამინის მდიდარი წყარო მზის სინათლე, თევზი, კვერცხი, რძე და რძის ვეგანური შემცვლელები გახლავთ. რეგიონებიდან და მათთვის შესაფერისი კლიმატებიდან გამომდინარე, პაციენტებს ბევრი ექიმი D ვიტამინს აბის სახით მიღებას ურჩევს.