საუდის არაბეთი, რომელიც გრანდიოზული მეგაპროექტებითაა ცნობილი, კიდევ ერთ მასშტაბურ წამოწყებას აანონსებს – ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად და შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციისთვის, სამეფომ eSports-ის მიმართულების განვითარება და მსოფლიო ჰაბად გადაქცევა გადაწყვიტა, რისთვისაც, 2030 წლისთვის, ქვეყანა $38 მილიარდის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
თავისთავად ცხადია, რომ ამ და სხვა მიმართულებით საუდის არაბეთში განსაკუთრებით ქვეყნის სუვერენული სიმდიდრის ფონდი აქტიურობს, რომელსაც საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი მართავს. ამ შემთხვევაში, eSports-ის მიმართულებით საქმეში სუვერენული ფონდის შვილობილი კომპანია Savvy Games Group-ი ჩაერთვება, რომელიც $13.33 მილიარდს – ვიდეოთამაშების დეველოპერი კომპანიების შესყიდვასა და განვითარებაზე დახარჯავს, $18.66 მილიარდს – ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში არსებული კომპანიების მინორიტარული წილების შესასყიდად გამოყოფს, ხოლო $5.3 მილიარდს – განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ eSports-კომპანიებსა და ვიდეოთამაშების სტუდიებში დააბანდებს.
„eSports-ისა და ვიდეოთამაშების სექტორებში ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირების, ინოვაციების განვითარებისა და სამეფოში გართობისა და eSports-ის მიმართულებით ჩვენი შეთავაზებების განვრცობის დიდ შესაძლებლობას ვხედავთ“, – განაცხადა საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ და Savvy Games Group-ის თავმჯდომარემ, მუჰამედ ბინ სალმანმა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში, საუდის არაბეთი ამ დრომდეც მსხვილ და მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევა. საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი Activision Blizzard-ის, Electronic Arts-ისა და Nintendo-ს წილებს ფლობს, ხოლო Savvy-ი Embracer Group-ისა და Modern Times Group-ის eSports-ის მიმართულების ბიზნესს ფლობს, რომელიც ცოტა ხნის წინ, კომპანიამ $1.05 მილიარდად შეიძინა. საინტერესოა ისიც, რომ Savvy-ის ბრაიან უორდი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ დრომდე, Activision Blizzard-ის საერთაშორისო სტუდიებს ხელმძღვანელობდა.