EU-მ ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის შესახებ შეთანხმება გააფორმა

EU-მ ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის შესახებ შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირმა, ისრაელმა და ეგვიპტემ ბუნებრივი აირის ექსპორტთან დაკავშირებით სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გადაწყვეტილება რუსული ენერგორესურსებისაგან დივერსიფიკაციისათვის ევროკავშირის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.

შეთანხმებას ხელი კაიროში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე მოეწერა. ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ამ შეთანხმებით ქვეყანას ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა პირველად ეძლევა.

სამმხრივი ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისრაელისა და ეგვიპტის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში დიდ წვლილს შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე იმპორტირებული ბუნებრივი აირის 40%-ი რუსეთიდან შედიოდა. ევროკავშირის მიზანი კი სწორედ ამ ენერგოდამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებაა.

პროცედურულად შეთანხმება შემდეგნაირად იმოქმედებს: ისრაელის გაზი მილსადენით ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვაში არსებულ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალამდე მივა. ამის შემდეგ აღნიშნული ბუნებრივი აირი თხევად მდგომარეობაში გადავა და ევროპული პორტებისაკენ ტანკერებით გაემართება.

საერთო ჯამში პროექტის ღირებულება 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყების შემდეგ კი, ისრაელი და ეგვიპტე ევროკავშირის ბუნებრივი აირის საჭიროებების 10%-ს დააკმაყოფილებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *