ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარს არ უჭერს

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარს არ უჭერს

ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა.

კომისიის რეკომენდაცია წარმოადგენს პროცედურულ წინაპირობას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მომავალ კვირას უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ზემოთ ხსენებული ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას EU-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააცნო.

ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდება მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მათ დეტალურად განიხილეს აპლიკანტი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც გადაწყვიტეს მიეცეს უკრაინას ევროპული პესპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

უკრაინამ უნდა განამტკიცოს სასამართლო სისტემა, უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკორუფციული ინტიტუტები. ამასთან, უკრაინამ სრულად უნდა შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

რაც შეეხება მოლდოვას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კომისია რეკომენდაციას იძლევა მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.“

რაც შეეხება საქართველოს, ლაიენის განცხადებით, უნდა შეფასდეს აკმაყოფილებს თუ არა საქართველო მოცემულ პირობებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *