EU-მ Microsoft-ს Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შესაძენად მწვანე შუქი აუნთო

EU-მ Microsoft-ს Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შესაძენად მწვანე შუქი აუნთო

ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ Microsoft-ს კომპიუტერული თამაშების კომპანია Activision Blizzard-ის შესაძენად მწვანე შუქი აუნთო. შეგახსენებთ, ინდუსტრიაში რეკორდულ თანხად, 69 მილიარდ აშშ დოლარად შეთანხმების გაფორმებას Microsoft-ი უკვე დიდი ხანია ცდილობს. თუმცა, კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებული საფრთხეების გამო გარიგებას სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლები ბლოკავენ. გასულ თვეს გარიგება გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა დაბლოკა.

ევროკომისიამ შეთანხმებას მწვანე შუქი ერთი პირობით აუნთო. Microsoft-მა მომხმარებლებს უფლება უნდა მისცეს, რომ Activision-ის კომპიუტერული თამაშებით სხვა cloud-სერვისებზეც ისარგებლონ.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოპულარული სათამაშო კონსოლის, Xbox-ის მწარმოებელი Microsoft-ი თანახმაა მარეგულირებლებს სამართლიანი კონკურენციის საფრთხეების აღმოფხვრისთვის მაქსიმალური გამჭვირვალობა შესთავაზოს.

თუმცა, გარიგების დასასრულებლად Microsoft-ს მხოლოდ EU-ს თანხმობა არ ჰყოფნის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიას სამართლებრივი პრობლემები აქვს დიდი ბრიტანეთში და აშშ-შიც.