რა თანხა გამოიმუშავეს შემსრულებლებმა Woodstock 69-ის ფესტივალზე?

რა თანხა გამოიმუშავეს შემსრულებლებმა Woodstock 69-ის ფესტივალზე?

Woodstock-ის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიო დონის მუსიკალური მოვლენაა. მუსიკალური ღონისძიება 1969 წლის 15 აგვისტოს, პარასკევს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბეტელში დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. Woodstock-ს დღესაც უდიდესი გავლენა აქვს მუსიკალურ ინდუსტრიაზე და მისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს თანამედროვე ფესტივალებშიც უხვად შევხვდებით.

სამოციანების მიწურულს გამართულ ისტორიულ მუსიკალურ ღონისძიებაში არაერთი ცნობილი არტისტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ როკ-ლეგენდები ჯიმი ჰენდრიქსი, ჯოან ბაეზი, ჯენის ჯოპლინი, კარლოს სანტანა და The Who. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის შესახებ ბევრი რამ ცნობილია, დღემდე გაურკვეველი რჩებოდა, თუ რა თანხა აიღეს შემსრულებლებმა იმ ფესტივალში მონაწილეობისთვის, რომელმაც მათ მსოფლიო წარმატება და აღიარება მოუტანა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, „@historyhits124“-ის ანგარიშის მიერ გამოქვეყნდა ფოტომასალა, რომელზეც 1969 წლის ფესტივალში მონაწილე პირების ანაზღაურებაა ასახული. თუმცა ფოტოზე წარმოდგენილი ციფრები უკვე წლებია, რაც ინტერნეტში ვრცელდება და გამოცემათა ნაწილი მას ჟურნალ Variety-ის ბეჭდური ვერსიის ძველ ნომერში გამოქვეყნებულ მონაცემებს უკავშირებს.

გავრცელებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით, ფესტივალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი როკ-არტისტი ჯიმი ჰენდრიქსი იყო. გიტარისტმა Woodstock 69-ის ფესტივალზე $18,000 გამოიმუშავა, რაც 2023 წლის მონაცემებით, დაახლოებით $150,000-ს უტოლდება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ გამოსვლაში, რომელიც მექსიკელ გიტარისტს კარლოს სანტანას ეკუთვნოდა, მუსიკოსმა მხოლოდ $750 მიიღო (2023 წელს დაახლოებით $6,200-ის ტოლფასი), რაც დღეს შესაძლოა გიტარისტის ერთი კონცერტის ბილეთის ღირებულება დაჯდეს.

Woodstock 69-ის ფესტივალზე შემსრულებელთა მიერ გამომუშავებული თანხა:

  1. ჯიმი ჰენდრიქსი – $18,0000
  2. Blood, Sweat and Tears – $15,000
  3. ჯოან ბაეზი – $10,000
  4. Creedence Clearwater Revival – $10,000
  5. The Band – $7,500
  6. ჯენის ჯოპლინი – $7,500
  7. Jefferson Airplane – $7,500
  8. Sly and the Family Stone – $7,000
  9. Canned Heat – $6,500
  10. The Who – $6,250
  11. რიჩი ჰევენსი – $6,000
  12. არლო გატრი – $5,000
  13. Crosby, Stills, Nash and Young – $5,000
  14. რავი შანკარი – $4,500
  15. ჯონი ვინტერი – $3,750
  16. Ten Years After – $3,250
  17. Country Joe and the Fish – $2,500
  18. Grateful Dead – $2,500
  19. The Incredible String Band – $2,250
  20. Mountain – $2,000
  21. ტიმ ჰარდინი – $2,000
  22. ჯო კოკერი – $1,375
  23. Sweetwater – $1,250
  24. ჯონ სებასტიანი – $1,000
  25. მელანი – $750
  26. სანტანა – $750
  27. Sha Na Na – $700
  28. კიფ ჰარტლი – $500
  29. Quill – $375