გუშინ Evolution Georgia-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კომპანია ქვეყანაში ოპერაციების შეწყვეტას არ გამორიცხავს. ამის მიზეზად კი მან პროფკავშირის მიერ შენობების შესასვლელების ბლოკირება და ოპერაციების შეფერხება დაასახელა.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, „ევოლუშენმა“ მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ელი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
ეს მოცემულობა ცვლის „ევოლუშენ საქართველოს“ გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში,“ – ნათქვამია Evolution Georgia-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით Evolution Georgia-ს ასობით თანამშრომელი 12 ივლისს გაიფიცა. დროთა განმავლობაში გაფიცულთა რიცხვი 4,000-მდე გაიზარდა. გაფიცული თანამშრომლები ანაზღაურების ზრდას, შრომის კოდექსის დაცვასა და შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად ცვლილებას, სანიტარული ნორმებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
უფრო კონკრეტულად, გაფიცულები ბანქოს მჩეხავების, თამაშის წარმდგენებისა და სუპერვაიზერებისათვის ხელფასების 100%-ით, მენტორებისთვის კი 10%-ით ზრდას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნით, ხელფასის ზრდა თანამშრომლის გამოცდილებას და ინფლაციის ყოველწლიურ ინდექსაციას უნდა დაექვემდებაროს.
გაფიცული თანამშრომლები სანიტარული ნორმების გაუმჯობესებას, სამუშაო სივრცეში ექიმისა და სამედიცინო პუნქტის დამატებას, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში ცვლილებასაც ითხოვენ.
მოთხოვნებს შორის ვხვდებით ასევე ნახევარსაათიანი შესვენებების დამატებას, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულებების უფლების უზრუნველყოფას, გაფიცვის დღეების სახელფასო ანაზღაურებას და 20 მაისიდან გაფიცვის დასრულებამდე გათავისუფლებული პროფკავშირის წევრი დასაქმებულების სამსახურში აღდგენასაც.
გაფიცულების კიდევ ერთი მოთხოვნა დასაქმებულთათვის შეურაცხყოფის მიმყენებელი და ქცევის კოდექსის დამრღვევი მენეჯერების გათავისუფლებაა. Evolution Georgia-ს მენეჯერების მხრიდან მსგავს დარღვევებთან დაკავშირებით ფოტომასალა გასულ თვეში გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ სამსახურში არასათანადო პირობების გამო კომპანია ამჟამად თანამშრომლებთან შრომით დავაშია.
ცნობისთვის, შვედური კომპანია Evolution Gaming-ი, რომელიც საქართველოში Evolution Georgia-ს სახელით ოპერირებს, აზარტული თამაშების ინდუსტრიის კომპანიებს თამაშების წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია საქართველოში 7 ათასამდე ადამიანს ასაქმებს.