ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტა, ევრო ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. აშშ-ის ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ ევროზონის ვალუტა დოლართან მიმართებით 1-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. ფინანსური ანალიტიკოსები აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას ვარაუდობენ.
გუშინ ევროსა და დოლარის გაცვლითმა კურსმა 1.0546 შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დონალდ ტრამპის გამარჯვებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ძვრებმა და აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის მცირედით ზრდამ ევრო სექტემბრის შემდეგ 5.7%-ით გააუფასურა.
ბუნებრივია, ევროს მდგომარეობაზე გავლენას აშშ დოლარის პოზიციონირებაც ახდენს. შეერთებულ შტატებში ოქტომბრის თვის წლიური ინფლაცია 2.6%-ით გაიზარდა, რაც მარტის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ეს კი იმის ინდიკატორია, რომ აშშ-ში ინფლაციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულება და ფედერალურ რეზერვს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს. ინფლაციის დასტაბილურების გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები ჯერ 50 პუნქტით, შემდეგ კი 25 პუნქტით შეამცირა.
დოლარის ზემოქმედების გარდა, ევროს გაუფასურებაზე გავლენას ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების არასტაბილურობაც ახდენს. დონალდ ტრამპის ევროკავშირთან სავაჭრო პოტენციური პოლიტიკა კი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, 2022 წლის სექტემბერში ევრომ დოლართან პარიტეტს მიაღწია და მათი ღირებულებები ერთმანეთს გაუტოლდა. მას შემდეგ ევრო დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გამყარდა, თუმცა ორი წლის შემდეგ კვლავ გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება.