ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ავღანეთს 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ავღანეთს 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი, მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ავღანეთს 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. გადაწყვეტილების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ავღანეთის დასახმარებლად გამოყოფილ 300 მილიონ ევროს  250 მილიონი ევრო დაემატება, დანარჩენი თანხა კი ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში თალიბანის მმართველობისგან გაქცეული მოსახლეობის დასახმარებლად განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა ქვეყანაში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს და არა თალიბანის დროებით მთავრობას, რომელსაც ბრიუსელი არ აღიარებს.

იტალიის ხელმძღვანელობით გამართულ G20-ის ვირტუალურ სამიტზე ფონ დერ ლაიენმა ავღანეთის დახმარების პირობა დადო. სამიტში ევროკავშირის გარდა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი, ინდოეთი და საუდის არაბეთი მონაწილეობდნენ. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბლოკის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც NATO-ს სამხედრო მისიებში მონაწილეობდა, ავღანეთის წინაშე მორალური ვალდებულება გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ ავღანეთის განვითარების მიზნით გამოყოფილი თანხა ხელისუფლების თალიბების მიერ ხელში ჩაგდების შემდგომ გაყინულია. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზამთარი ახლოვდება და ბლოკმა დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცეს. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ მიუხედავად ავღანეთის ხელისუფლების მიერ ბრიუსელის მხრიდან წაყენებული პირობების შეუსრულებლობისა, თალიბების საქციელის გამო მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს და ორგანიზაციამ ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებისთვის სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს.

 

ფოტო: Bernat Armangue/AP