ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს პარტნიორებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო, 3 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს. აღნიშნული თანხა ათი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესების დახმარებისთვის დაიხარჯება. შესაბამისი ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
საუბარია 10 ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის მონაწილეები და ბლოკის ახლო პარტნიორები არიან. მათგან ყველაზე მსხვილ მხარდაჭერას მიიღებს უკრაინა (1,2 მლრდ ევრო), ხოლო საქართველოსთვის გათვალისწინებულია 150 მლნ ევრო.
უფრო დეტალურად, ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები შემდეგი რაოდენობით:
ალბანეთი: 180 მლნ ევრო
ბოსნია და ჰერცოგოვინა: 250 მლნ ევრო
საქართველო: 150 მლნ ევრო
იორდანია: 200 მლნ ევრო
კოსოვო: 100 მლნ ევრო
მოლდოვა: 100 მლნ ევრო
მონტენეგრო: 60 მლნ ევრო
ჩრდილოეთ მაკედონია: 160 მლნ ევრო
ტუნისი: 600 მლნ ევრო
უკრაინა: 1 200 მლნ ევრო.
“ახლა ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ და სოლიდარობა ვაჩვენოთ ეკონომიკური და სოციალური გავლენების გასამკლავებლად გლობალურ კრიზისში“, – განაცხადა ხორვატიის ფინანსთა მინისტრმა.
ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი კარგი პირობებით სესხების გაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხები დაეხმარება ქვეყნებს გააძლიერონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მოახდინონ ნეგატიური სოციალურ ეკონომიკური შედეგების შემცირება.
ფინანსური პაკეტის საბოლოოდ ასამოქმედებლად საჭიროა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობაც.