ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ომით დაზარალებული უკრაინის მხარდასაჭერად 5 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
საბჭოს განმარტებით, დახმარების პაკეტი მოიცავს შეღავათიან სესხს, რომლის პირობებიც ზუსტადაა მორგებული უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული 5 მილიარდი მაისში დაანონსებული €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, მესამე ტრანშს კი 3 მილიარდი ევროს მოცულობით უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ პროგრამებზე, თავდაცვასა და გადაუდებელ დახმარებაზე დაიხარჯება.