ევროპარლამენტმა სომხეთისთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეზოლუცია წარადგინა

ევროპარლამენტმა სომხეთისთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეზოლუცია წარადგინა

გუშინ ევროპარლამენტმა სომხეთისა და ევროკავშირის დაახლოების რეზოლუციას უყარა კენჭი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა. რეზოლუციაში ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზეც.

რეზოლუციის ინიციატორი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფია, რომელსაც ევროპარლამენტის ყველა საპარლამენტო ჯგუფი უჭერს მხარს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რეზოლუციაში წერია, სომხეთისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პოტენციურად მინიჭების შესაძლებლობაა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სომხეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე და გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერებისათვის საჭირო აუცილებელი რეფორმების აღსრულება. რეზოლუციის პროექტი განმარტავს, რომ ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობა დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

9 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ სომხეთი შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, რეზოლუციას მხარი 502-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა კი თავი შეიკავა.