ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებით Volkswagen-მა Tesla-ს გადაასწრო

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებით Volkswagen-მა Tesla-ს გადაასწრო

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Volkswagen-მა რამდენიმე დღის წინ საკუთარი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც 2021 წლის პირველ ნახევარში ევროპის ტერიტორიაზე გაყიდული ელექტრომობილებიდან 26% სწორედ მისია. ამ ანგარიშის მიხედვით, Volkswagen-ი ევროპის ტერიტორიაზე ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი გახდა და ამერიკულ Tesla-საც გადაასწრო.

საინტერესოა, რომ ამ დრომდე ევროპაში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი, Tesla Model 3 გახლდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს  „ფოლკსვაგენის“ ადგილობრივმა წარმოებამ, ბრენდის სიახლოვემ და დაბალმა ფასმა გერმანულ ავტომწარმოებელს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია Tesla-სთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, კომპანია ბერლინის გიგანტურ ქარხანაში წლის ბოლოს წარმოებას იწყებს. ამან კი შესაძლოა, Volkswagen-ის ბაზარზე ლიდერობა ხანმოკლე გახადოს.

ავტოინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე Volkswagen-ის უპირატესობას მის მიერ ცნობილი და მდიდრული ბრენდების, Audi-ის, Bentley-სა და Porsche-ს ფლობა განაპირობებს. Volkswagen-ის ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი ევროპაში ID.3 გახლავთ, ჰეჩბექის ფორმის ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 40 000 აშშ დოლარიდან იწყება. 2020 წლის სექტემბერში გერმანულმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების ხაზის SUV მოდელი, ID.4 გამოუშვა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მისი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გლობალურ ბაზარზე Tesla გერმანულ კონკურენტს მნიშვნელოვნად ჯაბნის. 2021 წლის პირველ სამ კვარტალში Tesla-მ 627 000 ელექტრომობილი გაყიდა, Volkswagen-მა კი – 293 000. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ Volkswagen-ი სხვა ტრადიციულ ავტომწარმოებლებთან ერთად მომდევნო ათი წლის განმავლობაში რამდენიმე ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.