ევროპული ქვეყნები, რომლებიც კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტებს გასცემენ

ევროპული ქვეყნები, რომლებიც კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტებს გასცემენ

თანდათან უფრო ნათელი ხდება, რომ არც ისე შორეულ მომავალში, საერთაშორისო მოგზაურობა აღდგება და საწყის ეტაპზე ტურისტებს ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას ვაქცინაციის დამადასტურებელ პასპორტებს მოსთხოვენ. აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო ვიზიტორებს მისცემს შესაძლებლობას, სხვა ქვეყანაში იმოგზაურონ ისე, რომ იქ კარანტინის გავლა და კოვიდ-ტესტის ჩატარება არ მოუწიოთ. შესაბამისი პასპორტების/სერტიფიკატების გასაცემად რამდენიმე ქვეყანა ემზადება. რამდენიმემ კი მათი გაცემა უკვე დაიწყო.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ემზადებიან სპეციალური სისტემის შემუშავებისთვის, რაც აცრილ მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას ამ ზაფხულს საზღვარგარეთ იმოგზაურონ.

გასულ თვეს კი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირში კოვიდ-სერტიფიკატების საერთო სისტემის შემუშავებას, რომელსაც ბლოკის თითოეული წევრი ქვეყანა გასცემს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი აიცრებიან. ცნობისთვის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკომისიას მოუწოდა, რომ სტანდარტიზებული სერტიფიკატები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის შეიმუშავონ, რათა მათ მოგზაურობა ევროკავშირის შიგნით შეძლონ.

მაშინ როდესაც ევროკავშირის მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს, ბლოკში შემავალი ცალკეული ქვეყნები კოვიდ-პასპორტების გაცემის საკითხზე დამოუკიდებლადაც მუშაობენ. მაგალითად, 21 იანვარს ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც წარადგინა კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებსაც უკვე ორივე დოზა ვაქცინა მიღებული აქვთ.

მიმდინარე კვირას კი ჩრდილოეთ ევროპის ორმა ქვეყანამ – დანიამ და შვედეთმა განაცხადეს, რომ ისინიც გასცემენ ციფრულ პასპორტებს, რაც მოქალაქეებს არამხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას, არამედ რესტორნებში ვიზიტის და მასშტაბურ ღონისძიებებზე, მაგალითად, კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრების შესაძლებლობასაც აძლევს. „ეს იქნება დამატებითი პასპორტი, რომელიც მობილურში ციფრული დოკუმენტის სახით იქნება შენახული, მას შემდეგ რაც მოქალაქე აიცრება“, – განაცხადა დანიის ფინანსთა მინისტრმა მორტენ ბოედსკოვმა. ხოლო შვედეთის ციფრული განვითარების მინისტრმა ანდრეს იგემანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა პირველი მსგავსი ელექტრონული სერტიფიკატის გაცემას სავარაუდოდ, ივნისიდან დაიწყებს.

ამ იდეას ემხრობა ესპანეთიც. „ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ისაა, რაც გარდაუვლად დაგვჭირდება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იმისა, რომ ჩვეულ მობილობას უსაფრთხოდ დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალესმა.

კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მომხრეა პორტუგალია და კვიპროსიც. პოლონეთმა კი გასულ თვეს უკვე გამოსცა ვაქცინაციის დამადასტურებელი ციფრული პასპორტი. მოქალაქეები, რომლებსაც ორი დოზა ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვთ, იღებენ სპეციალურ QR-კოდს, რომლის ჩამოწერაც შეუძლიათ და წარდგენა ნებისმიერ ადგილას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც მუშაობს ამ იდეაზე. გასული წლის ოქტომბრიდან WHO ესტონეთთან თანამშრომლობს ციფრული კოვიდ-ვაქცინაციის სერტიფიკატზე, რისთვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *