ევროპულმა სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის კვალი დაადგინა

ევროპულმა სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის კვალი დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ КГБ-ის ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში, იშვიათი რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

ლიტვინენკო საკუთარ სამშობლოში დეზერტირად გამოაცხადეს კრემლის პოლიტიკის ხმამაღლა გაკრიტიკების გამო. ამ ამბიდან 3 კვირის შემდეგ კი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში პოლონიუმ-210-ით გაჯერებული მწვანე ჩაის დალევის შემდეგ ის გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთი დიდი ხნის განმავლობაში ადანაშაულებდა რუსეთს ლიტვინენკოს მკვლელობაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი აღნიშნული დაადასტურა და განაცხადა, რომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამ განცხადებას მალევე მოჰყვა რუსეთის საყვედურიც.

მომაკვდავი ლიტვინენკოს ფოტოები ბრიტანულ მედიაში მალევე გავრცელდა. თავად მსხვერპლმა კი კლინიკის პალატიდან პოლიციას განუცხადა, რომ პუტინმა, რომელიც წარსულში თავადაც  რუსეთის სუკ-ის თანამშრომელი გახლდათ, პირადად გასცა ლიტვინენკოს მოწამვლის ბრძანება. თუმცა კრემლმა აღნიშნული ბრალდება, რასაკვირველია, მაშინვე უარყო.

ბრიტანულმა საგამოძიებო უწყებამ 2016 წელს დაასკვნა, რომ მკვლელობა КГБ-ის  ყოფილმა პირადმა მცველმა, ანდრეი ლუგოვოიმ და კიდევ ერთმა რუსმა, დმიტრი კოვტუნმა დაგეგმეს. აღნიშნული ქმედება კი საბჭოეთის დროინდელი КГБ-ის  თანამედროვე უწყების, რუსეთის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის, სადამსჯელო ოპერაციის ნაწილი გახლდათ.

აღნიშნული პირების ჩართულობა ლიტვინენკოს მკვლელობაში დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც. სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი, და მას უნდობლობა გამოუცხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *