Facebook-ი მზად არის, ალგორითმების ფუნქციონალი გაასაჯაროოს

Facebook-ი მზად არის, ალგორითმების ფუნქციონალი გაასაჯაროოს

Facebook-ი მზად არის, ამერიკელ კანონმდებლებს მათი ალგორითმების ფუნქციონირების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, რათა დანამდვილებით აღინიშნოს, რომ კომპანია საკუთარ მომხმარებლებს არ აზიანებს, – ამის შესახებ Facebook-ის გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა ისაუბრა. „[ალგორითმებზე] პასუხისმგებლობის აღება აუცილებელი უნდა იყოს – თუ საჭიროა, რეგულირების გზითაც, რათა ადამიანებმა გაარჩიონ, თუ რას უბიძგებენ ჩვენი სისტემები და რა ხდება სინამდვილეში“, – აღნიშნა მან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში საუბრისას.

ნიკ კლეგმა ისიც აღნიშნა, რომ Facebook-ი მზად არის, 1996 წლის კანონის ცვლილებაშიც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც კომპანიებს მათი მომხმარებლების განცხადებებზე პასუხისმგებლობას აშორებს.

ცნობისთვის,  მას მერე, რაც Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰოგენმა კომპანიის კონფიდენციალური შიდა კვლევების შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-ს მიაწოდა, ამერიკული გიგანტი სამართლებრივ ხათაბალაში გაება. გამოჟონილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Facebook-ში იციან, რომ Instagram-ი ტინეიჯერი გოგონების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მაგრამ შესაბამის ზომებს არ იღებენ. საპასუხოდ, Facebook-მა განაცხადა, რომ გამოჟონილ ინფორმაციას ჟურნალისტებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

 

ფოტო: Marlene Awaad/Bloomberg