მიმდინარე წლის 21-23 ოქტომბერს საკვებისა და მედიკამენტების სამართლის ინსტიტუტის (FDLI) მიერ გამართულ კონფერენციაზე ფედერალური მთავრობის ექსპერტები, ინდუსტრიის, არაკომერციული ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ინდუსტრიაში FDA–ს მიერ რეგულირებული მხარეების პოლიტიკისა და შესაბამისობის საკითხები, მათი სამართლებრივი და მარეგულირებელი ასპექტები.
სესიების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტები (MRTP) წარმოადგენდა.
სიგარეტთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნეს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები იმისათვის, რომ შეემცირებინათ თამბაქოს კვამლისგან გამოწვეული დაავადებების განვითარების შესაძლებლობა.
MRTP-ის ავტორიზაციის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს. ავტორიზაცია გულისხმობს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტისთვის FDA-ს შეცვლილი რისკის ორდერის მინიჭებას საკვების, მედიკამენტებისა და კოსმეტიკის ფედერალური კანონის 911 მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებმაც მიიღეს FDA–ს მიერ მოდიფიცირებული რისკის პროდუქტების სტატუსი, სარგებლობს მარკეტინგის ნებართვით.
“ავტორიზაციის მისაღებად საჭიროა, რომ პროდუქტი აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციის მოთხოვნებს. ის სარგებლის მომტანი უნდა იყოს საყოველთაო ჯანმრთელობისთვის, უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიკატების მნიშვნელოვნად შემცირებულ რაოდენობას, უნდა ამცირებდეს ჯანმრთელობისა და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკებს”,- განაცხადა ბენჯამის აპელბერგმა, FDA-ის ჯანდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მეცნიერმა.
MRTP-ის ავტორიზაცია პირველად 2019 წელს კომპანია Swedish Match USA-ს მიერ წარმოებულ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტს – SNUS-ს მიენიჭა. უახლესი გადაწყვეტილება MRTP-ს სტატუსის მინიჭების შესახებ კი “ფილიპ მორისის” IQOS მოწყობილობას უკავშირდება.
“სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებიდან სრულად IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას”, – განაცხადა ბენჯამინ აპელბერგმა.
თამბაქოს უკეთეს ალტერნატივაზე გადასვლისთვის მომხმარებელი უნდა ფლობდეს უტყუარ ინფორმაციას და უნდა ჰქონდეს მწარმოებლის მიმართ ნდობა. თუმცა, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ სვეანორის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ არიან ინფორმირებულნი, სწორედ ამიტომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები.
როგორც დევიდ სვანორმა საუბრის დროს აღნიშნა, მომხმარებელს აქვს სურვილი, გადავიდეს უკეთესი ალტერნატივის მოხმარებაზე. თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობა მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს.
“თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შვედეთშია. ნორვეგიაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სიგარეტის გაყიდვები განახევრდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 34%-ით შემცირდა სიგარეტის გაყიდვები იაპონიაშიც. ეს არის ყველაზე სწრაფი კლება, რაც ჩვენ ოდესმე გვინახავს ბაზარზე”, – განაცხადა სვეანორმა.
პროფესორის განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო არა მთავრობის ძალისხმევა, აიძულოს მომხმარებელი შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, არამედ ეს იყო არჩევანის შესაძლებლობა.
“ნორვეგიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს SNUS-ი, იაპონია იყენებს თამბაქოს გასახურებელ სისტემებს, ისლანდიაში გავრცელებულია SNUS-ი და ელექტრონული სიგარეტები. მთავრობა არ აიძულებს მომხმარებელს, გადავიდეს ნაკლები რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე, ეს თავად მომხმარებლის არჩევანია”, – განმარტა პროფესორმა სევანორმა.
სპიკერის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელება მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს არის მწარმოებელთა პასუხისმგებლობაც.
“თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებზე უკეთესად ამ ცვლილებას ვერავინ განახორციელებს. ისინი ხედავენ, რა ხდება თამბაქოს ბაზარზე. მე მესმის, შიშის აღმძვრელია, როდესაც შენი ბიზნესი მთლიანად ტრადიციული თამბაქოს რეალიზაციაზე არის დაფუძნებული და შენთვის საზოგადოების მხრიდან ალტერნატივის მოხმარებაზე გადასვლა რისკს წარმოადგენს, მაგრამ თუ გვსურს, შევქმნათ ინფორმირებული საზოგადოება, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გვჭირდება”, – განაცხადა დევიდ სვეანორმა.
სანდო ინფორმაციისა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შედეგად, ცვლილების მიღწევა შესაძლებელია. სპიკერების განმარტებით, მომხმარებელს სჭირდება ესმოდეს ნიკოტინის რაობა და წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიკატების ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები, შესაბამისად, გაცნობიერებული ჰქონდეს მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებიც.