FIFA-სა და UEFA-ს შორის უთანხმოებაა | რა უნდა ვიცოდეთ FIFA-ს საინვესტიციო გეგმის შესახებ?

FIFA-სა და UEFA-ს შორის უთანხმოებაა | რა უნდა ვიცოდეთ FIFA-ს საინვესტიციო გეგმის შესახებ?

FIFA via Getty Images

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია, FIFA, მსოფლიო ჩემპიონატის კომერციალიზაციას გეგმავს და 20%-იანი წილის კერძო ინვესტორისთვის მიყიდვას განიხილავს.

The Times-ისა და Financial Times-ის ინფორმაციით, FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გეგმა მსოფლიო ჩემპიონატის მფლობელი ახლად შექმნილი კომპანიის 20%-იანი წილის, $20-მილიარდიანი შეფასებით გაყიდვაა. აღნიშნული გეგმა FIFA-ს 2026 წელს დაახლოებით $4-მილიარდიან შემოსავალს მისცემდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით FIFA 211 წევრ ასოციაციას ინიციატივისთვის ხმის მიცემას სთხოვს. თუმცა ფედერაციების უმეტესობამ წარდგენილი ინიციატივა უკვე გააკრიტიკა. მსოფლიო ჩემპიონატის 20%-იანი წილის გაყიდვის შემთხვევაში, თითოეული ფედერაცია $20 მილიონს მიიღებს.

FIFA-ს განმარტებით, ახლად შექმნილი კომპანია არამოგებიანი ორგანიზაციის კომერციულ და საღონისძიებო ოპერაციებს გააკონტროლებს. FIFA-ს განმარტებით, ის ახალი შვილობილი კომპანიის მთავარ მფლობელად დარჩება და ჩემპიონატისა და მატჩების განრიგზე, ასევე მმართველობასა და მარეგულირებელ გადაწყვეტილებებზე კონტროლს შეინარჩუნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორთა ჯგუფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებს. არამოგებიანი ფედერაციის მრჩეველი ბანკი კი JPMorgan-ი იქნება.

იმისათვის, რომ გეგმა საბოლოოდ დამტკიცდეს, მას FIFA-ს წევრი საფეხბურთო ფედერაციების უმრავლესობის თანხმობა დასჭირდება. ჯანი ინფანტინომ ფედერაციებს ხმის მიცემისთვის ვადა 19 სექტემბრამდე მისცა, თუკი სურთ, რომ პოტენციური $20-მილიონიანი დაფინანსება მიიღონ.

FIFA-ს გეგმები მწვავედ გააკრიტიკეს ამერიკულმა და ევროპულმა საფეხბურთო ასოციაციებმა, CONCACAF-მა და UEFA-მ. „ეს კვეთს ზღვარს, რომელიც ფეხბურთის მმართველმა ინსტიტუტებმა არასდროს არ უნდა გადაკვეთონ. UEFA ამას უკიდურესად სერიოზულად ეკიდება. ასევე უნდა მოეკიდოს ყველა ეროვნული საფეხბურთო ასოციაცია თუ ფედერაცია. ასევე უნდა მოეკიდოს ყველა დაინტერესებული მხარე: ლიგები, კლუბები, მოთამაშეები, გულშემატკივრები, მთავრობები და ყველა, ვისაც თამაშის მომავალი ადარდებს. ფეხბურთის სული და მმართველობა არ არის აქტივი, რომლითაც უნდა ვივაჭროთ,  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს გამჭვირვალობა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს ფინანსურ მოგებას. არავინ ფლობს ფეხბურთს. ის არ არის FIFA-ს საკუთრება, რომ მისი გაყიდვა შეეძლოს“ – ნათქვამია UEFA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, UEFA FIFA-ს ღონისძიებების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატისა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ FIFA-სა და UEFA-ს შორის დაძაბულობა ბოლო კვირების განმავლობაში გამწვავდა, როდესაც UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს რამდენიმე მიზეზის გამო ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის იყო FIFA-ს გადაწყვეტილებაც, რომელიც აშშ-ის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელისთვის, ბალოგუნისთვის, წითელი ბარათის გაუქმებას ეხებოდა.

დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში UEFA განმარტავს, რომ საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარესთან ისაუბრა და FIFA-ს სქემის მიმართ მნიშვნელოვანი და მზარდი წინააღმდეგობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

ცნობისათვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატით FIFA-მ $15 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მიიღო. FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაკავებულ თანამდებობაზე ვადა მომავალ წელს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარი კანდიდატურის კიდევ ერთხელ დაყენებას გეგმავს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.