Fitch ქართულ საბანკო სისტემას აფასებს

Fitch ქართულ საბანკო სისტემას აფასებს

სარეიტინგო სააგენტო Fitch ქართულ საბანკო სექტორს აფასებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ქართული ბანკები მოსალოდნელ ზეწოლას თავს კარგად გაართმევენ, – ბანკების აქტივების ხარისხი ბოლო წლების მაკროეკონომიკური არასტაბილურობის და 2015 წელს ლარის 30%-იანი გაუფასურების მიუხედავად მყარია; ამასთან ზომიერ ნიშნულზე ნარჩუნდება ბანკებში განთავსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც. 

“ბანკების კაპიტალიზაცია ძლიერია. კაპიტალური ბუფერები მზადაა რომ გაუმკლავდეს დანაკარგებს, იმ შემთხვევაში თუ აქტივების ხარისხი ზეწოლის ქვეშ მოექცევა”, – წერს Fitch. სამომავლოდ ბანკების მდგომარეობა სააგენტოს ვარაუდით მჭირდოდ იქნება დაკავშირებული ეკონომიკურ სტაბილურობასა და აქტივების ხარისხზე. რისკებს შორის კი ამ შემთხვევაში მაღალი დოლარიზაცია სახელდება, ასევე საცალო დაკრედიტების სწრაფი ზრდა და შესაძლო გარე შოკები ეკონომიკაზე. 

ამასთან, Fitch აღნიშნავს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ღონისძიებები დოლარიზაციის შემცირებისენ შედეგს საშუალოვადიან პერიოდში გამოიღებს. “მიუხედავად დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არარსებობისა, ბანკებში დეპოზიების დაფინანსების წილი დიდია. 

Fitch 7 ქართულ ბანკს აფასებს: TBC ბანკს, საქართველოს ბანკს, ლიბერთი ბანკს, პროკრედიტ ბანკს, ქართუ ბანკს, ბაზისბანკს და ხალიკ ბანკს. 

“რეიტინგები შესაძლოა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, თუკი იქნება ეკონომიკური შოკი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ბანკების აქტივებზე”, – აღნიშნავს სააგენტო.