Forbes: 2022 წლის ტოპ-10 ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერი

Forbes: 2022 წლის ტოპ-10 ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერი

Forbes-მა ამერიკელი ფილანთროპი მილიარდერების 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელმაც ჯამში ქვეყნის ტოპ-25 ქველმოქმედი მოიცვა. მათ მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა $169 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, მეგაქველმოქმედების მიერ ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხა $149 მილიარდს უტოლდებოდა.

ამერიკული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის პირველ ადგილს, არავისთვის გასაკვირად, უორენ ბაფეტი იკავებს, რომლის Berkshire Hathaway-ის ყოველწლიურმა საზაფხულო საჩუქარმა $4,1 მილიარდს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა გადანაწილდა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდზე, რომელიც სიღარიბისა და ჯანდაცვის ინიციატივებზე, ასევე კოვიდ-19-ის ვაქცინებზე მუშაობს, ასევე მისი მეუღლისა და შვილების მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდზე. ბაფეტის შემდგომ კი აღსანიშნავია მაკკენზი სკოტის ქველმოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ სკოტს კონკრეტული ფონდი არა აქვს, მილიარდერმა 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით 500 სხვადასხვა ჯგუფს $5,8 მილიარდი გადასცა. ის რეკორდული სისწრაფით აგრძელებს ფილანთროპულ საქმიანობას.

Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში ორ ახალ სახელსაც შევხვდებით. ერთ-ერთი Facebook-ის თანადამფუძნებელი დასტინ მოსკოვიცია, ხოლო მეორე სკოტის ყოფილი მეუღლე და Amazon-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას 2021 წელს, $1-მილიარდიანი გაცემით შეუდგა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ტოპ-25-ეულის ქონება, გასულ წელთან შედარებით, 150 მილიარდით გაიზარდა, რაც საშუალოდ თითოეულის 18%-ით გამდიდრების ტოლფასია. მათი საერთო ღირებულება კი $1,1 ტრილიონს უტოლდება. აქედან ჩვიდმეტმა ხელი მოაწერა The Giving Pledge-ის შეთანხმებას, რაც სიცოცხლის განმავლობაში და გარდაცვალების შემდგომ ქველმოქმედებისთვის ქონების მინიმუმ ნახევრის შეწირვას ითვალისწინებს.

წარმოგიდგენთ Forbes-ის 2022 წლის ამერიკელი ფილანთროპების ტოპ-10-ეულს:

უორენ ბაფეტი – $46.1 მილიარდი

უორენ ბაფეტი, სავარაუდოდ, ყველა დროის ყველაზე დიდი ქველმოქმედია, მისი სწრაფვით, ქონების 99% ფილანთროპულ საქმიანობას მოახმაროს. ბაფეტის მიერ გაცემული თანხის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის საშუალებით, ჯანდაცვის, განათლებისა და სიღარიბის საკითხებზე ნაწილდება განვითარებად ქვეყნებში. The Giving Pledge-ის დაარსების იდეაც სწორედ ბაფეტსა და გეიტსებს ეკუთვნით. საერთო ჯამში, ბაფეტის ქონების წმინდა ღირებულება $113,5 მილიარდს უტოლდება, მის მიერ ცხოვრების განმავლობაში გაცემული თანხა კი $46,1 მილიარდს შეადგენს.

ბილ და მელინდა გეიტსები – $33,4 მილიარდი

მიუხედავად განქორწინებისა, ბილ და მელინდა გეიტსები განაგრძობენ მათ მიერ დაარსებული ფონდის თანათავმჯდომარეობას და Forbes-იც მათ მიერ გაცემულ ქველმოქმედებას ერთიანად წარმოადგენს. 2020 წელს ფონდმა $5,8 მილიარდი გაიღო, მათ შორის კოვიდ-19-ის კვლევებისა და ვაქცინების დანახარჯებისთვის. ამას ემატება მელინდას ქველმოქმედება მისი საინვესტიციო და ინკუბაციური კომპანიის, Pivotal Ventures-ის მეშვეობით. საერთო ჯამში, ფონდის მიერ გაცემული თანხა $33,4 მილიარდია, ხოლო ბილ და მელინდა გეიტსების ქონება, შესაბამისად – $132,9 მილიარდი და $6,1 მილიარდი.

ჯორჯ სოროსი – $18,1 მილიარდი

სოროსის ქველმოქმედება ეკონომიკური თანასწორობის, ანტიდისკრიმინაციის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების რეფორმებისა და ჟურნალისტიკის მხარდაჭერაზეა მიმართული. 2021 წლის აპრილში სოროსი $500 მილიონის გადაცემას დაჰპირდა Bard College-ს – 2,400 სტუდენტისგან შემდგარ ლიბერალურ ხელოვნების სკოლას. ჯამში, ფილანთროპმა $18,1 მილიარდი გასცა, მისი ქონება კი $8,6 მილიარდს უტოლდება.

მაიკლ ბლუმბერგი – $12,7 მილიარდი

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და Bloomberg LP-ის თანადამფუძნებელმა $12 მილიარდზე მეტი მოახმარა ქველმოქმედებას, აქედან, Bloomberg Philanthropies-ის მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს, კლიმატურ ცვლილებებზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და იარაღის უსაფრთხოებისთვის $1,6 მილიარდი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ $1 მილიარდზე მეტი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბლუმბერგმა ქველმოქმედებიდან თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის გაიღო. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფილანთროპი, რომლის წმინდა ქონება $70 მილიარდს უტოლდება, ჩარტერული სკოლების დასახმარებლად $750 მილიონს გასცემს.

მაკკენზი სკოტი – $8,61 მილიარდი

ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე ქველმოქმედებაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა განქორწინების შემდგომ თანხებს რეკორდულად სწრაფი ტემპით გასცემს. ორ წელზე ნაკლებ დროში, $8 მილიარდზე მეტი სკოტის ქონებიდან 780-ზე მეტ ორგანიზაციაზე გადანაწილდა, რომლებიც ფოკუსირებულია რასობრივი სამართლიანობის, გენდერული თანასწორობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე. მას შემდგომ, რაც მილიარდერი გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს, სკოტმა პირობა დადო, რომ შემდგომში უფრო მეტ ინფორმაციას გაასაჯაროებს მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. სკოტის ქონება ამჟამად $50,9 მილიარდია, მისი ყოფილი მეუღლის ჯეფ ბეზოსის ქონება კი $177,1 მილიარდს უტოლდება, საიდანაც $2,1 მილიარდი Amazon-ის თანადამფუძნებლის ფილანთროპიულ საქმიანობას მოხმარდა. ფინანსური სახსრები ძირითადად განათლების, გარემოს დაცვისა და უსახლკაროთა პრობლემების აღმოსაფრხველად მიემართება.

ჩარლზ „ჩაკ“ ფინი – $8 მილიარდი

ყოფილმა მილიარდერმა, თავისი ცხოვრების მიზანი, თითქმის მთელი ქონება ქველმოქმედებისთვის შეეწირა, შეასრულა. ფინმა, რომელმაც 1960 წელს საცალო სავაჭრო ქსელი Duty Free დააარსა, დაიწყო თავისი ქონების ნაწილის ანონიმურად გაცემა, თუმცა საბოლოოდ თავისი იდეა “Giving While Living” გაასაჯაროვა და გავლენა იქონია სხვა მილიარდერებზეც, მათ შორის გეიტსებსა და ბაფეტს 2010 წელს The Giving Pledge-ის შექმნისკენ უბიძგა. ფინის ქონების ძირითადი ნაწილი განათლებას, მეცნიერებასა და ადამიანთა უფლებების დაცვას მოხმარდა. 2020 წლის სექტემბერში კი მან და მისმა მეუღლემ, ბოლო აქტივების გაცემის შემდგომ, თავიანთი ფონდი Atlantic Philanthropies-ის დახურეს.

გორდონ და ბეტი მურები – $5,5 მილიარდი

Intel-ის თანადამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ 2000 წელს შექმნეს საერთო ფონდი Moore Foundation-ი და იმ რვა სხვა ჯგუფს შეუერთდნენ, მათ შორის Bezos Earth Fund-სა და Bloomberg Philanthropies-ს, რომლებმაც ბიომრავალფეროვნების მხარდასაჭერად მომავალ ხუთ წელიწადში $5 მილიარდის გაცემის პირობა დადეს. მხოლოდ 2021 წელს Moore Foundation-მა $350 მილიონის გრანტი გასცა.

ჯიმ და მერილინ საიმონები – $3,3 მილიარდი

Renaissance Technologies-ის დამფუძნებლისა და მათემატიკის ყოფილი პროფესორის ქველმოქმედება STEM კვლევებსა და განათლებაზე იხარჯება. მან და მისმა მეუღლემ 1994 წელს დააარსეს Simons Foundation-ი, არაკომერციული ორგანიზაცია საშუალო სკოლის მათემატიკისა და მეცნიერების მასწავლებლების მხარდასაჭერად. 2011 წელს Simons Foundation-მა რეკორდული თანხა, $150 მილიონი, Stony Brook University-ის გადასცა.

ფილ ნაიტი – $3,1 მილიარდი

2021 წლის იანვრიდან Nike-ის თანადამფუძნებლის მიერ სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა $1,9 მილიარდით გაიზარდა. ნაიტი ჯამში $2,5 მილიარდზე მეტს სამი უნივერსიტეტისთვის, University of Oregon-ისთვის, Oregon Health & Science University-ისა და Stanford University-ისთვის გამოყოფს. ნაიტის ქველმოქმედება ძირითადად განათლებას ხმარდება. Nike-ის თანადამფუძნებლის ქონება $55,2 მილიარდს უტოლდება.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი – $3 მილიარდი

Meta-ს აღმასრულებელ დირექტორსა და მის მეუღლეს რამდენიმე ამბიციური მიზანი აქვთ,  მათ შორის ყველა დაავადების განკურნება და პრევენცია. The Chan Zuckerberg Initiative-ის საშუალებით, წყვილმა 2015 წლიდან, მისი დაარსების დღიდან $3 მილიარდი დახარჯა სამეცნიერო და სამედიცინო კვლევებისთვის, ასევე განათლებისა და სისხლის სამართლის რეფორმებისთვის. 2021 წლის ბოლოს კი CZI-ის ახალი გეგმის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესების გაზომვასა და ანალიზებს, ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის ინსტიტუტის შექმნასა და მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *