გამოცემა Forbes-მა ამერიკის ასი უმდიდრესი თვითშემდგარი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. 2023 წლის სიაში, 40 წლამდე ასაკის კვლავ თერთმეტ უმდიდრეს ქალს ვხვდებით, თუმცა არა იმავე შემადგენლობით, როგორც ეს შარშანდელ რეიტინგში იყო.
უკვე მეექვსე წელია, რაც რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წევრის სტატუსს არ თმობს კაილი ჯენერი. რეალითი შოუს ვარსკვლავი და Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი Forbes-ის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების სიაში პირველად 20 წლის ასაკში მოხვდა. ამერიკის ას უმდიდრეს ქალს შორის, ჯენერი $680-მილიონიანი ქონებით 38-ე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც გასულ წელს, $600 მილიონით, 41-ე პოზიციაზე იყო. ცნობისთვის, ჯენერმა Kylie Cosmetics-ი 2015 წელს დააარსა, 2020 წელს კი, კომპანიის 51%-იანი წილი, $600 მილიონად ამერიკულ კოსმეტიკურ კომპანია Coty-ის მიჰყიდა.
მიმდინარე წლის რეიტინგის 30 წლამდე ასაკის კიდევ ერთი წევრი 28 წლის ლუსი კუოა. ახალგაზრდა მილიონერი Forbes Under 30-ის სიაში 2018 წელს, ხელოვნური ინტელექტის ფირმა Scale AI-ის დაფუძნების შემდგომ მოხვდა. ამჟამად ლუსი კრეატორებისთვის შექმნილი web3-პლატფორმა Passes-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია, მისი ქონება კი $360 მილიონს უტოლდება.
გარდა უკვე ნაცნობი წევრებისა, Forbes-ის 2023 წლის რეიტინგს სამი ახალწვეულიც ჰყავს. მათ შორის არიან 36 წლის კრისტინა კაჩიოპო, 38 წლის იმან აბუზეიდი და 39 წლის ჯულია ჩიკი. კაჩიოპომ 2017 წელს უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის კომპანია Vanta დააარსა და მას შემდეგ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს – კერძო ინვესტორები კაჩიოპოს კომპანიას $1.6 მილიარდად აფასებენ. აბუზეიდი $1.65 მილიარდად შეფასებული კომპანია Incredible Health-ის დამფუძნებელია, პლატფორმის რომელიც ექთნებს საავადმყოფოებში ვაკანსიების მოძიებაში ეხმარება. ხოლო ჩიკმა, 2015 წელს სახლში ტესტირების კომპანია Everly Healt-ი დააარსა, რომელმა შარშან $250 მილიონი გამოიმუშავა.
40 წლამდე ასაკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი და რეიტინგის ერთადერთი მილიარდერი ბარბადოსელი მომღერალი და ბიზბესვუმენი რიანაა. რიანას ქონება, რომელიც ამჟამად $1.4 მილიარდს უტოლდება, არა მისი მუსიკალური კარიერის, არამედ 2017 წელს დაარსებული კოსმეტიკის ბრენდ Fenty Beuty-ის დამსახურებაა. რიანას მეორე პოზიციით ასევე მომღერალი ტეილორ სვიფტი მოსდევს. ამერიკელი პოპვარსკვლავის ქონება, მისი ახალი ალბომის, Midnights-ის გამოშვებისა და Eras-ის ტურნეს დაანონსების შემდეგ, გასულ წელთან შედარებით $170 მილიონით გაიზარდა.
წარმოგიდგენთ აშშ-ის 40 წლამდე უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების რეიტინგს:
- რიანა – $1.4 მილიარდი, ასაკი: 35
სიმდიდრის წყარო: მუსიკალური ინდუსტრია, კოსმეტიკური ხაზი Fenty Beuty
- ტეილორ სვიფტი – $740 მილიონი, ასაკი: 33
სიმდიდრის წყარო: მუსიკალური ინდუსტრია
- კაილი ჯენერი – $680 მილიონი, ასაკი: 25
სიმდიდრის წყარო: კოსმეტიკის ხაზი Kylie Cosmetics
- ნეჰა ნარკჰედე – $520 მილიონი, ასაკი: 38
სიმდიდრის წყარო: პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oscilar
- უიტნი ჰერდი – $510 მილიონი, ასაკი: 33
სიმდიდრის წყარო: Bumble
- ჰუდა კატანი – $400 მილიონი, ასაკი: 39
სიმდიდრის წყარო: Huda Beuty
- კრისტინა კაჩიოპო – $385 მილიონი, ასაკი: 36
სიმდიდრის წყარო: უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის კომპანია Vanta
- ლუსი კუო – $360 მილიონი, ასაკი: 28
სიმდიდრის წყარო: web3-პლატფორმა Passes
- იმან აბუზეიდი – $350 მილიონი, ასაკი: 38
სიმდიდრის წყარო: Incredible Health
- რეიჩელ რომერი – $320 მილიონი, ასაკი: 34
სიმდიდრის წყარო: ონლაინ სწავლების კომპანია Guild Education
- ჯულია ჩიკი – $260 მილიონი, ასაკი: 39
სიმდიდრის წყარო: Everly Health