Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

კვირიდან კვირამდე ავტომოყვარულებს ინდუსტრია მოსვენების საშუალებას არ აძლევს. თუმცა ისიც რთულად წარმოსადგენია, რომ სფეროს სიახლეებმა რომელიმე მათგანი დაღალოს და ყოველ მომდევნო პროგრესს უდიდესი აღტკინებით არ შეხვდეს. სწორედ ეს ხიბლი აქვს ავტოინდუსტრიას, მისით „მოწამლული“ ადამიანი განკურნების გზას იშვიათად თუ პოვებს. და მეტიც, ჭეშმარიტ ავტომოყვარულს ანტიდოტის ძიების სურვილიც კი არასდროს უჩნდება. სწორედ ამიტომ, Forbes Georgia განაგრძობს ინდუსტრიის ყველა მნიშვნელოვანი სიახლის ერთ ბლოგში გაერთიანებას და Forbes Auto-ს მიმდინარე ბლოგში გასული კვირის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს მოვუყარეთ თავი. ბლოგში იხილავთ, თუ რამდენი ავტომობილის წარმოება შეეძლება Tesla-ს ბერლინის ახალ გიგანტურ ქარხანაში, რა კონცეფციის იქნება Nissan-ის მომავალი თაობების ქარხანა, თუ რამდენს ხარჯავს Tesla მარკეტინგზე სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით, რა მოცულობის კომპენსაციას გასცემს LG GM-ის უკან გამოხმობილი მანქანებისათვის და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს.

მარაგების შევსების შემდეგ Toyota დაკარგული წარმოების აღდგენას ისახავს მიზნად

ავტომწარმოებლის გეგმებთან ახლოს მყოფმა სამმა ანონიმურმა წყარომ ავტორიტეტულ გამოცემა Reuters-ს დაუდასტურა, რომ Toyota Motor Corp-ს დეკემბრიდან ნაწილების დეფიციტით შეზღუდული წარმოების განახლება სურს. კომპანიის მიზანია, განახლებული წარმოებით პანდემიით დაზარალებული მიმწოდებლებისაგან გადაზიდვების შემცირებითა და მომარაგების შეფერხებით გამოწვეული დაკარგული პროდუქციის მესამედი მაინც დაიბრუნოს.

REUTERS/Aly Song

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Toyota-მ საკუთარი ფინანსური წლის წარმოების სამიზნე მარტის ბოლოსათვის 300 000 ერთეულით 9 მილიონ ავტომობილამდე შეამცირა. ამის მიზეზი კოვიდ-19-ის შემთხვევების მატების გამო ვიეტნამსა და მალაიზიაში საწარმოების შეჩერება გახლდათ. ამან კი თავის მხრივ ჩიპების საყოველთაო დეფიციტი კიდევ უფრო გაამძაფრა და Toyota-საც, სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, წარმოების შემცირება აიძულა.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საკუთარ მიმწოდებლებს თხოვნით მიმართა, რომ შეუვსონ მარაგები, რათა კომპანიამ დეკემბრიდან მარტის ბოლომდე შუალედში დამატებით 97 000 ავტომობილის წარმოება შეძლოს. ეს კი შემცირებული სამიზნე რაოდენობის (300 000) მესამედს წარმოადგენს. აღნიშნული საწარმოო მიზნის განხორციელებას Toyota სავარაუდოდ დამატებითი ცვლებისა და დასაქმებულთა შაბათ-კვირას მუშაობის ხარჯზე აპირებს.

სფეროს ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ინდუსტრია სულ მალე დაუბრუნდება ჩვეულ საწარმოო რიტმს, რადგან აზიაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს და, შესაბამისად, მცირდება ხალხის ეჭვებიც წარმოების რისკებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 2011 წლის გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, Toyota-მ საკუთარი მიწოდების ჯაჭვი მაქსიმალურად გააძლიერა. სწორედ ამის გამო, ის გახლდათ ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვილი ავტომწარმოებელი, რომელმაც ნაწილების დეფიციტის გამო საწარმოო გეგმები შეცვალა.

ნაწილების დეფიციტის გამო ავტომწარმოებლებმა მოთხოვნის აღდგენის ტემპებით ვერ იხეირეს ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიც ჩინეთია. სექტემბერში ჩინეთში მანქანების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა.

Tesla-ს ბერლინის გიგანტური ქარხანა ელექტრომობილების წარმოებას ნოემბრიდან შეძლებს

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უზარმაზარი ქარხანა გახსნა. დიდი ხნის მოლოდინი კი მალე დასრულდება და Tesla გერმანიაში პირველი ელექტრომობილის წარმოებას ნოემბრიდან დაიწყებს.  კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, 9 ოქტომბერს ქარხნის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიების დროს განაცხადა, რომ ბერლინის ქარხანა Model Y კროსოვერების გამოშვებას ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყებს. ერთადერთი გამოწვევა, რაც კომპანიას დარჩა – სამეწარმეო პროცესის სისრულეში მოყვანაა.

PATRICK PLEUL/AFP

აღმასრულებელი დირექტორის გათვლებით, ბერლინის გიგანტურ ქარხანას 2022 წლის ბოლოსათვის კვირაში 5,000-დან 10,000-მდე ელექტრომობილის წარმოება შეეძლება. ილონ მასკმა დამატებით აღნიშნა, რომ კომპანია ელექტრომობილებისათვის საჭირო ელემენტებს გერმანული სადგურის აშენებამდე ჩინეთიდან მიიღებს. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ გერმანულ გიგანტურ ქარხანას Tesla-ს შემოსავლებზე დიდი გავლენა არ ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის აშენება გეგმურად მიმდინარეობს, ილონ მასკის კომპანიის წინააღმდეგ მაინც არაერთი სამართლებრივი დავა არსებობს. მათი უმეტესობა კი გარემოსდაცვით გარანტიებსა და საჯარო კონსულტაციების პროცესს შეეხება. შესაძლოა, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ქარხნისათვის საბოლოო ნებართვის გაცემისაგან თავი შეიკავონ ან მისგან დამატებითი გარანტიები მოითხოვონ.

სანაცვლოდ, Tesla-მ პირობა დადო, რომ ქარხნის აშენებისათვის მოჭრილი ხეების სანაცვლოდ გარემოს დაცვისათვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. გარდა ამისა, ქარხანა მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის გამოყენებასაც. არის თუ არა ეს უკანასკნელი საკმარისი ევროპული ნებართვის მისაღებად, ამას მომდევნო რამდენიმე კვირა გვიჩვენებს.

Bugatti Centodieci-მ ცხელი ამინდის ტესტირება წარმატებით გაიარა

მომდევნო წელს მომხმარებლების წინაშე წარდგენამდე, Bugatti Centodieci-მ საწარმოო განვითარების პროგრამის კიდევ ერთი საფეხური, ცხელი ამინდის ტესტირება, დაძლია.

ავტომობილის ტესტირებას Bugatti-ის 27-კაციანი გუნდი ესწრებოდა და სუპერქარის 50 გრადუს ცელსიუსის პირობებში გადაადგილებისას მანქანის ელექტრობა, რადიოსიხშირე, საწვავისა და ჰაერის კონდიცირების სისტემები მოწმდებოდა.

ტესტირების ეტაპი კალიფორნიიდან დაიწყო ცენტრალური წყნარი გზატკეცილის გავლით არიზონამდე და ბოლოს ლემონის მთაზე დასრულდა, სადაც ავტომობილი ზღვის დონიდან 2800 მეტრზე იმყოფებოდა.

Centodieci სხვადასხვა პირობებში შემოწმდა. ის გაიტესტა დაბალ სიჩქარეზე დაძვრა-დამუხრუჭების ტექნიკით, შუაგულ მზეში ჰაერის კონდიცირების სისტემის სრული დატვირთვით მუშაობითა და 320 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების პირობებშიც. მასთან ერთად საავტომობილო ვოიაჟში Bugatti-ის სხვა მდიდრული მოდელები, სამი Chiron Pur Sports-ი და ოთხი Chiron Super Sports-ი მონაწილეობდნენ.

ავტომწარმოებლის ერთ-ერთი მთავარი ინჟინრის განცხადებით, ჰიპერქარის ცხელ და მშრალ უდაბნოში ტესტირება მანქანის განვითარების პროცესს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. „ბუგატის ყველა მოდელმა იდეალურად უნდა იფუნქციონიროს იმისდა მიუხედავად, თუ რა ტემპერატურაში უწევს მას გადაადგილება. ყველა მოდელი უნაკლოდ უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას ყველა ამინდსა თუ საცობის პირობებში“, – განაცხადა სტეფან შმიდტმა.

Centodieci განსაკუთრებული მოდელი იმ მხრივაც არის, რომ ის მხოლოდ 10 ეგზემპლარი შეიქმნება. ავტომობილი ცნობილი Chiron-ის ბაზაზე იქნება აგებული და იმავე კონფიგურაციას გამოიყენებს. 0-დან 100-მდე სიჩქარის განვითარებისათვის მას მხოლოდ 2.4 წამი დასჭირდება. თუმცა, Chiron-საგან განსხვავებით, მას მხოლოდ 380 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. Bugatti Chiron-სათვის აღნიშნული მაჩვენებელი 420 კმ/სთ-ს უდრის.

ტესტირების საბოლოო ეტაპზე Centodieci-ის გამძლეობის გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ავტომწარმოებლის პროგნოზით ის მაღალი სიჩქარის პირობებში 186,000 მილის გავლას შეძლებს.

რამდენს ხარჯავს Tesla ერთი ავტომობილის მარკეტინგზე სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით

ავტომწარმოებლები საკუთარი გაყიდვების გასაზრდელად, როგორც წესი, ორი სახის პოლიტიკას ატარებენ. ერთი გზა ტრადიციული მეთოდია – ავტომობილებისათვის სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრა. რაც შეეხება მეორე გზას, მას R&D-ის სახელით იცნობენ და ქართულად მარკეტინგში კვლევისა და განვითარების პოლიტიკით მოიაზრება.

Visual Capitalist

ალბათ ბევრ თქვენგანს გაუკვირდება, თუკი გეტყვით, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი, თანამედროვე ელექტრომობილების გაყიდვების გურუ საკუთარი ავტომობილების რეკლამისათვის ბიუჯეტიდან არც ერთ ცენტს არ გამოყოფს. Tesla-ს სარეკლამო ბიუჯეტი 0 დოლარს უდრის.

თუმცა, სანაცვლოდ, Tesla ყოველი გაყიდული ავტომობილის კვლევასა და განვითარებაზე საშუალოდ 2 984 აშშ დოლარს ხარჯავს, რაც საშუალოდ სამჯერ მეტია სხვა ავტომწარმოებლების მიერ აღნიშნული პოლიტიკის მიხედვით გაღებულ თანხებზე. მეტიც, „ტესლას“ მიერ R&D-ზე ერთ ავტომობილზე დახარჯული თანხა, GM-ის, Ford-ისა და Chrysler-ის მიერ ჯამურად დახარჯულ თანხაზე მეტია.

რაც შეეხება სხვა ავტომწარმოებლების მიერ მარკეტინგზე დახარჯულ ბიუჯეტს, ის საშუალოდ ერთ ავტომობილზე 495$ აშშ დოლარს უტოლდება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკული ავტომწარმოებლისათვის ეს ხარჯები ფაქტობრივად არ არსებობს, მისი მარკეტინგული მიმართულების დამსახურებით, ის მსოფლიოში ყველაზე მზარდ ბრენდს წარმოადგენს.

R&D-ისა და მარკეტინგის ბალანსი კომპანიის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას. ზოგადად  მიიჩნევა, რომ კვლევისა და განვითარებისათვის მეტი ბიუჯეტის გამოყოფა საგრძნობლად აუმჯობესებს წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხს კონკურენტებთან შედარებით. შესაბამისად, ამ პოლიტიკის სწორად წარმართვა კომპანიებს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს, რისი ნათელი მაგალითიც ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla-ა.

Volvo-მ მსოფლიოში პირველი მანქანა წარადგინა, რომელიც სრულად წიაღისეული საწვავის გარეშე მიღებული ფოლადითაა აწყობილი

რამდენიმე თვის წინ შვედური ავტომწარმოებელი Volvo ასევე შვედური ფოლადის მწარმოებელ SSAB-თან თანამშრომლობას დასთანხმდა, რათა საკუთარი ავტომობილებისათვის იმგვარი ფოლადი აწარმოოს, რომელიც სრულად წიაღისეული საწვავის გარეშე იქნება მიღებული. ახლა კი ავტომწარმოებელმა წარმოადგინა ავტომობილი, რომელიც, მისი განცხადებით, წიაღისეული საწვავის გარეშე მიღებული ფოლადით აწყობილი მსოფლიოში პირველი მანქანაა.

Volvo

შვედური ავტომწარმოებლის მიერ წარმოდგენილი მანქანა სრულად ელექტროტვირთის  მზიდია, რომელიც კარიერებისა და სამთო-მომპოვებითი საქმიანობისათვისაა გათვლილი. გარდა იმისა, რომ მანქანა სასათბურე აირებს არ გამოყოფს, ის სრულად ავტონომიური, თვითმართვადი იქნება და დანიშნულების ადგილამდე მასალების გადასაზიდად წინასწარ განსაზღვრულ, დაპროგრამებულ გზას გაივლის.

SSAB გახლავთ შვედური ფოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ფოლადის შექმნისას წარმოების პროცესში ქვანახშირის ნაცვლად ელექტროლიზით მიღებულ წყალბადს იყენებს. თუმცა, Forbes-ის ინფორმაციით, მანქანა მაინც ვერ იქნება სრულად წიაღისეული საწვავის გარეშე მიღებული ფოლადისაგან აწყობილი. მისი სხვა ნაწილები და დეტალები, რომლებიც მესამე პირისაგან, ანუ სხვა მიმწოდებლისაგანაა, რეალურად შეიცავს ამგვარ ფოლადს. მაგალითად, ელექტროძრავა ტრადიციული გზითაა წარმოებული.

თუმცა, Volvo Group-ის ტექნიკური დირექტორის, ლარს სტენქვისტის, განცხადებით, ფოლადის უმეტესი ნაწილი, რომლითაც სატვირთო არის აგებული, სწორედ წიაღისეული საწვავის გარეშეა მიღებული. ტვირთმზიდი ჯამში 8.2 ტონას იწონის, ხოლო ამ მასიდან 3 ტონა სწორედ ზემოთ აღნიშნული ფოლადითაა აგებული. ტექნიკური დირექტორის განცხადებით, დანარჩენი მასის დიდი ნაწილი ისეთ დეტალებს უკავია, როგორიც უზარმაზარი საბურავებია.

Volvo გეგმავს, რომ ტვირთმზიდის მცირე მასშტაბით წარმოება მომდევნო წლისათვის დაიწყოს. შემდეგ კი წარმოება იმის მიხედვით გაზარდოს, თუ რა რაოდენობის ფოლადს მიაწვდის SSAB-ი. ხოლო პროდუქტის მასობრივ წარმოებას კომპანია 2026 წლისათვის მოელის.

Nissan-მა შემდეგი თაობის ელექტრომობილებისათვის მაღალტექნოლოგიური მწვანე ქარხანა გახსნა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Nissan-მა, გასულ კვირას, იაპონიაში ახალი მწვანე მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა. კომპანიის განცხადებით, ქარხანა მაქსიმალურად გაზრდის მომავალი თაობის ელექტრომობილების შესაძლებლობებს. საინტერესოა, რომ ქარხანაში გარდა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა, თანამშრომლების გადასამზადებელი ვირტუალური სივრცეებიც იქნება. ყველა დანადგარი, რომელიც ქარხანას ახალი ელექტრომობილების წარმოებაში მოემსახურება, ელექტროენერგიას განახლებადი წყაროებიდან მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის ახალ საწარმოო პოლიტიკას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 2030 წლისათვის Nissan-ი ნახშირორჟანგის გამოყოფას 40%-ით შეამცირებს.

Kiyoshi Ota/Bloomberg

Nissan-მა აღნიშნული მაღალტექნოლოგიური მწვანე ქარხნის აშენების შესახებ განცხადება პირველად 2019 წელს გააკეთა. მას შემდეგ კი სურვილის სისრულეში მოსაყვანად კომპანიამ ქარხანაში 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ნავარაუდებია, რომ ქარხანა ყოველწლიურად 250 000 ავტომობილის წარმოებას შეძლებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, Nissan-ი მსგავსი ქარხნების აშენებას იაპონიისა და აშშ-ის ტერიტორიებზე კიდევ გეგმავს. სავარაუდოდ, კომპანია საკუთარი ახალი ელექტრომობილის, Nissan Ariya-ს საწარმოებლად და მის ტექნოლოგიურად დასახვეწად სწორედ აღნიშნულ ქარხანას გამოიყენებს. მძღოლის დამხმარე სისტემების, ძრავის ეფექტიანობის გაზრდის ტექნოლოგიებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება სწორედ ახალ მაღალტექნოლოგიურ ქარხანაშია დაგეგმილი.

Kiyoshi Ota/Bloomberg

უფრო კონკრეტულად ქარხნის მაღალტექნოლოგიურობა რამდენიმე ასპექტში იკვეთება. საინტერესოა, რომ ქარხნის თანამშრომლები საკუთარი საქმიანობის შესრულებისას ვირტუალური სათვალეებით იქნებიან აღჭურვილნი, რათა დეფექტების დროული და ზუსტი აღმოჩენა იყოს უზრუნველყოფილი. ჩაფხუტებზე დამაგრებული სენსორებით კი მონიტორინგის ოთახიდან სპეციალისტები დეფექტებზე რეაგირებას რეალურ დროში შეძლებენ, რაც საწარმოო დანახარჯებსა და დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მომავალ წელს Honda ჩინეთში ახალი ელექტრომობილის ბრენდის დაარსებას აანონსებს

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ჩინეთში ელექტომობილების ახალ ბრენდს დააარსებს. ახალი ქარხანა კი შიდა წვის ძრავის  ავტომობილებს საერთოდ არ აწარმოებს.  2030 წლიდან აღნიშნულ საწარმოში სრულად ელექტრო, წყალბადის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ავტომობილები გამოიშვება.

REUTERS/Pierre Albouy

Honda-ს ავტომობილები საწვავის ეფექტიანი  მოხმარების მქონე შიდაწვის ძრავებითაა ცნობილი, რის გამოც ჩინეთის ბაზარზე კომპანიამ შარშან 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

ახალ ბრენდს “e:N series” ერქმევა და Honda საკუთარ პარტნიორებთან, GAC-თან და Dongfeng Motors-თან ერთად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 10 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს.

იაპონური ავტომწარმოებლის ზემოთ აღნიშნული პარტნიორები გეგმავენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გახსნან მხოლოდ ელექტრომობილების საწარმო, რომელიც ფუნქციონირებას 2024 წლიდან დაიწყებს.

დაგეგმილი მოდელების წარმოებისას Honda ახალ საოპერაციო სისტემებს გამოიყენებს. წარმოებული მანქანები კი, კომპანიის განცხადებით, ყველა არსებულ ავტოსალონში იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა მოგვიანებით Honda ექსკლუზიურად “e:N series” ავტომობილებისათვის ცალკე სალონების გახსნას გეგმავს. ამჟამად Honda-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1200 ამგვარი პუნქტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ავტომწარმოებლების ასოციაციის პროგნოზით, მომავალ წელს ჩინეთში ელექტრო- და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები 3 მილიონამდე გაიზრდება.

LG უკან გამოთხოვილი ავტომანქანების ხარჯების დასაფარავად GM-ს 1.9 მლრდ დოლარს გადაუხდის

Chevrolet Bolt-ის ავტომანქანების ხანძრის შემთხვევების გამო, GM-ის მიერ თავისი წარმოებული მანქანების უკან გამოხმობისა და ელემენტების შეცვლისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად, ამერიკული ავტომწარმოებლისათვის ელემენტების მიმწოდებელი, LG, GM-ს 1.9 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის.

Chevrolet

GM-მა 143 000 Bolt გამოიხმო უკან, რაც, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის შემდეგ გაყიდული ამ ბრენდის ავტომობილების უმეტესობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ დაპარკინგებულ Chevrolet Bolt-ის ავტომობილებს ხანძარი უჩნდებოდა, რაც კომპანიის მხრიდან ავტომობილების უკან გამოხმობის მიზეზი გახდა.

GM-ის გადაწყვეტილება, დანახარჯების გამო, ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი უკან გამოხმობის ოპერაციაა. მთლიანი ზარალი კომპანიისათვის 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითოეულ მანქანაზე 14 000 აშშ დოლარის დანახარჯს ნიშნავს. ავტომობილებს ლითიუმის შემცველი ელემენტების სრულად შეცვლა ესაჭიროება, შესაბამისად, მისი მაღალდანახარჯიანობა სწორედ აქედან მომდინარებს. ელემენტები ამგვარი ავტომობილებისათვის ყველაზე ძვირად ღირებულ ნაწილს წარმოადგენს.

GM-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ LG ამერიკული კომპანიის ღირებული და პატივსაცემი მომწოდებელია, შესაბამისად, კომპანია მიესალმება შეთანხმების მიღწევას. კომპანიის საინჟინრო და საწარმოო გუნდები აგრძელებენ LG-სთან თანამშრომლობას ახალი ელემენტების მოდულების დასამზადებლად. GM მოელის, რომ ელემენტების შეცვლის პროცესი მიმდინარე თვის ბოლოსათვის დაიწყება.

Bolt-ის ელემენტები LG-მ ამერიკულ ავტომწარმოებელს საკუთარი სამხრეთკორეული  ქარხნიდან მიაწოდა. ამჟამად კი ეს ორი კომპანია ერთობლივი ქარხნის აშენებაზე მუშაობს ოჰაიოსა და ტენესის შტატებში. საწარმო GM-ის მომდევნო თაობების ელექტრომობილებისათვის ელემენტებს შექმნის. აღნიშნული გადაწყვეტილება GM-ის ახალი საწარმოო პოლიტიკის ნაწილი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი 2025 წლამდე 35 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს სრულად ელექტრო- და თვითმართვად ავტომობილებში. კომპანიის გათვლებით,  ის ამ დროისათვის 30 ახალ ელექტრომობილს გამოუშვებს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ელექტრომობილების მომავალთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, Bolt-ი ერთადერთი ავტომობილი გახლავთ, რომელსაც GM ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ყიდის.

Chevrolet Bolt-ის ირგვლივ განვითარებული სკანდალი კომპანიისათვის დიდი ზარალის მომტანი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ დიდია მატერიალური ზიანი, კომპანიას სამომავლოდ ახალი მომხმარებლების მიზიდვაც გაუჭირდება.

BMW-ს CEO: კომპანია წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ნებისმიერი აკრძალვისათვის მზადაა

გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ს აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ  ციპსესგანცხადებით, კომპანია მზად იქნება შიდაწვის  ძრავებზე ნებისმიერი აკრძალვისათვის 2030 წლისათვის.

REUTERS/Wolfgang Rattay

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის პაკეტით 2035 წლისთვის წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ოლივერ ციპსეს განცხადებით, თუკი რომელიმე ქვეყანა, ქალაქი ან რეგიონი აღნიშნული აკრძალვის იმპლემენტაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, კომპანია მომხმარებლებს სხვა ალტერნატივას შესთავაზებს და პროცესს მზად დახვდება. BMW Group-ი ამაზე არ ღელავს. რამდენად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება –  ეს საკამათო საკითხია, თუმცა ჩვენ მომხმარებლებს სიახლეებს შევთავაზებთ”, – აღნიშნა მან.

საინტერესოა, რომ კონკურენტებისაგან, Volkswagen-ისა და General Motors-საგან განსხვავებით, BMW-ს ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუ როდის გეგმავს შიდაწვისძრავიანი  ავტომობილების წარმოების შეწყვეტას.

თუმცა, კომპანიის პროგნოზით, 2030 წლისათვის გლობალური გაყიდვების 50%-ს ელექტრომობილებს შეადგენს.