Forbes Auto: გასული კვირის სიახლეები ავტოინდუსტიიდან

Forbes Auto: გასული კვირის სიახლეები ავტოინდუსტიიდან

ავტოინდუსტრია – ეს გახლავთ სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება. ამის მიზეზი კი ინდუსტრიაში არსებული კონკურენციის მაღალი დონეა. ავტომწარმოებლები საკუთარი ბრენდის გაუმჯობესებისა თუ კონკურენტებთან დაპირისპირების მოტივებით, მუდმივად გვთავაზობენ ინოვაციებს ახალი მოდელების წარდგენისას. პირველი ავტომობილის წარმოების დღიდან, ინდუსტრია მუდმივად მზარდია. მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტად იმატებს ავტომობილებზე მოთხოვნა და შესაბამისად, ავტომწარმოებლებიც ცდილობენ იყვნენ სხვაზე უკეთესნი. პანდემიამ და განსაკუთრებით ვირუსის ბოლო ტალღამ, დელტა ვარიანტმა, ავტოინდუსტრიას მნიშნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

ჩიპების დეფიციტის გამო ბევრმა მსხვილმა ავტომწარმოებელმა საკუთარი ქარხნების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თუმცა, ამისდა მიუხედავად, სულ უფრო მეტი ბრენდი ცვლის საკუთარ პოლიტიკას და წარმოება ეკო-მეგობრულ ორბიტაზე გადაჰყავს. პრობლემები აქვს ელექტრომობილების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი Tesla-ს ავტოპილოტსაც. Forbes Georgia ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან საავტომობილო სიახლეებს შემოგთავაზებთ.

ჩიპების დეფიციტის გამო ავტომწარმოებლები საკუთარ ქარხნებს ხურავენ

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საავტომობილო ინდუსტრია უკვე არსებული კომპიუტერების ჩიპების დეფიციტის აღმოფხვრას ელოდებოდა, რის შემდეგაც ავტომობილების წარმოება ჩვეულ რიტმს უნდა დაბრუნდებოდა. თუმცა, ვირუსის ახალი შტამის, დელტა ვარიანტის, გავრცელების მზარდი ტემპების გამო ავტომობილების წარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტები კვლავ დეფიციტში აღმოჩნდა. შესაბამისად, დაიკლო ავტომობილების წარმოების ტემპმაც. ზედმეტი ხარჯების თავიდან ასარიდებლად კი მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა გარკვეული რაოდენობის ქარხნების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ფოტო: Aurich Lawson / Getty Images

ვირუსის დელტა ვარიანტის ახალი ტალღა განსაკუთრებულად სწრაფი გავრცელების ტემპით გამოირჩევა. რის გამოც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინფიცირების შემთხვევები კატასტროფულად იზრდება. გამონაკლისი არც აზიის რეგიონია, რომელიც ნახევარგამტარების ყველაზე დიდი მწარმოებელია. მსოფლიოში წარმოებული ჩიპების უდიდესი ნაწილი სწორედ აზიურ საწარმოებში მზადდება. ვირუსის გავრცელების გამო კი ქარხნების თანამშრომლები ინფიცირდებიან და წარმოების ტემპები ან ნელდება ან სრულად ჩერდება.

ჩიპების დეფიციტის გამო მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ გასულ კვირას გადაწყვიტა, სექტემბერში იაპონიის ტერიტორიაზე 14 საწარმო დახუროს. აღნიშნული ქმედება კი Toyota-ს წარმოებას 40%-ით შეამცირებს. ავტომწარმოებელი საკუთარი ქარხნების ფუნქციონირებას დროებით აჩერებს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეც, რის გამოც წარმოება 40%-დან 60%-მდე შემცირდება. წარმოების ასეთ მნიშვნელოვან შემცირებას კი დიდი გავლენა ექნება ახალი ავტომობილების ფასებზე. სფეროს ექსპერტები ავტომობილების ფასების ზრდას ელოდებიან.

საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული პრობლემის წინაშე მხოლოდ Toyota არ დგას. მიკროჩიპების დეფიციტი მსოფლიოს ნომერ მეორე ავტომწარმოებელს, Volkswagen-ს, General Motors-ს, Ford-ს, Stellantis-ს, Fiat-სა და Tesla-საც შეეხო.

ელექტრომობილები, როგორც ავტოინდუსტრიის მომავალი

გასული კვირა საკმაოდ დახუნძლული გამოდგა ელექტრომობილების შესახებ სიახლეებითაც. ყველა დიდი ავტომწარმოებელი ბოლო დროს აქტიურად ცდილობს შეცვალოს საკუთარი საწარმოო პოლიტიკა და შიდა წვის ძრავებიდან სრულად ელექტროძრავების მქონე ავტომობილების წარმოებაზე გადაერთოს. სულ უფრო ძნელად მოიძებნება ისეთი ავტომწარმოებელი, რომელიც აღნიშნულ ეკო-მეგობრულ ხაზს არ იზიარებს ან სამომავლოდ არ გეგმავს კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვის სახელით ელექტრომობილების წარმოების დაწყებას.

მაგალითად, გასულ კვირას ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, გერმანულმა Opel-მა, ახალი ელექტრომობილი Opel Rocks-e დააანონსა. აღნიშნული ელექტრომობილი საინტერესოა არა მხოლოდ მისი ძრავის ეკო-მეგობრულობით, არამედ იმითაც, რომ ის მსოფლიოში პირველი მდგრადი ურბანული გადაადგილების მანქანა იქნება. მისი ელექტრო ძრავი 5.5 კილოვატ/საათი სიმძლავრის იქნება და ერთი დამუხტვით 75 კილომეტრის გავლა შეეძლება. რაც შეეხება დამუხტვის დროს, მას 3 საათი და 30 წუთი დასჭირდება.

ფოტო: Timesofindia

ახალი ელექტრომობილი წარადგინა ინდურმა ავტომწარმოებელმა Tata-მაც. აღნიშნული ბრენდი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა ინდოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Tata Tigor EV 4 კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი და სრული დამუხტვის პირობებში 306 კილომეტრის გავლა შეეძლება. ელემენტის დატენვა კი ორი გზით, სწრაფი და ცვლადი დენის საშუალებით იქნება შესაძლებელი. Fast Charge გზით მისი დამუხტვა 60 წუთში იქნება შესაძლებელი, ცვლადი დენით კი 8.5 სთ-ში.

საინტერესოა, რომ Tata Tigor ვიზუალურად ძალიან ჰგავს Tesla-ს ელექტრომობილს. ავტომობილის თორქი 170 ნიუტონ/მეტრი იქნება. დამატებითი სპეციფიკაციებიდან კი აღსანიშნია მისი საბურავები, რომელიც 10%-ით უფრო მდგრადი იქნება გარბენისადმი.

General Motors დროებით წყვეტს Chevy Bolt EV ელექტრომობილების წარმოებას

გასულ კვირას, General Motors-მა 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილები უკან გამოიწვია. ამჯერად კომპანია აცხადებს, რომ Chevy Bolt EV-ის წარმოებას დროებით აჩერებს. აღნიშნული შეფერხება შესაძლოა სექტემბერის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს.

ფოტო: GM Website

კომპანიამ 140,000-მდე ავტომობილი ელემენტების პრობლემის გამო გამოიწვია, რაც სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი შეიძლებოდა ყოფილიყო. აღნიშნული პრობლემა კი ემატება ზემოთ გაჟღერებულ ჩიპების დეფიციტს და შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის GM-ის წარმოება სრულიად შეჩერებულია.

კომპანიამ შეაჩერა დაზიანებული და ხარვეზის მქონე ელემენტების შეკეთების პროცესიც. როგორც GM-ის განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულის მიზეზი ახალი ელემენტების მოდულების მიმწოდებელი, სამხრეთ კორეული LG-ია, რომელიც ირწმუნება, რომ ახალი ელემენტები სრულიად უდეფექტო იქნება.

შეგახსენებთ, რომ GM-მა პირველად საკუთარი ავტომობილები 2020 წელს გამოიწვია უსაფრთხოების საკითხების გამო. შემდეგ კომპანიამ გარკვეული ზომების მიღება პროგრამულად სცადა, თუმცა არც ამ ნაბიჯმა გაამართლა. საბოლოოდ კი, 20 აგვისტოს 2020 წლის მოდელის ელექტრომობილის დაწვის შემდეგ, კომპანიამ მისი წარმოებული ყველა ავტომობილის უკან გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

Tesla-ს ავტოპილოტის ფუნქციამ კიდევ ერთი ავარია გამოიწვია

Tesla-ს ავტოპილოტის ფუნქციამ კიდევ ერთი საავარიო სიტუაცია შექმნა. ამჯერად ის გაჩერებულ პოლიციის მანქანას დაეჯახა. როგორც ფლორიდის საგზაო პატრული იტყობინება, ინციდენტის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა. თუმცა, აღნიშნული ავარია კიდევ უფრო მეტად აჩენს კითხვის ნიშნებს ცნობილი ელექტრომობილების მწარმოებლის ინოვაციური ფუნქციის შესახებ.

ფოტო: Florida Highway Patrol

როგორც დეტალებიდან ირკვევა, პოლიციის მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებულ მერსედესის მარკის ავტომობილის დასახმარებლად იყო გაჩერებული და საავარიო მაშუქებიც ჩართული ჰქონდა. Tesla Model 3-ის ავტომობილი კი მას გვერდიდან დაეჯახა.

გასული კვირების განმავლობაში Tesla-ს ავტოპილოტის ფუნქცია ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოების განხილვის საგანი გახდა. გზატკეცილის გადაადგილების უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ წინა კვირას Tesla-ს 11 ავარიის შესახებ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეხება ელექტრომობილის ავტოპილოტის ფუნქციის გამოყენების შედეგად, 2018 წლის 22 იანვრიდან 2021 წლის 10 ივლისამდე 9 სხვადასხვა შტატში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც Tesla-ს ავტომობილები პოლიციის, სასწრაფოს ან სხვა გადაუდებელი დახმარების მანქანებს დაეჯახა.

ინციდენტების უმეტესობა ღამის საათებში მოხდა. გამომწვევ მიზეზად კი უმეტესად საავარიო მაშუქი სინათლეები სახელდება. როგორც ჩანს, ავტომწარმოებელს შეერთებული შტატების სენატორების კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა Pagani-ს 30%-იანი წილი შეიძინა

ბოლო დროს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ავტოინდუსტრიის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ამის ნათელი დადასტურებაა საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდის მიერ იტალიური ავტომწარმოებლის, Paganiს 30%-იანი წილის შეძენაც. კომპანიის წილების საკმაოდ მსუყე ნაწილის შეძენისდა მიუხედავად, Pagani-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი მაინც პაგანების ოჯახია.

ფოტო: Pagani Website

გასულ თვეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს, რა მიზეზითაც მათ მრჩევლები დაიქირავეს. შესაბამისად, აღნიშნული ნაბიჯი, შესაძლოა, სწორედ ამ მიზნის განხორციელებისათვის გადაედგათ.  შეგახსენებთ, რომ იმავე ფონდმა 2018 წელს Tesla-ს წილებიც შეიძინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *