ქართული Forbes პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. აგვისტო-სექტემბრის ნომერში თქვენ ნახავთ ქართველი ახალგაზრდების 100-კაციან სიას, რომლებიც 10 სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ.
ახალგაზრდები, ექსპერტებისა და ჟიურის დახმარებით, შემდეგი სფეროებიდან შეირჩა: სტილი; სპორტი; ანტრეპრენიორი; მეცნიერება და განათლება; ხელოვნება და კულტურა; ტექნოლოგიები; ფინანსები; პოლიტიკა და საზოგადოება; მუსიკა; მარკეტინგი და რეკლამა. თითოეულ სფეროში 10 ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოხვდა.
ქართული Forbes 30 under 30-ის სიას წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნებს, სიის განახლება კი ჟიურის დახმარებით მოხდება. ამასთან, მომავალ წელს Forbes Georgia სპეციალურ სამიტს ჩაატარებს, რომელიც 30 under 30-ის განუყოფელი ნაწილია.
მომავალი ახალგაზრდების ხელშია – მათ აქვთ ამბიცია, შექმნან რაღაც ახალი და ამის მისაღწევად ძალებს არ იშურებენ. სწორედ ამ სულისკვეთების დასაჭერად არსებობს Forbes 30 Under 30. პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.
თითოეული სფეროს წარმომადგენლებს Forbes ეტაპობრივად გაგაცნობთ.