ამერიკული Forbes-ის აღმასრულებელი რედაქტორი და თავმჯდომარე სტივ ფორბსი არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მისამართით გამაფრთხილებელ ღია წერილს ავრცელებს. Forbes Georgia-ს რედაქცია წერილის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
„ეს გახლავთ ღია, გამაფრთხილებელი წერილი არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მისამართით. ძვირფასო პრეზიდენტო მილეი, თქვენს მხრებზე არა მხოლოდ თქვენი დატანჯული ქვეყნის მომავლის, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფალი ბაზრის ეკონომიკების ბედი დევს. თქვენ უშიშრად გაუძეხით ლიბერტარიანულ, თავისუფალი ბაზრის პლატფორმას. გასულ თვეს თქვენ „მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე“ ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა გქონდათ, სადაც თქვენ მტკიცედ დაიცავით კაპიტალიზმი და ზუსტად აღწერეთ ის საფრთხე, რასაც თანამედროვე სოციალიზმი გვიქმნის. თქვენ სამართლიანად და მტკიცედ წარმოაჩინეთ აზრი, რომ მთავრობები არ უნდა ფლობდნენ აქტივებს, როგორც ძველი მარქსისტები ფიქრობდნენ, რომ მათ ყოვლისმომცველი რეგულაციებით შეეძლოთ ეკონტროლებინათ ეკონომიკაც და ჩვენი პირადი ცხოვრებაც.
არგენტინის პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე თქვენ არ დაკარგეთ დრო და გაატარეთ ყოვლისმომცველი რეფორმები. მაგრამ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი „თავისუფლების რევოლუცია“ წარუმატებლობის გზას დაადგება, თუ თქვენ დაუყოვნებლივ არ განახორციელებთ საარჩევნო პლატფორმის ყველაზე დიდ დაპირებას, რაც არგენტინული პესოს აშშ დოლარით ჩანაცვლებას გულისხმობს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თქვენ მუდმივად გაფრთხილებენ, რომ ეკონომიკის დოლარიზაცია შეუძლებელია. უარმყოფელთა ეს გუნდური ყვირილი არასწორია, სრულიად არასწორი. თქვენ ამის გაკეთება ახლავე შეგიძლიათ. ოპონენტები აცხადებენ, რომ არგენტინა არ ფლობს საკმარის აშშ დოლარს პესოში გადასაცვლელად. ეს სიმართლე არ არის. თქვენი მთავრობა უკვე ფლობს საკმარისზე მეტ მწვანე კუპიურას (აშშ დოლარი), რომ შეიძინოს მიმოქცევაში არსებული პესოს ყველა კუპიურა და მონეტა. სტივ ჰენკი და ფრანსისკო ზალი – ინფლაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში გამოცდილი ექსპერტები, აღნიშნავენ მარტივ ჭეშმარიტებას – პესოს ყველა აქტივი და ვალდებულება წარმოადგენს მარტივ ნომინალს ან IOU-ს (სესხების აღმნიშვნელი არაფორმალური დოკუმენტი), რომლის გადაცვლაც სხვა ნებისმიერ ვალუტაში ნებისმიერ დროს და ადგილას არის შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი არგენტინელს აქვს 1 მილიონი პესოს მოცულობის ვალი, აშშ დოლარის მიერ არგენტინული პესოს ჩანაცვლების შემდეგ, მისი ვალი $1200 იქნება. ვალი იგივე დარჩება, უბრალოდ ის სხვა ვალუტაში იქნება დენომინირებული. სხვათა შორის, ორივე ექსპერტი, ჰენკიც და ზილიც წარმატებით დაეხმარნენ ეკვადორს „დოლარიზაციაში“ 24 წლის წინ.
შეშფოთებული „მეჭეჭები“ (ინგ.: Warts, იგულისხმება ოპონენტები) უგულებელყოფენ მარტივ ფაქტებს. არგენტინის მოსახლეობა ათობით მილიარდ აშშ დოლარს ინახავს საზღვარგარეთ ან სახლში, ლეიბის ქვეშ. სულ უფრო მეტი ტრანზაქცია ხორციელდება არგენტინაში დოლარის კუპიურებით ან დენომინირდება დოლარში. „დოლარიზაცია“ ინფლაციას თითქმის ერთ ღამეში დაასრულებს და თქვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, კვლავ სწრაფად განიცადოს რეალური ზრდა. ახლა ადამიანები იტანჯებიან, „დოლარიზაცია“ კი მათი ტანჯვის ყველაზე დიდ წყაროს შეამსუბუქებს.
არგენტინული პესოს აშშ დოლარით ჩანაცვლების პარალელურად, თქვენ უნდა შეამციროთ გადასახადები. მართალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ინსტიტუტები დაიწყებენ მოწოდებას, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რომ ეს გაზრდის ინფლაციას, მაგრამ ისინი ღრმად ცდებიან. კეთილდღეობა და სიმდიდრე არ იწვევს ინფლაციას. ინფლაციას იწვევს თქვენი ვალუტის ღირებულების შემცირება (დევალვაცია).
ბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ ახლავე არ მოახდენთ ეკონომიკის „დოლარიზაციას“, წარმატებას ვერ მიაღწევთ და ეს წარუმატებლობა თავისუფალი ბაზრის ფილოსოფიის დისკრედიტაციასაც მოახდენს, რომელიც ასე აუცილებელია უკეთესი სამყაროსათვის.
თავისუფლების პატივისცემით,
სტივ ფორბსი”