Forbes-ის რედაქციის განცხადება გიორგი ისაკაძის "მაესტროდან" გათავისუფლების შესახებ

Forbes-ის რედაქციის განცხადება გიორგი ისაკაძის "მაესტროდან" გათავისუფლების შესახებ

2016 წლის 31 მაისს საჯარო გახდა „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილისა“ და „ბიზნესკონტაქტის ანალიტიკის“ ავტორისა და მენეჯერის, გიორგი ისაკაძის, ცალმხრივად გათავისუფლების ბრძანება, რომელსაც  შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური აწერს ხელს.

Forbes-ის საგამომცემლო პოლიტიკისთვის ხელშეუხებელია კერძო კომპანიათა საკადრო პოლიტიკა, მაშინაც, თუკი ის გამოკვეთილად თვითდესტრუქციულია, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ქართულ მედიაბაზარზე მოქმედ პოლიტიკურ გავლენებს, მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისადმი მნიშვნელოვანი კითხვების გამჩენი გადაწყვეტილებები სათანადო რეაგირებას იმსახურებს.

ჩვენ, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი, საერთაშორისო ბიზნესგამოცემის რედაქციას, საეჭვოდ მიგვაჩნია, რომ „მაესტროს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლაც კომერციული მოსაზრებებით არის ნაკარნახევი – როგორც ამას არხის ხელმძღვანელობა ამბობს – და არ ექცევა ქართული მედიის პოლიტიკური ტურბულენციის ზონაში, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო შემაშფოთებელ მასშტაბს იძენს.
ეჭვის მიზეზი მარტივია: გიორგი ისაკაძის საავტორო პროექტების წარმატება აბსოლუტურად გაზომვადი და რიცხვებში გამოხატვადია – ამას მოწმობს როგორც მისი გადაცემების რეიტინგი, ასევე ფაქტი, რომ 30-წუთიანი საეთერო დრო, ტელეკომპანია მაესტროს სურვილითვე, ყოველდღიურ, 4-საათიან მაღალციტირებად ეთერში გადაიზარდა.

გიორგი ისაკაძის საავტორო ტელეპროექტების წარმატება ერთი ტელეკომპანიის ფარგლებს ბევრად სცდება. მისმა გადაცემებმა საფუძველი ჩაუყარა ბიზნესის მიმართ ფართო საზოგადოებრივ ინტერესს, რითიც გააძლიერა ქვეყანაში ბიზნესის წარმართვის კულტურა და ხელი შეუწყო ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის დარგების განვითარებას.

ჩვენ, ბიზნესანალიტიკური გამოცემის რედაქციამ ზუსტად ვიცით, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული  თავისუფალი ბაზარზე ახლად ფეხადგმულ საქართველოში მთლიანად ბიზნესისთვის მიძღვნილი ყოველდღიური, 4-საათიანი ქრონომეტრაჟის შექმნა. ის ფაქტი, რომ გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილისა“ და „ბიზნესკონტაქტის ანალიტიკის“ გუნდმა ამ თითქმის შეუძლებელ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი, გახდა მიზეზი, ჩვენს საგამომცემლო სახლს მისთვის მთავარი რედაქტორის პოზიცია შეეთავაზებინა.Forbes-ის საერთაშორისო გუნდი ყოველდღიურად რწმუნდება ამ გადაწყვეტილების მართებულობაში.

საქართველოს მედიაბაზრზე მიმდინარე, ცალსახად პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ საფრთხეშია მთავარი – ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რომელიც მხოლოდ მედიის დამოუკიდებლობით მიიღწევა. Forbes-ი და თავისუფალი მედიის თითოეული წარმომადგენელი ბოლომდე ვიბრძოლებთ არადემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *