Forbes-ის სიის ყოფილი ორი წევრი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

Forbes-ის სიის ყოფილი ორი წევრი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, Veeam Software-ისა და Object First-ის დამფუძნებლები, Forbes-ის სიის ყოფილი წევრები, ანდრეი ბარონოვი და რატმირ ტიმაშევი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes-ი ავრცელებს. აღნიშნულის მიზეზად ბიზნესმენები რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებენ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობაზე უარი Forbes-ის სიის 9 ანტრეპრენიორმა განაცხადა.

ანდრეი ბარონოვი და რატმირ ტიმაშევი Forbes-ის „რუსეთის 200 ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის“ სიაში ხუთი წლის განმავლობაში, 2017-დან 2021 წლამდე სახელდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეობაზე უარის განაცხადი ბიზნესმენებმა კვიპროსში რუსეთის საელჩოში უკვე შეიტანეს. თავად ანტრეპრენიორები უკვე დიდი ხანია, რუსეთში აღარ ცხოვრობენ. ბარონოვი – შვეიცარიაში, ტიმაშევი კი აშშ-ში ცხოვრობს.

აქამდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კომპანიების: Freedom Holding-ის, DST Global-ის, Revolut-ის, Areti-ს, Coalco-სა და Troyki Dialog-ის მფლობელებმაც განაცხადეს. Forbes-ის მონაცემებით, 2020 Veeam Software-ის დამფუძნებლის, ანდრეი ბარონოვის ქონება $770 მილიონს, Object First-ის დამფუძნებლის ქონება კი $680 მილიონს შეადგენდა. Veeam Software მონაცემთა ბაზებისა და მენეჯმენტის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. კომპანია ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა 2006 წელს $10-მილიონიანი ინვესტიციით დააფუძნეს. 2023 წლის თებერვალში კი ბიზნესმენებმა კიდევ ერთი კომპანია, Object First-ი დააარსეს.