Forbes Media საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

Forbes Media საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

ამერიკული „Forbes Media“, რომელიც ჟურნალ „Forbes“-ის 32 ლიცენზირებულ გამოცემას მსოფლიოს 71 ქვეყანაში გამოსცემს, საფონდო ბირჟაზე გასვლას ჰონგ-კონგურ „Magnum Opus Acquisition“-თან შერწყმით აპირებს. ამ შერწყმის შედეგად, „Forbes Media“-ს ღირებულება სულ მცირე $650 მილიონით განისაზღვრება, თუმცა არსებობს კონსორციუმ „GSV Asset Management“-თან გარიგების ჩაშლის რისკიც, რომლის თანახმად, „Forbes Media“-ს ღირებულება სულ მცირე $600 მილიონით განისაზღვრებოდა, ამასთან, კომპანია კვლავაც კერძო იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში რეგისტრირებული „Magnum Opus Acquisition“ ე.წ. „SPAC“ კომპანიების რიგს განეკუთვნება, რომლებიც სპეციალურად იმისთვის იქმნება, რათა სხვა კომპანიები შეისყიდოს და მათ საჯარო კომპანიად გარდაქმნაში დაეხმაროს. „Forbes Media“-ს საკონტროლო პაკეტის ამჟამინდელი მფლობელი ჰონგ-კონგში რეგისტრირებული „Integrated Media Investments“-ია, რომელმაც წილი ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა – ამ გარიგებისას „Forbes Media“-ს ღირებულება $475 მილიონად განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის არასაკონტროლო პაკეტს ჯერ კიდევ ფლობს ფორბსების ოჯახი.

ჟურნალი „Forbes“ ბერტი ჩარლზ ფორბსმა დაარსა, 1917 წელს. მოგვიანებით, კომპანია ჯერ მისმა შვილმა, მალკოლმმა გადაიბარა, ხოლო შემდგომ მისმა შვილიშვილმა, სტივმა.