Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის სათავეში ჩინეთის პრეზიდენტი დგას. სი ძინპინი ყველაზე გავლენიან პირად გამოცემამ წელს პირველად დაასახელა. ჯამში რეიტინგში 75 ადამიანია მოხვედრილი.
მეორე ადგილზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. პუტინი აქამდე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირის სტატუსს 4 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართავს და ბოლო არჩევნებში მან ხმების 77% მიიღო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პუტინის მმართველობა ყველაზე ხანგრძლივია.
წლევანდელ რეიტინგში მესამე ადგილზე გადმოინაცვლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. გამოცემა წერს, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კარიერა არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და ის ვერ ახერხებს თავის არიდებას სკანდალებისთვის, რომელიც უმეტესად მის პირად ცხოვრებასა და ბიზნესს უკავშირდება.
მეოთხე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონი ანგელა მერკელი მოხვდა. Forbes მერკელს ევროპის დე-ფაქტო ლიდერსაც უწოდებს.
ხუთეულს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ასრულებს. Amazon დამფუძნებელი გამოცემის მიხედვით ამჟამად პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება $131 მილიარდს აღემატება.
ათეულში შედიან ბილ გეითსი, რომის პაპი ფრანცისკე, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, ინდოეთის პოლიტიკური ლიდერი ნარენდრა მოდი და Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი.