Forbes: ქალები, რომელთა გავლენაც შესაძლოა 2024 წელს გაიზარდოს

Forbes: ქალები, რომელთა გავლენაც შესაძლოა 2024 წელს გაიზარდოს

ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ასი ქალის სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გამოცემის რეიტინგში ზედიზედ მეორე წელია, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერობს. მეორე ადგილს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი იკავებს, მესამე პოზიციას კი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი სჯერდება.

2023 წლის ასეულის გამოქვეყნების შემდეგ, Forbes-მა იმ ქალების ჩამონათვალიც შემოგვთავაზა, რომელთა გავლენაც შესაძლოა 2024 წელს გაიზარდოს:

კლაუდია შეინბაუმი და შოუჩიტლ გალვესი: მომავალ წელს მექსიკას გარანტირებულად ეყოლება პრეზიდენტი ქალი მას შემდეგ, რაც შეინბაუმი და გალვესი, ქვეყნის ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიის კანდიდატები, 2024 წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მეცნიერი დოქტორის წოდებით ენერგოინჟინერიაში – შეინბაუმი არის მემარცხენე კანდიდატი, რომელიც 2018 წლიდან 2023 წლამდე მეხიკოს მერის პოსტს იკავებდა.

გალვესი, რომელიც ოტომის მემკვიდრეა, მექსიკის აბორიგენი ხალხების ეროვნულ ინსტიტუტს 2000 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი ქვეყნის კონგრესში სენატორი იყო.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს ივნისში, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მექსიკის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება.

ჯანეტ ტრანკეილი: საბუღალტრო ფირმა EY-მ ნოემბერში განაცხადა, რომ 2024 წლის ივლისიდან ტრანკეილი მისი გლობალური თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი გახდება. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა EY-ში კარიერა სტაჟიორად დაიწყო, ამჟამად კი 14,000 ადამიანისგან შემდგარ გუნდს ხელმძღვანელობს, როგორც EY Americas Financial-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი. მომავალი წლის ივლისში ჯანეტი პასუხისმგებლობას აიღებს EY-ის 365,000 თანამშრომელზე მთელს მსოფლიოში.

მიშელ ბულოკი და ჰაფიზე გაიე ერკანი: ბულოკმა და ერკანმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრეს, რაც წელს, შესაბამისად, ავსტრალიისა და თურქეთის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებად დაინიშნნენ. ისინი აღნიშნული ქვეყნების ისტორიაში პირველი ქალები არიან, ვინც ეს თანამდებობა დაიკავეს.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მათ პოზიციები ავსტრალიისა და თურქეთისთვის მძიმე პერიოდში ჩაიბარეს, როდესაც მაღალმა ინფლაციურმა ტენდენციებმა დიდი ეკონომიკური ზეწოლა მოახდინა ორივე ქვეყანაზე. ერკანს, Goldman Sachs-ის ყოფილ ბანკირს, ევალება აღადგინოს მომხმარებელთა და ინვესტორთა ნდობა თურქული ლირის მიმართ, ბულოკმა კი ახლახან განუცხადა ეკონომისტთა ჯგუფს სიდნეიში, რომ ავსტრალიაში ინფლაციის 3%-ზე დაბლა დაცემას შეიძლება კიდევ ორი წელი დასჭირდეს.

დენის დრესერი და ლიდიან ჯოუნსი: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გენდერული თანასწორობის კუთხით ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, აღმასრულებელი დირექტორების პოზიციას ქალები მაინც იშვიათად იკავებენ – S&P 500-ში შემავალი კომპანიებიდან ქალები მხოლოდ 41-ს ხელმძღვანელობენ. კიდევ უფრო იშვიათია, როდესაც აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ქალიდან კვლავ ქალი გადაიბარებს.

Bumble-ის დამფუძნებელმა, უიტნი ვულფი ჰერდმა ნოემბერში განაცხადა, რომ გაცნობის აპლიკაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგება. ჰერდმა ასევე დასძინა, რომ მის პოსტს 2024 წლის იანვრიდან ლიდიან ჯოუნსი, Slack-ის იმჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი დაიკავებს. ეს უკანასკნელი კი Slack-ის CEO-ს პოსტზე დენის დრესერმა შეცვალა, Salesforce-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე მუშაობდა Oracle-ში.

ფეი-ფეი ლი: დოქტორი ლი სტენფორდში ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის თანადირექტორი და ImageNet-ის გამომგონებელია. იგი დიდი ხანია მანქანური სწავლების პიონერად მიიჩნევა. როგორც Forbes-ის სტატიაში ვკითხულობთ, ლი ლიდერია, რომლის მოსმენაც ღირს. „მათემატიკა სუფთაა, მაგრამ ტექნოლოგიის სოციალური გავლენა ბინძურია“, – განუცხადა მან MIT Technology Review-ს გასულ თვეში. „აღიარეთ ეს უწესრიგობა, რადგან იმას, რასაც ჩვენ ვქმნით, აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა.“

მირა მურატი: ერთთვიან პერიოდში მურატი ჯერ Open AI-ის CTO-ს პოსტიდან დროებით კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად გადავიდა, შემდეგ უმუშევარი გახდა, ბოლოს კი ამავე კომპანიაში კვლავ მთავარი ტექნოლოგიური ოფიცრის თანამდებობა დაიკავა. მურატი არის მექანიკოსი ინჟინერი, რომელმაც თავისი უნარები Open AI-ის მიერ ChatGPT-სა და DALL-E-ს შექმნისას გამოიყენა. „მირა დაეხმარა კომპანიის მასშტაბირებას სტარტაპიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან AI-კომპანიამდე“, – დაწერა ცოტა ხნის წინ Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ ჟურნალ TIME-ში.

რეშმა საუჯანი: საუჯანის სამუშაოს მთავარი არსი ქალების გაძლიერებაა. მან 2012 წელს დააარსა Girls Who Code, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებაში ქალების ჩართულობის გაზრდას ემსახურება. ბოლო 11 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ განათლება 500 000-ზე მეტ გოგონას, ქალსა და არაბინარულ მონაწილეს მისცა.

საუჯანი ორგანიზაციას 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც მან თავისი ენერგია აშშ-ში მშობლების შვებულებისა და ბავშვის მოვლის პოლიტიკის ადვოკატირებაზე გადაიტანა. მან დედებისთვის Marshall Plan for Moms დააარსა, რომელიც მოგვიანებით Moms First-ად გადაკეთდა.