გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. მაგალითისთვის, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა როვერმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე მინერალ ოლივინის ნიმუშები შეაგროვა. ეს უკანასკნელი დედამიწის ზედა მანტიაშია გავრცელებული. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ შვედურმა კომპანია Northvolt-მა მსოფლიოში პირველი სრულად გადამუშავებული ლითიუმ-იონის ელემენტი შექმნა, რომელიც ელექტრომობილებში გამოიყენება. ეს ჩვენი პლანეტის გარემოზე ზრუნვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
გამოსარჩევია მედიცინის დარგში მომხდარი მოვლენებიც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერის სამკურნალო ნაზალური ვაქცინის კლინიკური ტესტირება იწყება, რაც მსოფლიოში პირველი მსგავსი შემთხვევაა. ამას გარდა, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი თავისი კორონავირუსის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას მედიკამენტების სხვა მწარმოებლებსაც აძლევს და მათ ღარიბ ქვეყნებში პრეპარატის შეღავათიან ფასად გაყიდვის ნებას რთავს. მოცემულ ბლოგში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ გიამბობთ.
NASA-ს როვერმა Perseverance-მა მარსზე გამოსაკვლევი ნიმუშები შეაგროვა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა როვერმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე დედამიწაზე გამოსაგზავნი ნიმუშები შეაგროვა. ამის შესახებ ინფორმაცია პროცესის ამსახველ ფოტოებთან ერთად სპეციალურად მისიისთვის შექმნილ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.
NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, Perseverance-მა გამოსაკვლევი ნიმუშების შეგროვების მიზნით ქვა გაბურღა და მოპოვებული ფრაგმენტები ტიტანის მილში შეინახა. როგორც ირკვევა, სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებული მასალა მომწვანო ფერის მინერალი, ოლივინია. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე მეცნიერებს აინტერესებთ, თუ როგორ მოხვდა ის წითელ პლანეტაზე. ცნობისთვის, ოლივინი მაგნიუმ-რკინის სილიკატია, რომელიც დედამიწის ზედა მანტიაშია გავრცელებული.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც Perseverance-მა მარსზე ნიმუშები მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, როვერის პირველი მცდელობა, წითელი პლანეტიდან დედამიწაზე გამოსაგზავნად მასალა შეეგროვებინა, წარუმატებლად დასრულდა. მარსმავალმა ციური სხეულის ზედაპირი წარმატებით გაბურღა, თუმცა პროცესის დასრულების შემდეგ მილი, რომელშიც ნიმუშები უნდა ყოფილიყო მოთავსებული, ცარიელი აღმოჩნდა. NASA როვერის მიერ შეგროვებული მასალის დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ Perseverance-ი მარსისკენ რაკეტა Atlas V-ით ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მარსმავალი დასაჯდომი მოდულის დახმარებით წითელ პლანეტაზე მდებარე 45 კილომეტრი დიამეტრის მქონე ჯეზეროს კრატერში მიმდინარე წლის თებერვალში დაეშვა. 2,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მისიის მიზანი ამ ტერიტორიის გამოკვლევა და იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ჯეზეროს კრატერის ადგილზე რამდენიმე მილიარდი წლის წინ ტბა და მდინარის დელტა იყო. მათი ეს მოსაზრება ცოტა ხნის წინ Perseverance-მა დაადასტურა.
აშშ-ში ალცჰაიმერის სამკურნალო ნაზალური ვაქცინის კლინიკური ტესტირება იწყება
ამერიკის შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერის სამკურნალო ნაზალური ვაქცინის კლინიკური ტესტირება იწყება, რაც მსოფლიოში პირველი მსგავსი შემთხვევაა. მიზანი პრეპარატის ეფექტიანობის განსაზღვრაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცდები აშშ-ის ქალაქ ბოსტონში განლაგებულ ბრიგემის ქალთა საავადმყოფოში ჩატარდება.
„იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური კვლევების შედეგად ნაზალური ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადასტურდება, ეს შეიძლება ალცჰაიმერის მკურნალობის არატოქსიკური მეთოდი გახდეს. ამას გარდა, შესაძლოა, პრეპარატი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს დაავადების თავიდან არიდებაში დაეხმაროს“, – განაცხადა ჰოვარდ ვაინერმა, რომელიც ცდებს უხელმძღვანელებს.
ვაქცინაში იმუნოთერაპიული წამალი სახელწოდებით პროტოლინი შედის, რომელიც სხეულის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. მისი სამიზნე ალცჰაიმერის გამო ტვინში ჭარბად დაგროვებული ბეტა ამილოიდური ცილებია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს გზა დაავადების პროგრესირების შეჩერებაში დაგვეხმარება.
ბრიგემის ქალთა საავადმყოფოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში მონაწილეობას 16 პაციენტი მიიღებს. მათივე ინფორმაციით, ცდისპირთა ასაკი 60-დან 85 წლამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ტესტირებაში მონაწილეებს ალცჰაიმერის ადრეული სიმპტომები უნდა ჰქონდეთ გამოვლენილი, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელები უნდა იყვნენ. როგორც ცნობილია, კვლევის ფარგლებში მათ პრეპარატ პროტოლინის ორი დოზა ერთკვირიანი ინტერვალით გაუკეთდებათ.
კლინიკური ტესტირების პირველი ფაზა დაახლოებით ექვს თვეს გასტანს, ამის შემდეგ კი მეორე ფაზა დაიწყება, რომელში მონაწილეობასაც 150 ადამიანი მიიღებს.
Pfizer-ი თავისი კოვიდის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას სხვა მწარმოებლებსაც აძლევს
Pfizer-ი თავისი კორონავირუსის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას მედიკამენტების სხვა მწარმოებლებსაც აძლევს და მათ ღარიბ ქვეყნებში პრეპარატის შეღავათიან ფასად გაყიდვის ნებას რთავს. ამერიკულმა კომპანიამ ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
Pfizer-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ გაეროს მიერ მხარდაჭერილ მედიკამენტების საპატენტო ფონდთან (MPP) შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი მწარმოებლებს PF-07321332-ის სახელწოდებით ცნობილი ანტივირუსული აბის დამზადებისთვის ლიცენზიას მისცემს. როგორც ცნობილია, ამ კომპანიების მიერ წარმოებული პრეპარატი შეღავათიან ფასად დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე 95 ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53% ცხოვრობს. აღნიშნული სახელმწიფოების დიდი ნაწილი აფრიკასა და აზიაში მდებარეობს.
ზემოხსენებულ ქვეყნებში კორონავირუსის სამკურნალო აბები ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების მიერ პრეპარატისთვის ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებში მედიკამენტის გაყიდვებიდან სარგებლის მიღებაზე Pfizer-მა უარი განაცხადა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Pfizer-მა კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო აბი, რომელიც აივ-ინფექციის წამლის, რიტონავირის მცირე დოზასთან ერთად გამოიყენება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. კომპანიამ პრეპარატის დასამტკიცებლად ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) ახლახან მიმართა.
შვედურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი სრულად გადამუშავებული ელემენტი შექმნა
შვედურმა კომპანია Northvolt-მა პროგრამა Revolt-ის ფარგლებში მსოფლიოში პირველი სრულად გადამუშავებული ლითიუმ-იონის ელემენტი შექმნა, რომელიც ელექტრომობილებში გამოიყენება. ის ნიკელ-მანგანუმ-კობალტის (NMC) კათოდს შეიცავს, რომელიც ელემენტის ნარჩენების გადამუშავების შედეგად აღდგენილი ლითონებისგან არის მიღებული.
Northvolt-მა ყველა საჭირო ღონისძიება შვედეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვესტეროსში განლაგებულ ლაბორატორიაში განახორციელა. როგორც ცნობილია, ახალ ელემენტში გამოყენებული ნიკელი, მანგანუმი და კობალტი ნარჩენებიდან დაბალენერგიული ჰიდრომეტალურგიული დამუშავების გზით შეაგროვეს. პროცესი წყალხსნარის დახმარებით ლითონების განცალკევებასა და მათი მინარევებისგან გასუფთავებას ითვალისწინებს.
Northvolt-ის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია, 2030 წლისთვის ელემენტის წარმოებაში 50% გადამუშავებულ მასალაზე მოდიოდეს. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, კომპანია შვედეთის ქალაქ შელეფტეოში ქარხანა Northvolt Ett-ის გაფართოებას აპირებს. როგორც Northvolt-ში აცხადებენ, ამის შემდეგ იქ წელიწადში 125 ათასი ტონა ელემენტის წარმოება იქნება შესაძლებელი.
გეგმის მიხედვით, ქარხნის მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. წინასწარი ცნობით, ის 2023 წლიდან ამუშავდება. გადასამუშავებელ მასალად კომპანია ელექტრომობილის ძველ ელემენტებს, ასევე Northvolt Ett-ის წარმოების ნარჩენებს გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპმა ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია რამდენიმე კომპანიისგან, მათ შორის Volkswagen-ისგან მიიღო. ამ უკანასკნელმა Northvolt-ს 50%-იანი თანამონაწილეობით კიდევ ერთი ქარხნის გახსნა შესთავაზა, რომელიც გერმანულ ავტომწარმოებელს ელემენტებით მოამარაგებს. ამას გარდა, მიმდინარე წლის დასაწყისში Volkswagen-მა შვედურ კომპანიას 14 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ელემენტები შეუკვეთა.
AstraZeneca-მ საზოგადოებას კოვიდის საწინააღმდეგო წამლის კლინიკური ტესტირების შედეგები გააცნო
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიერ შექმნილმა ანტისხეულებზე დაფუძნებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალმა კლინიკური ტესტირებისას ძლიერი ეფექტიანობა აჩვენა და გრძელვადიანი პრევენციის შესაძლებლობა გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაცია მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
6-თვიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პრეპარატ AZD7442-ის 300-მილიგრამიანი დოზა, რომელიც კუნთში შეჰყავთ, ვირუსის მძიმე ფორმით განვითარებისა და სიკვდილის რისკს 83%-ით ამცირებს. აღსანიშნავია, რომ კლინიკურ ცდებში მონაწილეთა 75%-ს თანმდევი დაავადებები აქვთ, რის გამოც ისინი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. კიდევ ერთმა ტესტირებამ COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან სამი დღის შემდეგ მკურნალობის დაწყებისა და მედიკამენტის 600-მილიგრამიანი დოზის გამოყენებისას AZD7442-ის 88%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევაში მონაწილე იმ ცდისპირებში, რომლებსაც AZD7442 ჰქონდათ მიღებული, სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება პლაცებოს ჯგუფს, იქიდან კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. AstraZeneca-ს განცხადებით, კვლევების საბოლოო შედეგები სამედიცინო გამოცემაში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. კომპანიამ პრეპარატის კოვიდის სამკურნალოდ გამოყენების ნებართვის მისაღებად აშშ-ის სპეციალურ მარეგულირებელ ორგანოებში განაცხადი უკვე წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-მ დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კოდური სახელწოდებით AZD1222 შექმნა. გაერთიანებულმა სამეფომ პრეპარატს ავტორიზაცია 2020 წლის დეკემბერში მიანიჭა.
Northrop Grumman-ი NASA-ს პროგრამა „არტემისისთვის“ მთვარემავალი მანქანის შექმნას გეგმავს
კომპანია Northrop Grumman-მა განაცხადა, რომ კერძო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც ასტრონავტებისთვის მთვარემავალი მანქანის (LTV) შექმნაზე მუშაობს. მწარმოებლის განმარტებით, მას ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) პროგრამა „არტემისისთვის“ შესთავაზებენ, რომლის ფარგლებშიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანების გაშვებაა დაგეგმილი.
Northrop Grumman-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი მთვარემავლის შესაქმნელად სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობენ. მათ შორის AVL-სთან, რომელიც სატრანსპორტო სისტემებზე მუშაობს, ასევე საბურავების მწარმოებელ Michelin-თან და Lunar Outpost-თან, რომელიც რობოტი როვერებისა და მთვარის გამოსაკვლევი სხვადასხვა ტექნოლოგიის შექმნაზეა ორიენტირებული. Northrop Grumman-ის კიდევ ერთი პარტნიორი აეროკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Intuitive Machines-ია. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ დამზადებული ლენდერის, Nova-D-ის დახმარებით იგეგმება ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე მთვარემავალი მანქანის დასმა.
Northrop Grumman-ისა და მისი პარტნიორების წამოწყება NASA-ს მიერ გასულ წელს გაკეთებულ მოწოდებას ეხმიანება. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ტექნოლოგიურ კომპანიებს სთხოვა, მთვარის სამხრეთ პოლუსთან გადასაადგილებლად განკუთვნილი მანქანის კონცეფცია შეემუშავებინათ, რომლებსაც ასტრონავტები გამოიყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ NASA კვლევითი ბაზის აშენებას სწორედ ამ რეგიონში გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით წყლის ყინულს შეიცავს. უნდა ითქვას, რომ მთვარემავლის შექმნაზე ერთობლივად Lockheed Martin-ი და General Motors-იც მუშაობენ. კომპანიებმა ამის შესახებ მიმდინარე წლის მაისში განაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ Northrop Grumman-ი აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოსთან საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს. კომპანია NASA-ს $10-მილიარდიანი ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის პროექტში მთავარი კონტრაქტორია. ამას გარდა, Northrop Grumman-ის მიერ შექმნილი ხომალდი Cygnus-ით სააგენტოს დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთი 2013 წლიდან ააქვს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ NASA იძულებული გახდა, პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გაშვების თარიღი გადაეწია. სააგენტოს ცნობით, 2024 წლისთვის დაგეგმილი მისიის განხორციელება 2025 წელზე ადრე ვერ მოხერხდება. ცნობისთვის, NASA პროგრამის საწყის ეტაპზე მთვარის ზედაპირზე ორ ასტრონავტს დასვამს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხს, ისტორიაში პირველად, ქალი და ფერადკანიანი ადამიანი დაადგამს.
მსოფლიოში ანტიბიოტიკების მოხმარების მაჩვენებელი 2000 წლის შემდეგ 46%-ით გაიზარდა
გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტის, მაჰიდოლ-ოქსფორდის ტროპიკული მედიცინის კვლევითი დაწესებულებისა (MORU) და აშშ-ის ქალაქ სიეტლში განლაგებული ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის (IHME) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში ანტიბიოტიკების მოხმარების მაჩვენებელი გასული ორი ათწლეულის განმავლობაში 46%-ით გაიზარდა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.
მკვლევრები პროექტ Global Research on Antimicrobial Resistance-ის ფარგლებში ანტიბიოტიკების მოხმარების მაჩვენებელს 2000-დან 2018 წლამდე დროის პერიოდში, მსოფლიოს 204 ქვეყანაში დააკვირდნენ. ამისთვის მათ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე სახელმწიფოებში ფართომასშტაბიანი გამოკითხვები ჩაატარეს, ასევე მედიკამენტების გაყიდვების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს. ამას გარდა, სპეციალისტებმა კვლევისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს.
ანტიბიოტიკების მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და შუა აღმოსავლეთის რეგიონში ფიქსირდება, დაბალი მაჩვენებლით კი სუბსაჰარული აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ნაწილი გამოირჩევა. ცნობისთვის, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში 2000-დან 2018 წლამდე დროის პერიოდში მონაცემები თითქმის სტაბილურად იყო შენარჩუნებული, რაც შეეხება დაბალ და საშუალოშემოსავლიან სახელმწიფოებს, ამ მხრივ იქ 76%-იანი ზრდა აღინიშნა.
გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ანტიბიოტიკების მოხმარების მაჩვენებლის ყველაზე დიდი ზრდა ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთის რეგიონში (111%), ასევე სამხრეთ აზიაში (116%) დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მედიკამენტების გადაჭარბებული რაოდენობითა და არასათანადოდ გამოყენება წამლებთან რეზისტენტული ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს.