Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

არც გასული კვირა აღმოჩნდა გამონაკლისი ტექნოლოგიური სფეროსთვის – ინდუსტრია სავსე იყო ახალი მიგნებებითა და მიღწევებით: Tesla-მ ტექნოლოგიური სიახლეები წარმოადგინა, IKEA-მ მწვანე ელექტროენერგიის ბაზარზე შესვლა დააანონსა, LG-მ 6G ტექნოლოგიის განვითარებაში კიდევ ერთ გარღვევას მიაღწია, ხოლო Facebook-მა ვირტუალური ოთახები შექმნა, რითაც მეტავერსის შექმნის პროექტს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Tesla AI Day: რა სიახლეები წარმოადგინა ტექნოლოგიურმა გიგანტმა?

გასულ კვირას, პალო ალტოში, Tesla-მ წლის მთავარი ღონისძიება – ხელოვნური ინტელექტის დღე – გამართა, რომელზეც სუპერკომპიუტერ დოჯოს ახალი ჩიპი, მათი მანქანების სრულად თვითმართვადი რეჟიმი და, ჰუმანოირი რობოტი წარმოადგინა. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც Tesla-ს ამ ღონისძიებაზე გამოჩნდა – D1 ჩიპია, რომელიც კომპანიის სუპერკომპიუტერ დოჯოს ასაზრდოებს. დოჯო უზარმაზარი ნეირონული ქსელია, რომელიც უამრავი რაოდენობით მონაცემებს ფოტო და ვიდეო მასალას ამუშავებს – მეტიც, Tesla-ს მთლიან არქიტექტურას ფაქტობრივად დოჯო მართავს. D1 ჩიპი 7 ნანომეტრიანია და 362 ტერაფლოპის სიმძლავრეს ავითარებს, რაც კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, მათ ნაშიერს ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერად აქცევს. მსგავსი ტიპის ჩიპებს აწარმოებენ კომპიუტერული გიგანტები Intel და Nvidia და სტარტაპი Graphcore.

ფოტო: Tesla

ჩიპის წარდგენის გარდა, Tesla-ს ხელმძღვანელებმა სიპერკომპიუტერ დოჯოს არქიტექტურაზეც ისაუბრეს: რამდენიმე ასეთი ჩიპი ერთ ფილად ერთიანდება, ხოლო რამდენიმე ფილა – სერვერის კაბინეტად, რაც საბოლოო ჯამში, 9 პეტაფლოპის სიმძლავრეს წარმოშობს. აი, ეს ყველაფერი, მთლიანობაში, სუპერკომპიუტერ დოჯოს ჰქმნის.

ახალი D1 ჩიპის გარდა, Tesla-მ მათი მანქანების სრულად თვითმართვადი რეჟიმი წარმოადგინა: პრეზენტაციის დასაწყისში, ათი წუთის განმავლობაში ნაჩვენებია ვიდეო, თუ როგორ მოძრაობს Tesla-ს ერთ-ერთი ავტომობილი ქუჩაში – ის ზოლიდან ზოლში გადადის, შუქნიშნის წითელ ნიშანზე ჩერდება, საფეხმავლო გადასასვლელებთან ჩერდება და ფეხით მოსიარულეებს ატარებს. ეს თვისებებიც, სუპერკომპიუტერ დოჯოს დამსახურებაა. „თუმცა, ეს ტექნოლოგია Tesla-ს მანქანებში მხოლოდ როდი გამოიყენება, – აღნიშნა Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა. „თქვენ, ვინც სრულად თვითმართვადი ტექნოლოგიის ბეტა-ვერსიის შესაძლებლობები ნახეთ, ხედავთ, თუ რა ჩქარა სწავლობს ტარებას Tesla-ს ნეირონული ქსელი. ეს ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი კონკრეტული გამოყენებაა, თუმცა, ჩემი აზრით, მისი გამოყენება კიდევ ბევრნაირად შეიძლება და ამ ყველაფერს მალე გავიგებთ“.

პრეზენტაციის ბოლოს, რომელიც პირდაპირ ეთერში იმართებოდა, სცენაზე რობოტის თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი ამოვიდა და ელექტრონული მუსიკის თანხლებით ცეკვა დაიწყო. „დოჯოსგან განსხვავებით, ეს ნამდვილი სულაც არ იყო. თუმცა, Tesla Bot ნამდვილი იქნება. Tesla რობოტიკის ინდუსტრიაში მსოფლიოს უდიდესი კომპანიაა, რადგან ჩვენი მანქანები, ნახევრად სულიერი ბორბლებიანი რობოტები არიან“, – თქვა მასკმა და დასძინა, რომ „ამ ყველაფრისათვის ადამიანის მსგავსი ფორმის მიცემა – ბუნებრივი შემდეგი ნაბიჯია“. აღსანიშნავია, რომ Tesla Bot-ი მეგობრული იქნება და ძირითადად იმ საქმეებით დაკავდება, რომლებიც განმეორებითი და მოსაბეზრებელია – საყიდლებზე სიარული, ჭურჭლის რეცხვა და ა.შ.

ფოტო: Tesla

აღსანიშნავია, რომ Tesla სულაც არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ადამიანის მსგავს რობოტებს აწარმოებს. ასეთია Honda-ს Asimo, რომელიც წლების განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა. მსგავსი რობოტები Toyota-ს და GM-საც ყავთ. თუმცა, არც ერთი მათგანის უკან დოჯოს მსგავსი სუპერკომპიუტერი არ დგას.

Boston Dynamics-ის რობოტს პარკურის ელემენტების შესრულება შეუძლია

ტექნოლოგიურმა კომპანია Boston Dynamics-მა რამდენიმე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ორფეხა რობოტები სხვადასხვა სახის უჩვეულო მოძრაობებს ასრულებენ.

Boston Dynamics-ის განმარტებით, ეს გახლავთ პროექტი Atlas, რომელიც, უფრო მეტად, კვლევით ხასიათს ატარებს. ეს უახლესი ტექნოლოგია კომპანიის ინჟინრებს კონტროლისა და აღქმის სისტემების განვითარებაში ეხმარება. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეოც სწორედ ამ პროექტის ნაწილია. კომპანიის სოციალური მედიის გუნდი ტანვარჯიშისა და პარკურის ელემენტების შემსრულებელი რობოტების ვიდეოებს ფართო აუდიტორიას რეგულარულად უზიარებს.

საინტერესოა ისიც, რომ სფეროს ექსპერტთა ნაწილმა Boston Dynamics აღნიშნული ვიდეოების გამოქვეყნების გამო გააკრიტიკა. მათი განმარტებით, კომპანიას ხალხი შეცდომაში შეჰყავს რობოტების შესაძლებლობების შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ მართალია ვიდეოები შთამბეჭდავია, თუმცა რობოტთა ქმედებები მჭიდროდ სტრუქტურირებული და ორკესტრირებულია.

Boston Dynamics 1992 წელს შეიქმნა, როგორც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური სასწავლებლის – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტი. კომპანიის მიზარი ისეთი საოცარი რობოტების წარმოდგენა და შექმნაა, რომელთაც ადამიანების ცხოვრების გამდიდრება შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კომპანიის საკონტროლო პაკეტი Hyundai Motor Group-მა შეიძინა.

IKEA შვედეთის მოსახლეობას განახლებად ენერგიას მიყიდის

სექტემბრიდან, ავეჯის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის გიგანტი IKEA, საკუთარ სამშობლოში, შვედეთში, მოსახლეობას განახლებად ენერგიას მიყიდის, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. მაღაზიათა ქსელის მფლობელი კომპანიის, Ingka Group-ის განცხადებით, შინა მეურნეობებს მზისა და ქარის სადგურებიდან განახლებადი ენერგიის შეღავათიან ფასად ყიდვა IKEA-ს აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.

ფოტო: IKEA

IKEA-სთვის მზის პანელებს Ingka-ს პარტნიორი კომპანია, Svea Solar ამზადებს. შეთანხმების თანახმად, Svea Solar ელექტროენერგიას Nord Pool-საგან იყიდის და შემდეგ მას დამატებითი ღირებულების გარეშე შვედეთის მოსახლეობას მიჰყიდის. აღსანიშნავია, რომ IKEA მზის პანელებსაც ყიდის. კომპანიის განცხადებით, მათი პანელების მომხმარებლებს საკუთარი პანელების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კონტროლი აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებს ზედმეტი ელექტროენერგიის კომპანიისათვის უკან მიყიდვაც შეეძლებათ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მალე აღნიშნული შეთავაზების წარმოდგენა ყველა იმ ბაზარზე შეეძლებათ, რომელზეც კი მათი მზის პანელები იყიდება.

IKEA-ს უფრო მასშტაბური გეგმებიც აქვს: „გვსურს, მდგრადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. IKEA-ში გვსურს, ჩვენს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად განახლებადი ენერგიის მოძრაობა შევქმნათ და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს ერთად გავუმკლავდეთ“, – აღნიშნულია შვედური გიგანტის განცხადებაში.

Comcast და ViacomCBS ევროპაში ახალ სტრიმინგ-პლატფორმას შექმნიან

მედია გიგანტები „Comcast“ და „ViacomCBS“ ევროპაში ახალი სტრიმინგ-პლატფორმის შესაქმნელად ერთიანდებიან – 2022 წლისათვის, ისინი „Netflix“-ის კონკურენტს, „SkyShowtime”-ს ოცი ქვეყნის ბაზარზე შეიყვანენ, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გადაცემებისა და ფილმების ზუსტი ჩამონათვალი კომპანიებს ჯერ არ წარმოუდგენიათ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უშუალოდ კომპანიების მიერ წარმოებული მასალის გარდა, პლატფორმაზე მათი სტრიმინგ-პლატფორმების, „Peacock“-ისა და „Paramount+“-ის პროდუქტიც შეგვხვდება.

აღსანიშნავია, რომ იურიდიულად, კომპანიები ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელშიც თანაბარი ფინანსური ინვესტიციის სანაცვლოდ, კონტროლის თანაბარ უფლებებს მიიღებენ.

სტივ ჯობსი iPhone nano-ს გამოშვებას გეგმავდა

2010 წელს, კომპანია Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი აქამდე არნახულ iPhone-ზე მუშაობდა – iPhone nano იმდროინდელ ფლაგმან iPhone 4-ზე მცირე და იაფი უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ინფორმაცია Apple-ისა და თამაშების დეველოპერულ კომპანია Epic Games შორის არსებული სამართლებრივი დავის მასალებში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წამყვანი ამერიკული გამოცემები iPhone nano-ს შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს წერდნენ, თუმცა ეს ულტრა-მცირე ზომის სმარტფონი ბაზარზე არ გამოჩენილა.

iPhone Nano-ს შესახებ ინფორმაცია სტივ ჯობსის მიერ, 2010 წელს გაგზავნილ შიდა წერილში გვხვდება, რომელიც კომპანიის სტრატეგიული გუნდის შეხვედრის ერთგვარი დღის წესრიგია. წერილში iPhone nano ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი, ხოლო მის კურატორად ვინმე ჯონი არის მონიშნული – სავარაუდოდ, საუბარია Apple-ის მთავარ დიზაინერ ჯონი აივზე. აღსანიშნავია, რომ „2011 წლის სტრატეგიის“ ერთ-ერთ ქვე-პუნქტად წერია „iPod Touch-ზე დაფუძნებული iPhone-ის ახალი და იაფიანი მოდელის შექმნა, რომელიც 3GS-ს ჩაანაცვლებს“ – თუმცა, უცნობია, ეს პუნქტი iPhone nano-ს შეეხება, თუ რომელიმე სხვა მოდელს.

ფოტო: The Verge

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, რაც Apple მისი პროდუქტების სახელწოდებებში სიტყვა „nano“-ს არ იყენებს. ამ სახელწოდების მქონე უკანასკნელი მოდელის – iPod nano-ს წარმოება ჯერ კიდევ 2017 წელს შეწყდა, ხოლო, მას მერე, მცირე ზომის პროდუქტებს Apple „mini“-ს არქმევს, როგორც iPhone 12 Mini-სა და HomePod Mini-ს შემთხვევაში მოხდა.

LG-მ 6G სიხშირით მონაცემების გადაგზავნის ახალი რეკორდი დაამყარა

გასულ კვირას, კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა LG-მ, ქუჩის პირობებში, 6G სიხშირით მონაცემები 100 მეტრზე გადააგზავნა, რაც აქამდე არნახული შედეგია. როგორც LG-ს განცხადებაში წერია, ეს რეკორდი ბერლინში დამყარდა და მასში ფრაუნჰოფერ-გეზელშაფტის ლაბორატორიის მკვლევრები მონაწილეობდნენ, ხოლო მონაცემებმა ჰაინრიხ ჰერცის ინსტიტუტისა და ბერლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობებზე მდგარ ანტენებს შორის გაიცვალა.

ფოტო: LG

აღსანიშნავია, რომ 6G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული მთავარი დაბრკოლება მცირე დიაპაზონში მდგომარეობს, რის გამოც, სიგნალის ტრანსმისიასა და მიღებას შორის, ხშირად, ითიშება და საჭიროებს ერთგვარ გამაძლიერებელს, რომელიც ორ პუნქტს შორის ინფორმაციის გადასაცემად საჭირო სტაბილურ სიგნალს წარმოშობს. LG-ს, ჰაინრის ჰერცის ინსტიტუტისა და ფრაუნჰოფერისა ინსტიტუტის მკვლევარებმა სწორედ ასეთი გამაძლიერებელი შექმნეს. გამაძლიერებლის გარდა, LG-მ სხივწარმოქმნის ტექნოლოგიაც წარმოადგინა, რომლითაც სიგნალს მიმღების ადგილმდებარეობის მიხედვით შეუძლია მიმართულების შეცვლა.

ფოტო: LG

კორეული გიგანტი LG Electronics ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა 6G ტექნოლოგიის ბაზარზე – 2019 წელს, კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად LG-KAIST 6G კვლევითი ცენტრი დაარსეს, ხოლო ამ წლის დასაწყისში, თანამშრომლობა Keysight Technologies-თან დაიწყეს, რომელიც უსადენო ტელეკომუნიკაციისთვის საჭირო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიაა.

GM Chevrolet Bolt-ის ბოლო წლებში გამოშვებულ მოდელებს უკან გაიწვევს – არსებობს აფეთქების საფრთხე

ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors, რომელსაც სხვა ბრენდებთან ერთად Chevrolet-იც ეკუთვნის, Chevrolet Bolt-ის ბოლო წლებში გამოშვებულ მოდელებს უკან გაიწვევს, რადგან ელექტრობატარეებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო, არსებობს მანქანის აფეთქების საფრთხე, – ამის შესახებ GM-ის ოფიციალურ განცხადებაში წერია.

ფოტო: General Motors

General Motors მომხმარებლებს აფრთხილებს, ნუ დატოვებენ დასამუხტად მანქანებს ღამით საკუთარ სახლთან და ურჩევს, რომ ზოგადად, მანქანები ღია ცის ქვეშ დატოვონ. ამას გარდა, კომპანია მომხმარებლებს სთხოვს არ დამუხტონ მათი მანქანის ბატარეები 90%-ზე მაღლა და არ ჩამოიყვანონ მანქანის გასავლელი მანძილი 70 მილზე ქვემოთ. ამ პროტოკოლს მომხმარებლებმა მანამ უნდა მიყვნენ, სანამ მათ მანქანებებში ბატარეათა ახალ ნაკრებს არ დააყენებენ. შეცდომის გამოსწორებაზე GM და LG, რომელიც Chevrolet Bolt-ის ელექტრობატარეებს აწარმოებს, უკვე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ Chevrolet Bolt-ის 2017-2019 წელს გამოშვებული მოდელები, ხანძარსაწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფის ფიასკოს გამო, General Motors-მა უკვე ორგზის გაიწვია. ბოლო გაწვევა კი ეხება 2019 წლის იმ მანქანებს, რომლებიც წინა ორი გაწვევის დროს არ გაუწვევიათ და 2020-2022-ში გამოშვებულ ყველა მოდელს, მათ შორის Bolt EUV-საც. თუკი თქვენი მანქანა ზემოთ მოცემულ კატეგორიებში ხვდება, მიჰყევით ამ ბმულს, ან დაუკავშირდით Chevrolet-ის ოფიციალურ დილერებს.

ელექტრომობილების უკან გაწვევა General Motors $2 მილიარდი დაუჯდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ GM ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც LG-ს მიერ წარმოებულმა ელექტრობატარეებმა პრობლემები შეუქმნა: ელექტრომობილი Kona EV რამდენიმე თვის წინ, Hyundai-მაც გაიწვია.

Facebook-მა სამუშაო პროცესი ვირტუალურ რეალობაში გადაიტანა

გასულ კვირას, Facebook-მა მედიასთან ბრიფინგი უჩვეულო ფორმატში ჩაატარა: ჟურნალისტები და კომპანიის წარმომადგენლები ვირტუალურ სამუშაო ოთახებში შეიკრიბნენ, რომელიც Facebook-ის Oculus Horizon-ის ერთ-ერთი პროექტია. აღსანიშნავია, რომ, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, Oculus Horizon Workrooms საკმაოდ რეალურია: დამსწრეები საკუთარი ავატარებს ჰქმნიან, რომელთაც ხელის აწევა, ჟესტიკულაცია და მიმიკა შეუძლიათ.

ფოტო: The Verge

აღსანიშნავია, რომ Workrooms მშვენივრად ერგება Facebook-ის ამბიციებს – ტექნოლოგიურ გიგანტს მეტავერსად გადაქცევა სურს. მეტიც, კომპანიის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა მცირე ხნის წინ ისიც კი თქვა, რომ Facebook-ის მომავალი სწორედ მეტავერსში წარმოუდგენია. მეტავერსის მნიშვნელობას უკეთ რომ მიხვდეთ, გაიხსენეთ წიგნი (და უკვე ფილმიც) Ready Player One! – ის სამყარო, რომელშიც ამ ნაწარმოების პერსონაჟები ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებენ, სწორედ რომ მეტავერსია. ამ იდეას, მარკ ცუკერბერგი „ხორცშესხმულ ინტერნეტს“ უწოდებს.

Facebook-ის VR Workrooms-ში შეხვედრებზე დასწრება ერთდროულად 16 ადამიანს შეუძლია, ხოლო კიდევ 34-ს ვიდეოზარით ჩართვა შეუძლიათ, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის გარეშე.

ფოტო: The Verge