Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის ბოლო, საშობაო კვირაში შევაბიჯეთ, ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარი სიახლეებით მაინცდამაინც არ გვანებივრებენ – ეს ყველაფერი თავს 2022 წლიდან იჩენს. მიუხედავად ამისა, საინტერესო ამბები გასულ კვირასაც დაგროვდა: აშშ-ისა და ავსტრალიის მარეგულირებლების მსგავსად, ევროკომისიამ Microsoft-ს Nuance-ის შეძენის ნებართვა დართო, McDonald’s-მა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mastercard-ს მიჰყიდა, ხოლო DuckDuckGo-მ უსაფრთხო ვებბრაუზერზე მუშაობა დაადასტურა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ევროკომისიამ Microsoft-ს Nuance-ის შეძენის ნებართვა დართო

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, Microsoft-ის მიერ Nuance-ის შეძენას მწვანე შუქი აუნთო, რადგან, როგორც ოფიციალურ განცხადებაში არის ნათქვამი, ამგვარი გარიგება არ შეამცირებს კონკურენციას არც ერთ ბაზარზე, რომლებიც ევროკომისიამ შეისწავლა. ევროკომისიის თქმით, „Microsoft-ი და Nuance-ი ძალიან განსხვავებულ პროდუქტებს აწარმოებენ“ და თან, თითოეულ მათგანს მძლავრი კონკურენტები ჰყავს.

თუმცა საქმე აქ არ მთავრდება, რადგან ამ გარიგებით, რომლის ღირებულება $19.7 მილიარდს შეადგენს, აშშ-ის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს ანტიმონოპოლიური უწყებები დაინტერესდნენ. აშშ-ისა და ავსტრალიის უწყებებმა ტრანზაქციას მწვანე შუქი აუნთეს, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია და, როგორც ჩანს, ის მხოლოდ 2022 წელს გასაჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის მიერ Nuance-ის შეძენის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა. ჯერ კიდევ მაშინ, Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სატია ნადელა წერდა: „ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიის მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ჯანდაცვა ის სექტორია, რომელშიც მისი გამოყენება ყველაზე საჭიროა. Nuance-თან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მაღალგანვითარებულ გადაწყვეტილებებს პროფესიონალებს გადავაბარებთ, რითაც გადაწყვეტილებების მიღებისა და კანონზომიერებების დადგენის უნარებს გავაუმჯობესებთ“.

ცნობისთვის, სხვა პროდუქტებთან ერთად, Nuance-ი მეტყველების ამომცნობ ტექნოლოგიას ავითარებს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია სამედიცინო დაწესებულებებს შორის – კომპანიის პროდუქციას ამერიკელი ექიმების 77%  იყენებს. ამასთანავე, Nuance-ი ცნობილია, როგორც Apple-ის ჭკვიანი ასისტენტის, Siri-ს შემქმნელი.

NFT-ების გაყიდვით, Adidas-მა $23 მილიონი იშოვა
ფოტო: Adidas / Bored Ape

თამამად შეიძლება ითქვას, რომ NFT-ების ბაზარი ერთგვარ ბუმშია: კომპანიები მათ ერთმანეთის მიყოლებით აწარმოებენ, რათა, ერთი მხრივ, ახალ ტექნოლოგიას არ ჩამორჩნენ, ხოლო მეორე მხრივ, დამატებითი კაპიტალიც მოიზიდონ. ამ ტრენდს არც Adidas-ი ჩამორჩა, რომელმაც 30 ათასი NFT-ის გაყიდვით $23 მილიონი იშოვა.

ერთი შეხედვით, Adidas-ის მასშტაბებიდან გამომდინარე, $23 მილიონი, არცთუ ისე დიდი თანხაა, თუმცა რეალურად, საქმე სხვაგვარადაა: წინა კვარტალში Adidas-მა $538.4 მილიონის მოგბა ნახა და $23-მილიონიანი სარგებელი, რომელიც კომპანიამ ლიმიტირებული რაოდენობის NFT-ების გაყიდვით მოიზიდა, რეალურად არცთუ ისე მცირე თანხა გამოდის.

აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი: გასულ კვირას Adidad-ის პირდაპირმა კონკურენტმა, Nike-მა სენსაციური განცხადება გაავრცელა – მან NFT-ტექნოლოგიაზე ბაზირებული ციფრული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია, RKFKT შეიძინა. ამგვარად, Adidas-ს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – მეტავერსის ათვისება მათთვის აუცილებელიც კი იყო.

Mastercard-ი McDonald’s-ის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპს, Dynamic Yield-ს ყიდულობს

McDonald’s-ის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი, რომელიც ამერიკულმა გიგანტმა 2019 წელს $300 მილიონზე მეტად შეიძინა, ამჯერად Mastercard-ის მფლობელობაში გადადის – გარიგების ღირებულება გასაჯაროებული არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ტრანზაქცია 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც McDonald’s-მა Dynamic Yield-ი შეიძინა, კომპანიის გარკვეულ რესტორნებში ჭკვიანი მენიუები გამოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით იცვლებოდა, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობის, საათისა და ამინდის მიხედვით – თუ, მაგალითად, გარეთ ციოდა, სისტემა მომხმარებელს ყავას შესთავაზებს, და არა მაშინ, როცა გარეთ ცხელა, რადგან ამ დროს მთავარი შემოთავაზება McFlurry იქნება.

ცნობისთვის, Dynamic Yield-ის გარკვეული წილის გაყიდვას McDonald’s-ი ჯერ კიდევ თებერვალში გეგმავდა. საქმე ისაა, რომ მას მერე, რაც სტარტაპი ამერიკულმა გიგანტმა შეიძინა, მისი მომხმარებლების რიცხვმა საგრძნობლად იმატა – McDonald’s-ს ბიზნესის იმ ნაწილის გასხვისება სურდა, რომელიც სხვა კომპანიებს ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში McDonald’s-მა საკუთარი წილის სრულად გასხვისება ამჯობინა.

„მაღაზიაში შესვლა ან ვებგვერდის გახსნა და საკუთარ ინტერესებზე ზუსტად მორგებული გამოცდილების მიღება – არახალია. მეტიც, ეს რეალობაც კი არის, რადგან ამგვარ ტექნოლოგიას უფრო და უფრო მეტი ბრენდი იყენებს, მომხმარებლები კი – ელოდებიან. Dynamic Yield-ის გამოცდილებით და ჩვენი მასშტაბებითა და კონტაქტებით, მათი და ჩვენი მომხმარებლების ურთიერთობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – აღნიშნა Mastercard-ის მონაცემებისა და სერვისების განყოფილების პრეზიდენტმა, რაჯ სეშადრიმ.

DuckDuckGo ახალ, სრულად უსაფრთხო ვებბრაუზერზე მუშაობს

უსაფრთხო საძიებო სისტემით განთქმული კომპანია DuckDuckGo ახალ, სრულად უსაფრთხო ვებბრაუზერზე მუშაობს, რომელიც საძიებო სისტემის მსგავსად, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ინტერნეტი ისე გამოიყენონ, რომ მათი ყველა ნაბიჯი აღრიცხული არ იყოს.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი – გებრიელ ვაინბერგი | ფოტო: DuckDuckGo

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, გებრიელ ვაინბერგის თქმით, ვბბრაუზერი სმარტფონის აპლიკაციის მსგავსად იმუშავებს და უსაფრთხოების პარამეტრები მასში ავტომატურად იქნება ჩანერგილი, რათა მომხმარებელს არაფრის შეცვლა არ დასჭირდეს. ამასთანავე, ვებბრაუზერს DuckDuckGo-ს მომხმარებლებისათვის კარგად ნაცნობი Fire-ღილაკიც ექნება, რომელზე დაჭერით, თქვენი ისტორია, დაგროვილი მონაცემები და გახსნილი ფანჯრები მყისიერად წაიშლება. ამასთანავე, როგორც პირველადმა კვლევებმა აჩვენა, DuckDuckGo-ს ვებბრაუზერი გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე მათი მთავარი კონკურენტი – Google Chrome-ი.

აღსანიშნავია, რომ დღეს DuckDuckGo-ს ახალი ვებბრაუზერი macOS-ის ოპერაციულ სისტემაზე, სატესტო რეჟიმში არის გაშვებული, მაგრამ მალე Windows-ზეც გამოჩნდება. თუმცა ახალი ვებბრაუზერის ღია მოხმარებაში ჩაშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, DuckDuckGo-ს პროდუქტები საკმაოდ პოპულარულია: როგორც კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ, კომპანიის სმარტფონის აპლიკაცია მეორე ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციაა Android-ის პლატფორმაზე. DuckDuckGo-ს საძიებო სისტემა, ყოველდღე, საშუალოდ 100 მილიონ საძიებო განაცხადს აკმაყოფილებს, ხოლო კვლევებიდან ირკვევა, რომ მათ სერვისებს ამერიკელთა 9% იყენებს, რაც 27 მილიონ ადამიანს უდრის.

ყველაზე პოპულარული ვებგვერდების ჩამონათვალში TikTok-მა Google- დაჯაბნა

ინტერნეტტრაფიკის შემსწავლელი ანალიტიკური პლატფორმის, Cloudflare-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, TikTok-ი, 2021 წლის ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდი გახდა – პირველად კომპანიამ ლიდერის პოზიცია ჯერ კიდევ თებერვალში მოიპოვა, ხოლო აგვისტოს შემდეგ პირველი ადგილი აღარავისთვის დაუთმია, მათ შორის Google-სთვისაც კი. ცნობისთვის, გასულ წელს გამოქვეყნებულ ამავე რეიტინგში, TikTok-მა მე-7 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ TikTok-სა და Google-ს შორის მწვავე კონკურენცია გაჩაღდა, რადგან ამერიკული ვებგვერდი მის ჩინელ კონკურენტს მხოლოდ 1.89%-ით ჩამორჩა. TikTok-ის ამგვარ წარმატებას ექსპერტები იმ ალგორითმებს უკავშირებენ, რომლებიც ჩინური სოციალური ქსელის მომხმარებლების გემოვნებას სწავლობენ და მუდმივად მათთვის სასურველ ვიდეოებს სთავაზობენ – ეს ყველაფერი მათ ინფორმაციის ერთგვარ შეკრულ წრედში ამყოფებთ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩინური გიგანტის შემდეგ, მეორე ადგილი Google-მა დაიკავა, ხოლო მესამედან მეათემდე ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ისინი Facebook-მა, Microsoft-მა, Apple-მა, Amazon-მა, Netflix-მა, YouTube-მა, Twitter-მა და WhatsApp-მა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი რეიტინგის შედგენისას, Cloudflare-ს ყურადღება არ მიუქცევია Instagram-ისთვის, ხოლო მის ნაცვლად რეიტინგში WhatsApp-ი მოხვდა.

Cloudflare-ის განცხადებით, რეიტინგების შედგენისას ისინი ინტერნეტტრაფიკის გლობალური მოდელების შესახებ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას ეყრდნობიან, მათ შორის მომხმარებლების მიერ აპლიკაციების გამოყენების დეტალებს. გლობალური ვებტრაფიკის აღრიცხვა კომპანიამ 2020 წლის სექტემბერში დაიწყო.

Boeing- თვითმფრინავების წარმოებას მეტავერსში გეგმავს

მომავალ ორ წელიწადში Boeing-ი მეტავერსში თვითმფრინავების შექმნას დაიწყებს, – ამის შესახებ ამერიკული კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, გრეგ ჰაისლოპმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კომპანიის გაციფრულების სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც Boeing-ის მესვეურები ფიზიკური წარმოების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას და ხარვეზების გამოსწორების დროის შემცირებას აპირებენ.

„ამგვარად, ინჟინერიის გაუმჯობესებას ვგეგმავთ – მთელი კომპანიის ფუნქციონირების შეცვლას ვფიქრობთ“, – განაცხადა კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, გრეგ ჰაისლოპმა Reuters-თან ინტერვიუში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ Boeing-ის კრიზისის დაწყების შემდგომ, მისი პირველი ინტერვიუ იყო.

ისე კი, როგორც ჩანს, Boeing-ის გეგმები გაცილებით უფრო მასშტაბურია: მეტავერსში ისინი საკუთარი თვითმფრინავების კვლევისა და განვითარების, წარმოებისა და მომსახურების დეპარტამენტების გადატანას აპირებენ. მეტავერსში ოპერირებისთვის, კომპანიის მექანიკოსები Microsoft-ის გაფართოებული რეალობის სათვალეს, HoloLense-ს გამოიყენებენ – თუმცა, ამავდროულად, მათ ერთმანეთთან დაკავშირებული ჭკვიანი რობოტებიც დაეხმარებათ.

როგორც ჩანს, მეტავერსში კომპანიის მიერ წარმოებული თვითმფრინავების ზუსტი ციფრული ასლები, ე.წ. „ციფრული ტყუპები“ განთავსდება, რომელზე წვდომა წარმოების ყველა რგოლის მუშაკებს ექნებათ. გარდა ამისა, შეიქმნება ერთგვარი ციფრული ჯაჭვი, რომელშიც ლაინერების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია განთავსდება.

გრეგ ჰაინსლოპის თქმით, პროცესების გაციფრულება წარმოების ხარისხსა და ეფექტიანობას გაზრდის და წარმოების ყველა რგოლს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს, რადგან, როგორც კომპანიის მთავარი ინჟინერი იუწყება, პრობლემათა 70%-ზე მეტი სწორედ არასწორი პროექტირებით არის გამოწვეული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *