ფოტო: Getty Images
ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ჰორმუზის სრუტე შესაძლოა აშშ-ის ტერიტორიის ნაწილი გახდეს, მწვავე პასუხი გასცა. ირანის ხელისუფლებამ ტრამპს მოუწოდა, „მიიღოს რეალობა“ და განაცხადა, რომ სტრატეგიული საზღვაო მარშრუტი ირანის კონტროლის ქვეშ დარჩება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაზემ ღარიბაბადიმ, შაბათს X-ზე დაწერა, რომ ტრამპმა „ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს რეალობა“ და აღნიშნა, რომ აშშ-მა ირანთან დაპირისპირებაში „სტრატეგიული და მძიმე მარცხი“ განიცადა.
„ჰორმუზის სრუტე ირანის იყო, არის და დარჩება“, – განაცხადა ღარიბაბადიმ და ტრამპის განცხადებებს „ფანტაზიური ილუზიები“ უწოდა.
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებას წინ უძღოდა ტრამპის პარასკევის გამოსვლა ნიუ-იორკში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანის „დამარცხების“ შემდეგ შესაძლოა ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადოს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტრამპის განცხადებას, პირდაპირი მოხსენიების გარეშე, ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებიდან“ ციტატით უპასუხა. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს და საკუთარ ტყუილს უსმენს, საბოლოოდ ვეღარ არჩევს მის შიგნით და მის გარშემო არსებულ სიმართლეს.
ჰორმუზის სრუტის კონტროლი აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს. ორივე მხარე აცხადებს, რომ სრუტეზე კონტროლს ფლობს. ამავდროულად, ირანი აგრძელებს თავდასხმებს სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე მოძრავ გემებზე, ხოლო აშშ ირანიდან შემომავალ და გამავალ გემებს ბლოკავს.
ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია, რომლის გავლითაც ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების დიდი მოცულობები გადაადგილდება.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შაბათს განაცხადა, რომ ირანმა სრუტეში ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის გადამზიდავი გემი დაბომბა.
ტრამპმა პარასკევს ამერიკელებს მიმართა, ირანთან ომის შედეგად საწვავის გაძვირებას შეეგუონ. მისი თქმით, ბენზინში „ცოტა მეტის“ გადახდა ღირს, თუ ეს ხელს შეუშლის „ძალიან ბოროტ ქვეყანას“ ბირთვული იარაღის მოპოვებაში. AAA-ის მონაცემებით, პარასკევს აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი წლიურად 29%-ით იყო გაზრდილი და გალონზე $4.08-ს შეადგენდა.
ერთი მხრივ, ტრამპის რიტორიკა ირანთან მიმართებით უფრო და უფრო მწვავდება, მეორე მხრივ კი, აშშ-ის პრეზიდენტი პერიოდულად აცხადებს, რომ ომი დასასრულს უახლოვდება. პარალელურად, იგი ირანს ახალი თავდასხმებითა და სანქციებით ემუქრება.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ხუთშაბათს Newsmax-თან განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციები მალე დაწესდება.
ამასთან, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის ზრდის ერთ-ერთ ნიშნად სახელდება ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის ხანგრძლივი განთავსება რეგიონში. გემი სან-დიეგოს პორტიდან გასული წლის ნოემბერში გავიდა და პორტში შესვლის გარეშე ზღვაში 200-ზე მეტი დღე გაატარა.
გემზე მყოფი სამხედროების ოჯახის წევრებმა და კონგრესის წევრებმა ეკიპაჟის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, სახიფათო პირობებზე, საკვებისა და პირველადი საჭიროებების დეფიციტსა და სანიტარიულ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოთქვეს. ტრამპმა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებმა ეს ბრალდებები უარყვეს.
ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ USS Abraham Lincoln-ის მისია „არ გაგრძელებულა საკმარისად დიდხანს“ და გემზე არსებული პირობების შესახებ ოჯახების შეშფოთებაც უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, USS George Washington-ი შესაძლოა USS Abraham Lincoln-ის შემცვლელად გაიგზავნოს, თუმცა უცნობია, როდის შეძლებს Lincoln-ის ეკიპაჟი სახლში დაბრუნებას.














