საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა საქართველოს ტურიზმის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 16%-ით გაიზარდა და 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2023 წლის პირველ ნახევარს, Galt & Taggart-ის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. შედარებისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში ამ მონაცემმა 1.1 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, 2021 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 300 მილიონს მიაღწია, ერთი წლით ადრე, 2020 წლის პირველ ნახევარში კი – 457 მილიონს. ცნობისთვის, პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.45 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.