G7-ის სამიტს იაპონიაში ზელენსკიც შეუერთდება | რაზე იმსჯელებენ მსოფლიო ლიდერები?

G7-ის სამიტს იაპონიაში ზელენსკიც შეუერთდება | რაზე იმსჯელებენ მსოფლიო ლიდერები?

იაპონიაში დღეს G7-ის რიგით 49-ე სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. დიდი შვიდეულის ლიდერები სამიტზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან და აქტუალურ ეკონომიკურ, უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. საინტერესოა, რომ დიდი შვიდეულის სამიტს იაპონიაში სიმბოლურად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად შეუერთდება.

საკითხთან დაახლოებული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი იაპონიაში, ჰიროსიმაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით მას შემდეგ ჩავა, რაც გზად საუდის არაბეთში გაჩერდება და არაბული ლიგის სამიტს დაესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა თავი შეიკავა. აქამდე იაპონიის მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებით, ზელენსკი სამიტზე ვირტუალურად ჩაერთვებოდა.

განსაკუთრებით სიმბოლურია ზელენსკის ჰიროსიმაში ვიზიტი ბირთვული შეტევიდან 78 წლის შემდეგ იმის ფონზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ლიდერების მსჯელობის ერთ-ერთ მთავარი საგანი რუსული ძვირფასი ქვებით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება იქნება. ბუნებრივია, დისკუსიების მთავარი კონტექსტი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მოვლენების სავარაუდო განვითარებაა. გარდა ამისა, სამიტზე განიხილავენ სანქციების ახალ პაკეტსა და ენერგო-შეზღუდვებსაც. უკრაინისათვის კიდევ უფრო მეტი სამხედრო შეიარაღების მიწოდება კი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება. საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში ამერიკული თვითმფრინავების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებითაც.