წამყვანმა საკრედიტო და საგადასახადო კომპანია Visa-მ გასულ კვირას დააანონსა, რომ თანამედროვე ციფრული არტისტების ხელშესაწყობად და მხარდასაჭერად ახალ პროგრამას გაუშვებს. პროგრამის მიზანი ხელოვანების ცნობიერების ამაღლება იქნება ბლოქჩეინის სიახლესთან, NFT-სთან დაკავშირებით.
Visa-ს განცხადებით, NFT იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ ხელოვანებმა და მათმა მომხმარებლებმა თავი ერთმანეთთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ. აქედან გამომდინარე, კომპანია არტისტების ჯგუფს დაასპონსორებს და რჩევებს მისცემს მათ ახალი კრიპტოტექნოლოგიების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
პროგრამის საშუალებით, Visa არტისტების აღნიშნულ ჯგუფს ასწავლის, თუ როგორ გამოიყენონ NFT ბლოქჩეინპლატფორმები, რათა თავდაპირველად შექმნან და შემდეგ გაყიდონ ციფრული პროდუქტები. გარდა ამისა, კომპანია ხელოვანებს ბლოქჩეინსისტემის ფინანსურ სქემებშიც გაარკვევს და საკუთარი ნაშრომის მონეტიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
საინტერესოა, რომ გადახდების გიგანტი, Visa, ერთ-ერთი პირველი გამოდგა საკუთარ ინდუსტრიაში, რომელმაც კრიპტოპლატფორმებთან თანამშრომლობა და კოლაბორაცია გადაწყვიტა. კომპანია კონკრეტულად NFT პლატფორმებს ბლოქჩეინზე ხელოვნების მომავლად მიიჩნევს და მის პოპულარიზაციას საკუთარ გვერდებზე სტატიების სახითაც აქტიურად ეწევა.
ცნობისათვის, NFT (არაჩანაცვლებადი ტოკენი) – ეს გახლავთ უნიკალური კოდი, იგივე ციფრული კრიპტოერთეული, რომელიც ფაილების ავთენტიკურობას ადასტურებს. ამ ინფორმაციას კი დეცენტრალიზებულ ქსელში, ბლოქჩეინში ინახავს. იგი მისი სტატუსის მქონე საქონლის უნიკალურობასა და ჩაუნაცვლებლობას განსაზღვრავს.