“გამომიყენეთ, როგორც ქართველი“ – ასე მიმართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის ადმინისტრაციას, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს დასკნით ღონისძიებაზე, მას შემდეგ, რაც ქართულ მხარეს მადლობა გადაუხარა ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.
“მოგვენატრებით, მაგრამ მოდით ვეცადოთ ამგვარი ღონისძიებები უფრო ხშირად მოვაწყოთ საქართველოში და გამომიყენეთ, როგორც ქართველი იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს.
ტურიზმს მილიონობით შესაძლებლობა გააჩნია და მე ბედნიერი ვიქნები, რომ გიმასპინძლოთ მადრიდში, სადაც ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი სოფლის მეურნეობის ტურიზმის განვითარების წლად გამოაცხადა. როგორც პოლოლიკაშვილმა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის ახალ გზამკვლევზე მუშაობს, რომელიც 100-ზე მეტი ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნას გულისხმობს.
“ვამზადებთ და თვენახევარში მზად გვექნება საბოლოო გზამკვლევი ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების შესაქმნელად. ჩვენ მოგაწვდით კონრეტულ, მზა რეცეპტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სოფლებმა, რომ ისინი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილებად იქცნენ, როგორი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ მათ ამისთვის. ალბათ, 1 ან 1.5 წელში ჩვენ უნდა გვქონდეს 100-მდე, ან 100-ზე მეტი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილი, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული.
UNESCO-ს ყველა ვიცნობთ და მათ მიერ აღიარებული ძალიან ბევრი ადგილი ვიცით, თუმცა ახალი სოფლის გაჩენა ტურისტულ რუკაზე ნამდვილად საჭიროებს მის აღიარებას“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია ახალი ლოკაციების შესახებ იქნება გაციფრულებული და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის UNWTO კიდევ ერთი პროექტს განახორციელებს.
“ტურისტული ლოკაციების 95% ასახულია ციფრულ ტექნოლოგიებში და ჩვენ უფრო მეტი პროფესიონალი გვჭირდება, რომ ეს სოფლები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ დიჯიტალ სივრცეშიც. ამისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში ძალიან საინტერესო აკადემია შეიქმნება, რომელიც ასწავლის დაინტერესებულ ადამიანებს, სოფლად ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნისთვის საჭირო უნარებს და ცოდნას გადასცემს.
ჩვენ ახლა გვაქვს უკვე ონლაინ აკადემია, მაგრამ გვინდა უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ და უფრო მეტი ახალი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. ეს გახდება ერთ-ერთი უძლიერესი საგანმანათლებლო პლატფორმა მსოფლიოში“, – აღნიშნა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.