Gap-მა ზაკ პოუზენი კრეატიულ დირექტორად დაასახელა

Gap-მა ზაკ პოუზენი კრეატიულ დირექტორად დაასახელა

Gap Inc.-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიის კრეატიული დირექტორი ზაკ პოუზენი იქნება. შეგახსენებთ, პოუზენის მიერ დაფუძნებულმა ბრენდმა, House of Z-მა, არსებობა 2019 წელს შეწყვიტა.

როგორც ირკვევა, ზაკს დაექვემდებარება ბრენდი Old Navy-ც, რომელიც 1993 წლიდან Gap Inc.-ის შვილობილი კომპანიაა.

საღამოს კაბებით ცნობილი პოუზენის კარიერა ორ ათწლეულზე მეტ ხანს ითვლის. მან 2002 წელს, 22 წლის ასაკში, პირველ დამოუკიდებელ შოუს უმასპინძლა. 2012 წელს კი ზაკი პროექტ Project Runway-ის შეუერთდა და ის ექვსი სეზონის შემდეგ, 2018 წელს დატოვა. რაც შეეხება პოუზენის ბრენდ House of Z-ს, მან ინვესტორების რწმენა დაკარგა, რამაც კრიზისი და 60-კაციანი პერსონალის გათავისუფლება, საბოლოოდ კი კომპანიის დახურვა გამოიწვია.

Gap-ი, კრეატიული დირექტორის პოსტზე ზაკ პოუზენის დანიშვნით, გაყიდვებში ბოლო წლების კლების ტენდენციის შეჩერებას შეეცდება. ნოემბერში კომპანიამ 2023 წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მან გაყიდვებით $3.8 მილიარდი მიიღო. შედეგი მოსალოდნელზე უკეთესი იყო, თუმცა მაინც 7%-ით ნაკლები 2022 წელთან შედარებით.

ბოლო წლების განმავლობაში Gap-მა რთული პერიოდი გამოიარა. 2022 წელს კომპანია მოულოდნელად დატოვა ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სონია სინგალმა. მისი შემცვლელის ძიებაში კი Gap-მა დაახლოებით ერთი წელი გაატარა. საბოლოოდ, 2023 წლის ივლისში, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად რიჩარდ დიქსონი დაინიშნა.