ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი, მინისერიალ The Queen’s Gambit-ის ერთ-ერთი მონაკვეთის გამო გასული წლის სექტემბერში შეიტანა. სერიალის პოპულარობის ფონზე, აღნიშნული ამბავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საკითხის რეზონანსულობაზე Google Trends-ის მონაცემებიც მკაფიოდ მიუთითებს – გასული წლის სექტემბერში საძიებო სისტემაში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაციის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულად მაღალი იყო.
ამჟამად საქმეს კალიფორნიის შტატის ცენტრალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე – ვირჯინია ა. ფილიპსი განიხილავს. სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში Forbes Georgia გთავაზობთ საქმესთან დაკავშირებული დეტალების მოკლე მიმოხილვას.
რატომ ედავება ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს
Netflix-ის პოპულარული მინისერიალი The Queen’s Gambit-ი 1983 წელს ვოლტერ ტევისის ავტორობით დაბეჭდილ, იმავე სახელწოდების რომანს ეყრდნობა, რომელიც გამოგონილი მოჭადრაკე, ბეთ ჰარმონის ისტორიას გვიყვება. სერიალის დასასრულს, ჰარმონი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოთამაშეებს დაამარცხებს. სერიალის დასკვნითი ეპიზოდის მოქმედება 1968 წელს, მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ვითარდება.
გაფრინდაშვილის სარჩელი სწორედ სერიალის ფინალს, კერძოდ კი მის შესახებ ამ მონაკვეთში გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. კომენტატორი მატჩის მსვლელობისას, რომელსაც გაფრინდაშვილის პერსონაჟიც ესწრება, ჰარმონის შესახებ შემდეგ ფრაზას ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის შესახებ მისი სქესია. თუმცა ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონია და არასდროს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ“.
სარჩელში რომელიც ქართველმა მოჭადრაკემ Netflix-ის წინააღმდეგ შეიტანა წერია, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ სიცრუეა, ამას გარდა კი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წლისთვის, ანუ სიუჟეტის განვითარების პერიოდისთვის, მას უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 მოჭადრაკე მამაკაცთან, მათ შორის ათი დიდოსტატი იყო. სარჩელის მიხედვით, Netflix-მა, სერიალის უფრო მეტი დრამატიზებისთვის, შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ. კერძოდ, თითქოს ჰარმონმა შეძლო ის, რაც სხვა მოჭადრაკე ქალს აქამდე არასდროს გაუკეთებია.
გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სერიალში გაფრინდაშვილი რუს მოჭადრაკედ მოიხსენიეს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გაფრინდაშვილის ეროვნებისა და მათ შორის, საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. თუმცა, ეთნიკურად რუსად მოხსენიება, არ წარმოადგენს დეფამაციას.
გაფრინდაშვილი სტრიმინგის გიგანტისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. მოჭადრაკის ინტერესებს სასამართლოზე ამერიკელი იურისტები, როდნი ა. სმოლა და ალექსანდ რუფუს-იზააკი წარმოადგენენ, ქართულ იურიდიულ ფირმა ბიელბისთან თანამშრომლობით.
Netflix-ის პოზიცია
გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს წარედგინა კალიფორნიაში სასამართლოს. სარჩელზე კომენტარი მალევე გააკეთა Netflix-მა. კომპანიის სპიკერი მაშინ აცხადებდა, რომ Netflix-ი ძალიან დიდ პატივს სცემს ნონა გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სარჩელის არსიდან გამომდინარე სასამართლო დავის მოგებას ვარაუდობდა.
მოგვიანებით, Netflix-მა გამოიყენა კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და სასამართლოს საქმისწარმოების შეწყვეტა მოსთხოვა კალიფორნიის ANTI-SLAPP საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტი საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საწყის ეტაპზევე აარიდონ თავი ცილისწამების/დეფამაციის შესახებ ისეთი სარჩელების განხილვას, რომელიც ძვირადღირებული, ხმაურიანი და ხშირ შემთხვევაში სამართლებრივად უსაფუძვლო შეიძლება იყოს.
ამ შემთხვევაში, დაცვის მხარე აპელირებს, რომ მას წარდგენილი სარჩელით ეზღუდება კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლება, ხოლო მოსარჩელე მხარე ვერ აკმაყოფილებს დეფამაციის სამართალწარმოებისათვის აუცილებელი მინიმალურ სტანდარტებს.
Netflix-ის მტკიცებით, „ლაზიერის გამბიტი“ მნიშვნელოვანი საჯარო დისკუსიის საგანია და ეხმიანება საზოგადოების ფართო ინტერესს და ამავდროულად, ექცევა კომპანიის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
გარდა ამისა, კომპანია მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარეს არ აქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, დაადასტუროს მის მიმართ ჩადენილი ცილისწამება/დეფამაცია. კერძოდ, Netflix-ი მიუთითებს რამდენიმე დაშვებაზე:
- რაციონალური მაყურებელი მხატვრულ მინისერიალში ნანახს არ ინტერპრეტირებს, როგორც რეალურ ფაქტებს;
- მომჩივნის მიერ შერჩეული ეპიზოდი არ არის არა თუ დეფამაციის შემცველი, არამედ დამამცირებელიც კი.
- მოსარჩელეს მოთხოვნა დაყენებული აქვს როგორც დეფამაცია per se, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს დეფამაცია per quod, რაც ითვალისწინებს მოსარჩელის ვალდებულებას, წარმოადგინოს მცდარი ინფორმაციის გაჟღერებით მიყენებული სპეციალური ზიანის (ეკონომიკური ზარალის) დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
- სადავო სიუჟეტი არსებითად სიმართლეა.
- მოსარჩელემ, როგორც საჯარო პირმა ვერ დაადასტურა ნეტფლიქსის ბრალეულობა (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მცდარი ინფორმაციის გავრცელება). რაც საჯარო ფიგურის მიმართ სავარაუდო დეფამაციის თაობაზე აღძრული სარჩელის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
კომპანია ამ შეფასებებს პრეცედენტული სამართლის პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილი გადაწყვეტილებების საფუძველზე წარმოადგენს.
ამ სამართლებრივი ნაბიჯის შემდეგ მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზე გადადის. კერძოდ, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც დაზარალებულისთვის სასარგებლო შედეგს დააყენებდა.
გასული წლის 25 ოქტომბერს Netflix-ის ადვოკატები, კელი პერიგო და არვენ ჯონსონი, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატს ტელეფონით დაუკავშირდნენ და წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები, რომლებიც Netflix-ის მიერ სასამართლოსთვის წარსადგენ „Anti-SLAPP“ შუამდგომლობას დაედებოდა საფუძვლად. კომპანიის ადვოკატის განცხადებით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, შესაბამისად, Netflix-ი ოფიციალურად აყენებს შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე, უარი განაცხადოს სარჩელის განხილვაზე და შეწყვიტოს საქმისწარმოება.
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების პოზიცია
ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველები სარჩელის შეტანის პირველივე დღეებიდან იმედოვნებენ რომ საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდება, რამდენადაც, მცდარი ინფორმაციის ბრალეული გავრცელება აშკარად სახეზეა.
იურიდიულ ფირმა BLB-ში „ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს“ ღირსების საქმეს უწოდებენ კომპანიაში აცხადებენ, რომ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა ნონა გაფრინდაშვილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც შეეხება, სარჩელში მითითებულ თანხას (5 მილიონი აშშ დოლარი), მისი ოდენობა მოჭადრაკის ამერიკელი ადვოკატების მიერ იქნა რეკომენდებული.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ჩვენებით დასტურდება, რომ Netflix-ში სატელევიზიო სერიალის გადაღების პროცესშივე იცოდნენ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული წარსულისა და მისი პერსონის შესახებ. შესაბამისად, მტკიცება, რომ კომპანიამ ბრალეულად არ დააკნინა ქართველი მოჭადრაკის მიღწევები, ეჭვქვეშ დგება.
კერძოდ, 2021 წლის 12 ნოემბერს მინისერიალის რეჟისორსა და სცენარისტ სკოტ ფრანკთან ჩაწერილ ჩვენებაში ვხვდებით შემდეგ ეპიზოდებს:
ეპიზოდი 1:
კითხვა: გადაღებების დროს მოხდა ეს თუ შემდეგ? [როდის შეიტყო რეჟისორმა და სცენარისტმა, რომ ნონა გაფრინდაშვილი რეალური პიროვნებაა, რომელიც სამოციან წლებში მსოფლიო ჩემპიონი ქალი იყო]
პასუხი: გადაღებების პროცესში. [ამ კონკრეტული სცენის გადაღებების პერიოდში]
კითხვა: გადაღებამდე თუ შემდეგ?
პასუხი: ამ სცენის გადაღებამდე.
ეპიზოდი 2:
კითხვა: თქვენ შეცვალეთ ორიგინალი ნაწარმოების ტექსტი შემდეგი სიტყვებით – „მას არასდროს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ.“ რას დააფუძნეთ ეს შეფასება?
პასუხი: ვერ გეტყვით. არ მახსენდება, ვერ ვიხსენებ…
ეპიზოდი 3:
კითხვა: კარგით, დავუბრუნდეთ საკითხს.
მგონი შევთანხმდით, რომ სცენარის პირველი პროექტის წერისას, რომელშიც თქვენ დაამატეთ ფაქტი ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ჩემპიონობაზე, უკვე იცოდით… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2019 წლის ივნისში უკვე იცოდით, რომ ნონა გაფრინდაშვილი რეალური პიროვნება იყო. მართალი ვარ?
პასუხი: დიახ, ასეა.
კითხვა: კარგით. გამოდის, რომ ამ დროს თქვენ იცოდით, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი ქალი იყო. თქვენ ასევე იცოდით, რომ ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე იყო. ასეა?
პასუხი: დიახ, ასეა.
აღნიშნული ჩვენების საფუძველზე, გაფრინდაშვილის უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ კომპანიისთვის გადაღების პროცესში ცნობილი იყო ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები და მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი. შესაბამისად, ეს ეჭქვეშ აყენებს კომპანიის მტკიცებას, რომ მინი სერიალში არ ქონია ადგილი მცდარი ინფორმაციის ბრალეულად გავრცელებას. ამასთანავე, კითხვები ჩნდება იმ არგუმენტების მისამართითაც, რომლებშიც კომპანია მინი სერიალის მხატვრულ შინაარსზე მიუთითებს.
რა ეტაპზეა სასამართლო
„ნონა გაფრინდაშვილი Netflix–ის წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი მოსმენის გარეშე ჩატარდა. პირველი სხდომა კალიფორნიის შტატში, საქართველოს დროით 25 იანვრის 02:00 საათზე უნდა გამართულიყო. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა მხარეთა მხრიდან საკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო გადაწყვეტილების მიღება მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტა.
„ჩვენ გვაცნობეს, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას საკმარისი მტკიცებულება, მონაცემები და მხარეთა მოსაზრება აქვს იმისთვის, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ყოველწუთიერად ველით გადაწყვეტილებას, ნებისმიერ დროს შეიძლება მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამოიტანოს და გვაცნობოს. ჩვენი ამერიკელი კოლეგების თქმით, საკმაოდ ძლიერი ქეისია და დადებითი მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა „ბიელბის“ ერთერთმა პარტნიორმა, რუსუდან მაისურაძემ საქმიანი დილის ეთერში 25 იანვარს.