„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერების გადაწყვეტილებით, უკრაინას რეკონსტრუქციისთვის სესხის სახით $50 მილიარდი გადაეცემა, რომელიც შემდგომში გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაიფარება. G7-ის მიერ გაცემული სესხი ომში მყოფ ქვეყანას, 2025 წლამდე და მის შემდეგ, ფინანსური საჭიროებების დაფარვაში დაეხმარება.
Associated Press-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის გაცემული თანხები რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით ანაზღაურდება. ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და G7-ის სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით $280 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა, რომელთა უმეტესი ნაწილი ევროკავშირში ინახება.
მიმდინარე დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და G7-ის სხვა წევრები სესხს ცალ-ცალკე, საკუთარი პროცედურების შესაბამისად გასცემენ. თუმცა, Associated Press-ის ინფორმაციით, დახმარების უმეტესობა აშშ-დან იქნება. ვინაიდან, გაყინული აქტივების ჩამორთმევასა და კიევისთვის გადაცემას შესაძლოა იურიდიული დაბრკოლებები შეხვდეს, ინდივიდუალური სესხები შედარებით მარტივი გამოსავალია უკრაინის დასახმარებლად.
ევროკავშირის პროგნოზით, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი მოგება, ყოველწლიურად, $3.2 მილიარდიდან $5.4 მილიარდამდე იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი უკრაინისთვის $50-მილიარდიანი დახმარება, თუმცა, Financial Times-ის ინფორმაციით, კიევი თანხას წლის ბოლომდე მიიღებს.