გარდატეხა კრიპტოინდუსტრიაში - SEC-მა ბიტკოინის 11 ETF-ი დაამტკიცა

გარდატეხა კრიპტოინდუსტრიაში - SEC-მა ბიტკოინის 11 ETF-ი დაამტკიცა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელმა (SEC) ბიტკოინის პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF) დაამტკიცა, რაც შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის, ისე მთლიანი ინდუსტრიისთვის.

თავდაპირველად ინფორმაცია X-ზე (Twitter) SEC-ის პოსტით გავრცელდა, თუმცა გაირკვა, რომ ეს პოსტი, რომელმაც ბიტკოინის ფასი 1,000 დოლარზე მეტით გაზარდა, „არაავტორიზებული“ იყო.

მოგვიანებით SEC-მა ETF-ები უკვე რეალურად დაამტკიცა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებით განწყობა კვლავ სკეპტიკურია.

„ინვესტორები უნდა აცნობიერებდნენ იმ მრავალ რისკს, რომელიც ბიტკოინისა და კრიპტოსთან მიბმული აქტივების ფლობას ახლავს თან“, – განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ, გერი გენსლერმა.

LSEG-ის მონაცემებით, დამტკიცებიდან ერთი დღის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულებამ 4.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ETF-ი ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს, ბიტკოინში ინვესტიცია ისე განახორციელონ, რომ ამ არასტაბილურ ვალუტას პირდაპირ არ ფლობდნენ. ამავდროულად, გაცვლითმა სავაჭრო ფონდმა კრიპტოვალუტაზე მოთხოვნაც უნდა გაზარდოს, რაც, თავის მხრივ, ფასზეც აისახება და სექტორში ახალ კაპიტალსაც გააჩენს.

ცნობისთვის, ETF-ი საინვესტიციო ფასიანი ქაღალდის ტიპია და, როგორც წესი, კონკრეტულ სექტორს, საქონელს ან აქტივს მოჰყვება. რაც მთავარია, აქციების მსგავსად, მისით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაა შესაძლებელი.

აქამდე ბიტკოინის შესაძენად კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებზე, მაგალითად, Binance-ზე ან Coinbase-ზე ანგარიშის გახსნა იყო აუცილებელი.

ინვესტორები ამ გადაწყვეტილებას, ცხადია, პოზიტიურ ამბად მიიჩნევენ. შესაძლოა, ამან კრიპტოვალუტის ფასების ზრდაც კი გამოიწვიოს.

Standard Chartered-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ETF-ები 50-დან 100 მილიარდ დოლარამდე ახალი კაპიტალის გაჩენას შეუწყობს ხელს და ბიტკოინის ფასს 100,000 დოლარამდე გაზრდის.

სხვები შედარებით ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ და ხაზს უსვამენ კრიპტოვალუტების ფასების ხშირ მერყეობას.

აღსანიშნავია, რომ ფასების თითქმის 2-წლიანი დაღმასვლისა და 16,000 დოლარამდე ჩამოსვლის შემდეგ, რაც რამდენიმე მსხვილი კრიპტობირჟის გაკოტრებამ გამოიწვია, კრიპტოვალუტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა.

2023 წელს ბიტკოინის ღირებულება 170%-ზე მეტით, ხოლო ოქტომბრის შემდეგ 70%-ზე მეტით გაიზარდა და ამჟამად 46,000 დოლარამდეა.