„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საქართველოში Meta-ს პლატფორმებზე (Facebook-სა და Instagram-ზე) პოლიტიკური რეკლამების განთავსების შესახებ კვლევა ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკას ეფუძნება, რომელიც საქართველოში არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ კონტენტს 2020 წლის აგვისტოდან აღწერს.
კვლევის თანახმად, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისათვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, რაც გასული წლის მესამე კვარტალის შედეგებზე 288-ით მეტია. 846-მა გვერდმა პლატფორმებზე ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში 8,139 რეკლამა განათავსა. გამოქვეყნებული რეკლამების საერთო ღირებულება კი $279,441-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი $113,606-ით, ანუ 60%-ით აღემატება წინა კვარტალის მონაცემებს.
პოლიტიკურ და სოციალურ რეკლამებში გაწეული ხარჯების მიხედვით რამდენიმე მნიშვნელოვანი კატეგორია გამოიყოფა: პოლიტიკური პარტიები, მთავრობა, მედიასააგენტოები, საჯარო უწყებები, მხარდამჭერი გვერდები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პრეზიდენტის აპარატი და სხვა. ხარჯების მიხედვით, პოლიტიკურ რეკლამებში ყველაზე მეტს პოლიტიკური პარტიები ხარჯავენ. 2023 წლის მეოთხე კვარტალში მათ მიერ Meta-ს პლატფორმებზე რეკლამების განთავსებისათვის ჯამურად გაღებულმა ხარჯმა $92,795 შეადგინა.
კვლევის თანახმად, სარეკლამო დანახარჯების რეგიონული განაწილების მიხედვით, ხარჯების ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის, 10-10% კი – იმერეთსა და აჭარაზე.
ცნობისთვის, Meta პოლიტიკური და სოციალური შინაარსის მქონე რეკლამად მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომლებიც:
- ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატს, პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს ან მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;
- ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;
- ეხება სოციალურ საკითხებს, რაც განიმარტება, როგორც მგრძნობიარე თემები, რომლებზეც მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას;
- რეგულირდება, როგორც პოლიტიკური რეკლამა.