საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.5 მლნ შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 1.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გასულ წელს, საერთო ჯამში, ქვეყანაში არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლის რაოდენობა წლიურად 30.3%-ით გაიზარდა და 7.1 მლნ შეადგინა.
რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, მათმა რაოდენობამ 5.1 მლნ-ს მიაღწია, ეს კი 30.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათი უმეტესობა საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მლნ ტურისტული ტიპის ვიზიტი (27.8%-ით მეტი).
2023 წელს ყველაზე მეტი, 1.2 მლნ ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა (ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%). მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მლნ), თურქეთისა (1.40 მლნ) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ამავდროულად, ვიზიტორების უმრავლესობა (47.8%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.4%-ს შეადგენდა. ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3%) კი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა (3 მლნ) და აჭარის ა/რ-ზე (2.7 მლნ) მოდის, გაწეული ხარჯების მაჩვენებელი კი 12.9 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 20.5%-ით მეტია.