გასულ წელს უკრაინამ შეიარაღების ადგილობრივი წარმოება გაასამმაგა

გასულ წელს უკრაინამ შეიარაღების ადგილობრივი წარმოება გაასამმაგა

უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ადგილობრივი სამხედრო წარმოება გასამმაგდა. მინისტრის განმარტებით, ამჟამად ქვეყნის თავდაცვის სექტორში 500 კომპანია ოპერირებს.

პარტნიორების მიერ იარაღის მიწოდების ტემპების შენელების ფონზე, კიევი საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ერთ-ერთი მიმართულება კი ინოვაციების განვითარება და იარაღის ადგილობრივი წარმოების ტემპებისა და მასშტაბების გაზრდაა.

ოლექსანდრ კამიშინის განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში 100 სამთავრობო და 400 კერძო კომპანია ფუნქციონირებს. ადგილობრივი წარმოების ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა იქნება.

ადგილობრივი წარმოების შესახებ განცხადება უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმაც გააკეთა და განმარტა, რომ ამჟამად ფრონტის ხაზზე გამოყენებული დრონების 90% სწორედ უკრაინაშია წარმოებული. განცხადებებს შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა და დასძინა, რომ ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინიდან ევროკავშირის მიმართულებით „ერთი იარაღიც კი არ გასულა“.