გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასულ კვირას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად კლიმატური კრიზისი დააყენა და WTO-ს ვაჭრობის გამწვანების დაუყოვნებლივ დაჩქარებისკენ მოუწოდა. თუმცა ვიდრე საერთაშორისო ვაჭრობა „მწვანედ“ იქცევა, კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად ცალკეული ქვეყნებისა თუ კომპანიების ძალისხმევა არ უნდა დაიჩრდილოს, ნათქვამია განცხადებაში.

გასული კვირის მნიშვნელოვან მწვანე სიახლეებში, ემისიების შესამცირებლად ავსტრალიის ლეიბორისტული მთავრობის მიერ მიღებული ახალი მიზნობრივი თარიღი მოხვდა, ხოლო ავსტრიამ, თავის მხრივ, 2023 წლიდან ახალ შენობებში გაზის ქვაბების აკრძალვის თაობაზე ახალი კანონი შემოიღო. უნდა ვახსენოთ ჩინეთიც, რომელმაც ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში მძიმე ინდუსტრიული პროექტების განხორციელება აკრძალა.

კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი მსხვილმა კომპანიებმაც შეიტანეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავთობგიგანტ BP-ის გადაწყვეტილება განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის პროექტის 40.5%-იან წილის შესყიდვის თაობაზე. ხოლო LEGO-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში $1-მილიარდიანი ნახშირბადნეიტრალური ქარხნის მშენებლობა დააანონსა.

ნავთობის გიგანტი BP განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის პროექტის 40.5%-იან წილს ყიდულობს

ნავთობისა და გაზის გიგანტი BP განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის პროექტ Asian Renewable Energy Hub-ის 40.5%-იან წილს შეიძენს. ავსტრალიაში დაგეგმილი უზარმაზარი პროექტი 6.500 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე იქნება წარმოდგენილი.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, BP-იმ პირობა დადო, რომ გახდება განვითარების ოპერატორი და დასძინა, რომ მას აქვს „პოტენციალი, გახდეს განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის ერთ-ერთი უდიდესი ჰაბი მსოფლიოში“. დასავლეთ ავსტრალიის რეგიონში მდებარე პროექტი მზისა და ქარის გადამუშავებით 26 გიგავატამდე კომბინირებულ სიმძლავრეს განავითარებს.

პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ავსტრალიაში გამოყენების გარდა, წყალბადისა და ამიაკის საერთაშორისო ექსპორტზე გატანაც იგეგმება. სრული სიმძლავრის შემთხვევაში, AREH-ი ყოველწლიურად დაახლოებით 1.6 მილიონი ტონა მწვანე წყალბადის ან 9 მილიონი ტონა მწვანე ამიაკის წარმოებას შეძლებს. კომპანიის ვარაუდით, პროექტმა ოპერირება 1 ივლისს უნდა დაიწყოს.

ოთხშაბათს საღამოს BP-ის აქციების ფასი 1.2%-ით დაეცა. Asian Renewable Energy Hub-ის აქციონერებს შორის არიან InterContinental Energy, CWP Global-ი, Macquarie Capital-ი და Macquarie’s Green Investment Group-ი. მათი წილი, შესაბამისად, 26.4%, 17.8% და 15.3%-ია. შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის მთავარი მწარმოებელი BP, წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას 2050 წლამდე გეგმავს.

LEGO აშშ-ში $1-მილიარდიან ნახშირბადნეიტრალურ ქარხანას ააშენებს

დანიური LEGO ამერიკის შტატ ვირჯინიაში ნახშირბადნეიტრალური ქარხნის აშენებას გეგმავს, რომლისთვისაც $1 მილიარდს გამოყოფს, – სიახლის შესახებ Reuters-ი წერს. ეს დანიური გიგანტის რიგით მეშვიდე ქარხანა იქნება მსოფლიოში. საინტერესოა, რომ მზის ენერგიით მომარაგებული ნახშირბადნეიტრალური ქარხნის აშენება LEGO-მ შარშანაც გადაწყვიტა,  – ვიეტნამში განსახორციელებელი პროექტის ინვესტიცია $1 მილიარდს აღემატება და მისი დასრულება 2024 წელს იგეგმება.

„ჩვენი სტრატეგია მთავარ ბაზრებთან ახლოს ყოფნის თაობაზე სულ ახლახან დამტკიცდა“, – განაცხადა LEGO-ს ოპერაციულმა დირექტორმა, კარსტენ რასმუსენმა Reuters-თან საუბრისას. ათწლიანი სტრატეგია, რომელზეც რასმუსენი საუბრობს, კომპანიის საწარმოების მთავარ ბაზრებთან სიახლოვეს განთავსებას ითვალისწინებს – ამგვარი მიდგომით, კომპანიას გლობალური მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემების არიდება სურს.

„პროგნოზირება იმისა, თუ რის შეძენას გადაწყვეტენ ბავშვები და უფროსები დაბადების დღისთვის ან საშობაოდ – შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სწრაფი რეაგირება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დახლებზე სწორი პროდუქტები გვაქვს განთავსებული“, – ამბობს რასმუსენი.

აღსანიშნავია, რომ LEGO-ს ახალი ქარხანა განახლებადი ენერგიის წყაროებით იქნება მომარაგებული, რაც კომპანიის მიერ 2020 წელს გაცხადებული პოლიტიკის ერთგვარი გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ ორიოდ წლის წინ, LEGO-მ საკუთარი პლასტმასის კუბების მასალის ეკოლოგიურად სუფთა მასალით შეცვლის შესახებ განაცხადა.

ავსტრალია ემისიების შემცირების ახალ მიზნობრივ თარიღად 2030 წელს ასახელებს

ავსტრალიამ, ახალი ლეიბორისტული მთავრობის პირობებში, ემისიების შემცირების ახალ მიზნობრივ თარიღად 2030 წელი დაასახელა. ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების ახალი თარიღი უფრო მეტად შეესაბამება სხვა განვითარებული ეკონომიკების მხრიდან პარიზის კლიმატის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

ავსტრალია მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნახშირბადის გამონაბოლქვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე, 2030 წლამდე, 2005 წელთან შედარებით, ნახშირბადის ემისიების 43%-ით შემცირების პირობა დადო. ყოფილი მთავრობის მმართველობისას ავსტრალია, მსოფლიოში ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი, კლიმატური ვალდებულებების შესრულების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად მოიაზრებოდა.

REUTERS/David Gray

კონსერვატიული მთავრობის პირობებში, ავსტრალიას განახლებადი ენერგიის ინვესტიციების წასახალისებლად სუფთა ენერგიისა და კლიმატის პოლიტიკაც კი არ გააჩნდა. გასულ წელს გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის სამიტზე ავსტრალიის ყოფილი პრემიერი გააკრიტიკეს ემისიების შემცირების სუსტი მიზნების გამო, მაშინ როდესაც აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და იაპონიამ კლიმატური ძალისხმევები საგრძნობლად გააძლიერეს.

ქვეყნის მხრიდან ემისიების შემცირების სწრაფვა, ნახშირზე მომუშავე გენერატორების დაგეგმილი და დაუგეგმავი გათიშვით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, უფრო სწრაფად მიმდინარეობს. არსებულ მდგომარეობას კი ბუნებრივი აირის მაღალი ფასებიც ერთვის, რაც განახლებად ენერგიაში ინვესტიციების წახალისებას შეუწყობს ხელს.

ავსტრია 2023 წლიდან ახალ შენობებში გაზის ქვაბებს აკრძალავს

ავსტრია, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ქვეყნის განახლებადი გათბობის კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ქვეყნის მასშტაბით, გაზის ქვაბების გაყიდვები ეტაპობრივად შემცირდება, ნავთობისა და ქვანახშირის დაზიანებული გამათბობლები კი მწვანე ალტერნატივებით ჩანაცვლდება.

BMK/Cajetan Perwein

ავსტრიაში მილიონობით ოჯახი გაზის საშუალებით თბება, რაც ქვეყნის ბუნებრივი აირის მოხმარების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. ევროკავშირის წევრებს შორის ავსტრია რუსულ გაზზე ერთ-ერთი ძლიერ დამოკიდებული სახელმწიფოა, რადგან მისი გაზის 80%-ზე მეტი სწორედ კრემლიდანაა იმპორტირებული. ახალი გაზის ქვაბების გაყიდვები ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან აიკრძალება და 2025 წლამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ნავთობისა და ქვანახშირის გათბობის სისტემების გაყიდვები 2020 წლის შემდგომ უკვე აკრძალული იყო, თუმცა ამ ეტაპზე, „განახლებადი გათბობის კანონის“ ცვლილებით, სისტემების შეკეთების აკრძალვაც იგეგმება. 2025 წლიდან მთავრობა ძველი გათბობის, განსაკუთრებით 1980 წლამდე შეძენილი ნავთობისა და ქვანახშირის გათბობის სისტემების შეცვლას დაიწყებს, ხოლო 2035 წლისთვის ნავთობსა და ქვანახშირზე მომუშავე ყველა სახის გათბობის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ავსტრიის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით, 2040 წლისთვის ქვეყანაში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის უკლებლივ ყველა სისტემა თანამედროვე, განახლებადი გათბობის, ანდაც ბიოგენურ გაზზე მომუშავე სისტემით უნდა ჩანაცვლდეს. ავსტრია კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევას სწორედ 2040 წლისთვის ისახავს მიზნად.

ჩინეთი გარკვეულ ტერიტორიებზე მძიმე ინდუსტრიული პროექტების განხორციელებას კრძალავს

ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე მძიმე ინდუსტრიული პროექტების განხორციელება აიკრძალება. აკრძალვა შეეხება ფოლადის, კოქსირების, ნავთობის გადამმუშავებელ, ცემენტისა და მინის ახალ პროექტებს.

REUTERS/Aly Song

პარასკევს, პოლიტიკის დოკუმენტში, მთავრობამ ზონირების სისტემის შექმნისთვის ძალისხმევის გაძლიერების პირობა დადო. ზონირების სისტემა ქვეყანას გარემოსდაცვითი საფრთხეების მართვასა და გადაუდებელი ზომების მიღებაში დაეხმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე დაბინძურებულ რეგიონებში, მდინარის აუზებსა და ქალაქებში ახალი მძიმე ინდუსტრიული პროექტების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.

პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ჩინეთს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევისთვის კვლავ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რაც ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ნახშირორჟანგის ემისიებისგან გასათავისუფლებლად ახალ თანამშრომლობებსაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობის გეგმით, ქვეყანამ ემისიების პიკს 2030 წელს უნდა მიაღწიოს. სრულად ნახშირბადნეიტრალური კი ჩინეთი 2060 წლისთვის გახდება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ვაჭრობის გამწვანების დაჩქარებას ითხოვს

გასულ კვირას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ხელმძღვანელმა ვაჭრობის გამწვანება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადაუდებელ საკითხად დაასახელა. WTO-ს შეხვედრაზე, განსახილველ საკითხებს შორის პრიორიტეტული სწორედ კლიმატური კრიზისი იყო.

EPA-EFE/MARTIAL TREZZINI

უკანასკნელ ხუთ წელიწადში პირველად, WTO ვაჭრობის მინისტრების პირველ შეხვედრას ატარებს. შეხვედრაზე დღის წესრიგში სწორედ გარემოსდაცვითი საკითხების განხილვაა. გასულ კვირას ევროკავშირი ეკვადორთან, კენიასა და ახალ ზელანდიასთან კლიმატურ საკითხზე ვაჭრობის მინისტრების ახალი კოალიციის შესაქმნელად გაერთიანდა. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ფორუმს, უახლოეს პერიოდში, სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

ქვეყნების გარკვეული გაერთიანებები ეკოლოგიურად მდგრადი ვაჭრობის განსავითარებლად და პლასტიკური დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე ჩამოყალიბებულია. WTO-ს განცხადებით, კლიმატური კრიზისი არ მოიცდის და ვაჭრობის გამწვანება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ვაჭრობა შესაბამისი გამოსავლის ნაწილი უნდა იყოს, რადგან მას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და ქვეყნების მხარდაჭერა კლიმატნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლისთვის.

WTO-ს მინისტრები ვაჭრობისა და სავაჭრო პოლიტიკის გაძლიერებისთვის მზაობას გამოთქვამენ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებასა და 2015 წლის პარიზის შეთანხმებით აღებული კლიმატური მიზნების განხორციელებას. კოალიციის შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად, პირველი შეხვედრა მიმდინარე თვეში ჩატარდება.

კვლევა: ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის ხანგრძლივობას ორი წლით ამცირებს

ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის ქრონიკული დაბინძურება ერთი ადამიანის  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ორ წელზე მეტი ხნით ამცირებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის (EPIC) ჰაერის ხარისხის უახლესი ინდექსის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 97% ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც დაბინძურება რეკომენდებულ დონეს აღემატება.

REUTERS/Stringer

EPIC-მა, ფილტვების დამაზიანებელი PM2.5-ის საშიში მცურავი ნაწილაკების დონის გასაზომად სატელიტის მონაცემები გამოიყენა. შედეგების თანახმად, თუ გლობალური PM2.5 დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნიშნულამდე (კუბურ მეტრზე ხუთი მიკროგრამი) შემცირდება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით  2.2 წლით გაიზრდება.  კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად საშიშროებისა, ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად არ აღიქმება, რის გამოც ამ მიმართულებით საჭირო დაფინანსება კვლავ არაადეკვატურია.

EPIC-ის კვლევით, სამხრეთ აზიის მცხოვრებლები სმოგის შედეგად დაახლოებით ხუთი წლის სიცოცხლეს კარგავენю ინდოეთი, 2013 წლის შემდგომ, მსოფლიო ჰაერის დაბინძურების ზრდის დაახლოებით 44%-ს შეადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ ჩინეთი ჯანმოს სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, მისი მცხოვრებლების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2.6 წლით გაიზრდებოდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებული დაბინძურების მონაცემების კვლევის თანახმად, 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 5-მიკროგრამიანი სტანდარტის დაკმაყოფილება ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.