გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასულ კვირას ევროკომისიამ 2030 წლამდე პესტიციდების გამოყენების განახევრებისთვის კანონმდებლობის შემუშავების წინადადება წარადგინა. ევროკომისიის მიზანი 2030 წლამდე ევროკავშირის ტერიტორიის მინიმუმ 20%-ზე – ბუნების, ხოლო 2050 წლისთვის, დეგრადირებული ეკოსისტემის მთლიანი აღდგენაა. ორგანიზაციის განცხადებით, პესტიციდების შემცირება სოფლის მეურნეობის მოსავლის კლებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ევროკომისიის გარდა, ახალი კანონმდებლობა კანადის მთავრობამაც შეიმუშავა, რომელიც ძალაში დეკემბრიდან შევა და ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების დამზადებასა და იმპორტს აკრძალავს.

მზის ენერგიის განვითარებით კი გასულ კვირას თურქეთი და ავსტრია გამოირჩეოდნენ. ახალი ანგარიშის თანახმად, თურქეთში დამონტაჟებული მზის პანელების ენერგიის სიმძლავრე 2030 წლისთვის 30 გიგავატს გადააჭარბებს, ხოლო ავსტრიამ გასულ წელს დამონტაჟებული მზის პანელების მეშვეობით, მიღებული სიმძლავრე გააორმაგა და რეკორდულ ნიშნულებსაც მიაღწია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი “მწვანე სიახლე” ისაა, რომ „ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი“ ინდოეთში, სრულად ჰიდრო და მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი აეროპორტი გახდა.

ევროკავშირი, ახალი კანონით, 2030 წლამდე პესტიციდების გამოყენების განახევრებას გეგმავს

ევროკომისიამ, ევროკავშირის მასშტაბით, პესტიციდების გამოყენების გასანახევრებლად და ბუნების აღსადგენად, იურიდიულად სავალდებულო მიზნები წარადგინა. კანონმდებლობა ველური ბუნების აღდგენასა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. REUTERS/Yves Herman

ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის უფროს ვირჯინიუს სინკევიჩიუსის განცხადებით, ჰაბიტატების აღდგენის წინადადება ორგანიზაციის ქვეყნებს, 2030 წლამდე ევროკავშირის ტერიტორიის მინიმუმ 20%-ზე ბუნების აღდგენისთვის შესაბამისი ზომების მიღებას, 2050 წლისთვის კი ყველა დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენას ავალდებულებს. ევროკავშირის ქვეყნებს, ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად, ეროვნული გეგმების შემუშავება მოუწევთ.

ახალი წინადადების თანახმად, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, ქიმიური პესტიციდების გამოყენება უნდა განახევრდეს და სრულად უნდა აიკრძალოს ისეთ სივრცეში, როგორიც საჯარო პარკები და დაცული ტერიტორიებია. კვლევების თანახმად, პესტიციდების გამოყენების მნიშვნელოვანმა შემცირებამ შესაძლოა, მოსავლის კლება და ფასების ზრდა გამოიწვიოს, თუმცა ახალი ტექნიკით ქიმიური პესტიციდების ეფექტიანად ჩანაცვლება უკვე შესაძლებელია.

პესტიციდების შესახებ ახალი წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, უკვე არსებული კანონი ჩანაცვლდება, რომელიც, ევროკომისიის აზრით, ევროკავშირის მასშტაბით არათანამიმდევრულად გამოიყენებოდა. ახალი მდგომარეობით, მთავრობებს მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშების წარდგენა რეგულარულად მოუწევთ.

კანადა ერთჯერადი პლასტმასის დამზადებასა და იმპორტს კრძალავს

„მავნე“ ერთჯერადი პლასტმასების აკრძალვისთვის, კანადის მთავრობამ საბოლოო რეგულაციები გამოაქვეყნა. რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან შევა და ერთჯერადი პლასტმასის უმეტესი ნაწილის დამზადებასა და იმპორტსაც შეეხება.

კანადის მთავრობის განცხადებით, აკრძალვა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასაზე, მათ შორის სავაჭრო ჩანთებზე, დანა-ჩანგალზე, საწრუპ ჩხირებსა და კვების სერვისთან დაკავშირებულ სხვაREUTERS/Chris Wattie ნივთებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ, ჯერ კიდევ 2020 წელს, პროდუქტებსა და შეფუთვაში გადამუშავებადი პლასტმასის შემცველობის დარეგულირებისთვის სავალდებულო სტანდარტების დაწესების სავარაუდო თარიღად მომავალი ორი წელი დაასახელა.

ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთების გაყიდვა 2023 წლის დეკემბრიდან აიკრძალება, რაც ბიზნესს ალტერნატივების შესამუშავებლად და არსებული მარაგების ამოწურვისთვის საკმარის დროს მისცემს. 2025 წლის ბოლომდე კი მთავრობა ექვს კატეგორიაში პლასტმასის ექსპორტსაც აკრძალავს და თანატოლ იურისდიქციებს შორის პირველი გახდება, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე მიიღო.

კანადის მთავრობის მონაცემებით, ყოველწლიურად პლასტმასის 15 მილიარდამდე ჩანთა, ხოლო 16 მილიონი საწრუპი ჩხირი გამოიყენება. ნივთების იმპორტი 2023 წლის ივნისიდან, ხოლო გაყიდვა 2024 წლის ივნისიდან აიკრძალება.

თურქეთში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე 2030 წლისთვის 30 გიგავატს გადააჭარბებს

ახალი ანგარიშის თანახმად, თურქეთში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე, სახურავებისა და საველე ტიპის პროექტებით, 2030 წლისთვის 30 გიგავატს გადააჭარბებს. ქვეყნის მიერ დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე ამ ეტაპზე მხოლოდ 8.3 გიგავატს შეადგენს.

მზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Anadolu Agency-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „ტერავატის ეპოქა“ მას შემდგომ დაიწყო, რაც მაისში, გლობალურად დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრემ 1 ტერავატს მიაღწია. გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 168 გიგავატით გაიზარდა, 2025 წლისთვის კი სავარაუდოდ 2.3 ტერავატს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში, სადაც მზის შუქის საშუალო დღიური ხანგრძლივობა შვიდ-ნახევარ საათს აღწევს, სახურავის მზის ელექტროსადგურებიდან 20 გიგავატი სიმძლავრის გამომუშავებაა შესაძლებელი.

კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისა და ენერგიის მზარდი ფასების ფონზე, მდგრადი რესურსების, მათ შორის მზის, ქარის, გეოთერმული და ტალღის ენერგიის გამოყენებას ქვეყნების ენერგეტიკულ სტრატეგიებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2030 წლისთვის გლობალური ემისიების გასანახევრებლად, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე ენერგეტიკის სექტორის მასობრივი გადასვლა უმნიშვნელოვანესია.

ავსტრიაში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე გაორმაგდა

ფოტოვოლტური ინდუსტრიის ასოციაციის განცხადებით, 2021 წელს ავსტრიაში, გასულ წელთან შედარებით, მზის პანელების სიმძლავრე გაორმაგდა.

ავსტრია მსოფლიოში განახლებადი ელექტროენერგიის ერთ-ერთი უდიდესი წილით გამოირჩევა, რასაც ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული ბუმიც განაპირობებს. ავსტრიის განახლებადი ენერგიების პოლიტიკა ქარისა და მზის ენერგიის განვითარებისკენაა მიმართული. ინდუსტრიამ გასულ წელს წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია, რეკორდული 2021 წელი კი შემდგომი გაფართოებისთვის მოტივაცია და საფუძველი უნდა გახდეს.

2021 წელს დამონტაჟებულმა 740-მეგავატიანმა პანელებმა ქვეყანაში მზის პანელების ჯამური სიმძლავრე 2783 მეგავატამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დამონტაჟებული დანადგარების სიმძლავრემ მხოლოდ 340 მეგავატი შეადგინა, ხოლო მთლიანობაში, მზის ენერგია ავსტრიის ელექტრომოთხოვნილების დაახლოებით 5%-ს აკმაყოფილებს.

ქარის ტურბინების მსგავსად, ფოტოვოლტური დანადგარების უმეტესობა ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილშია წარმოდგენილი. ავსტრია განახლებად ენერგიაზე სრულად გადასვლას 2030 წლისთვის გეგმავს, რისთვისაც ქვეყანას დაახლოებით 10.000 მეგავატი სიმძლავრე დასჭირდება.

დელის აეროპორტი სრულად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადადის

ენერგიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად განახლებად წყაროებზე გადასვლის შემდგომ, ინდოეთის დედაქალაქ დელის „ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი“ სრულად ჰიდრო და მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი აეროპორტი გახდა.

დელის აეროპორტის გადაწყვეტილება წელიწადში ენერგიის ემისიებს 2 მილიონი ტონა CO2-ით შეამცირებს, რაც 2030 წლამდე, აეროპორტის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აეროპორტის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 6%-ს ახლომდებარე მზის ელექტროსადგურები აკმაყოფილებს, რომლებიც სატვირთო ტერმინალების საჰაერო მხარესა და სახურავებზეა განთავსებული.

2022 წლის პირველ ივნისს დელის საერთაშორისო აეროპორტმა არაგანახლებად ენერგიაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამცირა და ენერგიის საჭიროების დარჩენილი 94%-ის დაკმაყოფილებაც ჰიდროელექტროსადგურებიდან დაიწყო. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დელის აეროპორტს, არაპირდაპირი ემისიებიდან, ყოველწლიურად, 200.000 ტონა CO2 შეამციროს. ამისთვის აეროპორტმა ელექტროენერგიის შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულება ჰიდროენერგეტიკის მწარმოებელ კომპანიასთან 2036 წლამდე უკვე გააფორმა.

გარდა ამისა, დელის საერთაშორისო აეროპორტს 7.84 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აქვს, დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ფარგლებში კი ობიექტს სახურავზე 5.3-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება. გარდა ამისა, მდგრადი გეგმების მისაღწევად, დელის საერთაშორისო აეროპორტმა მწვანე ტრანსპორტის პროგრამაც შეიმუშავა, ამჟამად კი „ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტისთვის“ მწვანე ენერგიის პროექტზე მუშაობს.

მყინვარის დნობის გამო შესაძლოა, ევერესტის საბაზო ბანაკის ლოკაცია შეიცვალოს

ნეპალი ევერესტის საბაზო ბანაკის 400 მეტრით დაწევისთვის ემზადება, რადგან კლიმატის ცვლილებისა და კაცობრიობის უარყოფითი ზემოქმედების შედეგად, არსებული ლოკაცია საფრთხის შემცველი გახდა.

მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე არსებული ორი საბაზო ბანაკიდან უფრო პოპულარული ნეპალში, სამხრეთით მდებარეობს. 5,364 მეტრზე მდებარე ბანაკი ევერესტის მწვერვალზე ასვლის მსურველთათვის საწყისი წერტილია. ნეპალის საბაზო ბანაკი ხუმბუს მყინვარზე, ყინულის იმ მონაკვეთზე მდებარეობს, რომელზეც კლიმატური ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ყინული სწრაფად დნება და, მთამსვლელების განცხადებით, ნაპრალებიც იხსნება.

 AP Photo/Tashi Sherpa

2018 წელს ლიდსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მყინვარის ნაწილი წელიწადში დაახლოებით 1 მეტრით თხელდება. ექსპერტთა ვარაუდით, მყინვარი ყოველწლიურად დაახლოებით 9.5 მილიონ კუბურ მეტრ წყალს კარგავს. ტემპერატურის გაზომვის მიზნით გაბურღვისას, მყინვარი მეცნიერთა მოლოდინზე გაცილებით თბილი აღმოჩნდა.

ბანაკის მომავალი ლოკაცია ჯერ უცნობია და შესაბამისი ტექნიკური და გარემოსდაცვითი შეფასების შემდგომ შეირჩევა. არსებული მდგომარეობით, ამჟამინდელ ბანაკს ფუნქციონირება მომავალი სამი-ოთხი წლის განმავლობაში კვლავ შეეძლება, თუმცა ახალი ლოკაცია დიდი ალბათობით 2024 წლისთვის აირჩევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *