გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასულ კვირას გაეროს კლიმატის ცვლილებების  მთავრობათაშორის პანელზე (IPCC) უახლესი ანგარიში იყო წარდგენილი და კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებელ ვადად მსოფლიოს მხოლოდ სამი წელი განესაზღვრა. ანგარიშის მთავარი ავტორი, ამ პირობებში, ტემპერატურის 1.5°C-გრადუსიანი მიზნის მიღწევასაც ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს. ამავე პერიოდში სხვა არცთუ სახარბიელო კვლევებიც გამოქვეყნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 99% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, ხოლო ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA), ახალი ანგარიშით, 2021 წელს, მეთანის გლობალური გამონაბოლქვის რეკორდული ზრდა დაადასტურა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპა, ენერგომიწოდების კრიზისის ფონზე, განახლებად ენერგიაზე გადასვლას სულ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება. ევროკომისიამ, 2030 წლისთვის, კლიმატნეიტრალურად გახდომის გეგმა ჩამოაყალიბა, ხოლო საბერძნეთმა ევროპისთვის უდიდესი მზის ორმხრივი ფერმა გახსნა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთის მსგავს გეგმას გაერთიანებული სამეფოც მიჰყვა, რომელმაც ახალი ენერგოსტრატეგიის ფარგლებში, ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა.

კლიმატურ კრიზისთან ბრძოლას Pinterest-ის სახით ახალი სოციალური ქსელი შეუერთდა და საკუთარ პლატფორმაზე კლიმატური დეზინფორმაციის გავრცელების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. გასული კვირის მწვანე სიახლეები Forbes Green-მა გააერთიანა.

გაეროს ახალი ანგარიში: მსოფლიოს კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სამი წელი აქვს

გაეროს კლიმატის ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) უახლესი ანგარიშით, კლიმატური ცვლილებების კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიომ 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიები მეოთხედით უნდა შეამციროს. ამისათვის ემისიებმა პიკს 2025 წლამდე უნდა მიაღწიოს, შემდგომ კი მკვეთრი ვარდნა დაიწყოს. IPCC-ის ანგარიშით, სწორი პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლოა, 2050 წლისთვის სათბური აირების ემისიების 40-70%-იანი შემცირება გამოიწვიოს.

შესაბამისი ზომების გატარებით მსოფლიომ, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ტემპერატურის მატების მინიმალური, 1.5°C-გრადუსიანი მაჩვენებელი შეინარჩუნოს. თუმცა  მსგავსი მატებაც კი საშიშია და გაანადგურებს მსოფლიო მარჯნის რიფების უდიდეს ნაწილს, ასევე ბევრ დაბლობ რეგიონს უდაბურად აქცევს. მიუხედავად ამისა, მოხსენების მთავარი ავტორი სარა ბერჩი ტემპერატურის 1.5°C-გრადუსიანი მიზნის მიღწევასაც ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან ამ შედეგისთვის თითოეულმა ქვეყანამ და ინდუსტრიამ ემისიების უსწრაფესი გზით შემცირება უნდა მოახერხოს.

თუმცა მოხსენება რამდენიმე ოპტიმისტურ საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ მთავრობებმა და კერძო სექტორმა, სულ მცირე, იციან, თუ რა უნდა გააკეთონ ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. მეორე ოპტიმისტური ფაქტი ისაა, რომ მიუხედავად 2010-2019 წლებში საშუალო წლიური გლობალური სათბური აირების ემისიების რეკორდული მაჩვენებლისა, ზრდის ტემპი შენელებულია. გარდა ამისა, უკანასკნელ ათწლეულში, მზისა და ქარის ენერგიის, ასევე ლითიუმის იონის ბატარეების ხარჯი 85%-ითაა შემცირებული.

IPCC-ს მოხსენების თანახმად, 2050 წლისთვის ქარისა და მზის ენერგიამ მსოფლიო ენერგიის მოთხოვნის უდიდესი ნაწილი უნდა დააკმაყოფილოს. სანაცვლოდ, მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ქვანახშირის გამოყენება. ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის გარეშე ქვანახშირის გამოყენება 2030 წლისთვის 76%-ით უნდა შემცირდეს, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია.

ევროკომისია, 2030 წლისთვის, კლიმატნეიტრალურად გახდომის გეგმას აყალიბებს

გასულ კვირას ევროკომისიამ გეგმა წარადგინა, რომელიც ათწლეულის ბოლომდე სათბური აირების ემისიების 60%-ით შემცირებას ითვალისწინებს. კომისიის განცხადებით, დარჩენილი ნაწილის კომპენსირება ნახშირბადის აღმოფხვრით იგეგმება.

მწვანე გეგმის თანახმად, გამონაბოლქვი ტრანსპორტიდან და საოფისე ოფისებიდან შემცირდება, ნულოვანი გამონაბოლქვის მანქანებზე მასშტაბური გადასვლა კი არაუგვიანეს 2027 წლისთვის განხორციელდება. ახალი გეგმით, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გადაადგილებისთვის პრიორიტეტული საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ველოსიპედებით მოძრაობა უნდა გახდეს, უნდა გაიზარდოს ელექტრომანქანების დასამუხტი ადგილების რაოდენობა, ხოლო პარკინგის ტერიტორია, სულ მცირე, 35%-ით  შემცირდეს.

რაც შეეხება მოგზაურობასთან დაკავშირებულ ემისიებს, „ჭკვიანი მისიების ორგანიზებითა და მოგზაურობის უფრო მწვანე რეჟიმების შემოღებით“ მათი რაოდენობა 2025 წლისთვის განახევრდება. 2019 წელს მოგზაურობამ ემისიების 28% შეადგინა. გარდა ამისა, გასულ წელს გაკეთებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი მათ საკუთრებაში არსებული შენობების რაოდენობას 2030 წლისთვის 50-დან 25-მდე შეამცირებს, გაიზრდება დისტანციური სამუშაო ადგილების რაოდენობაც.

ევროპული მწვანე შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელი ვალდებულია, 2030 წლისთვის ორგანიზაციის მასშტაბით, სულ მცირე, სამი მილიარდი ხე დარგოს. საერთო ჯამში მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ახალი ზომებით ნახშირბადის ემისიების მოცულობა ათწლეულის ბოლომდე 60%-ით შემცირდება. დანარჩენი 40%-დან კი ნახშირბადის აღმოფხვრა იგეგმება, რაც გარდაუვალი ემისიების განეიტრალებასა და 2030 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევას შეუწყობს ხელს.

WHO: მსოფლიო მოსახლეობის 99% დაბალი ხარისხის ჰაერს სუნთქავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მსოფლიო მოსახლეობის 99% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია წიაღისეული საწვავის გამოყენების შესამცირებლად უფრო მკაცრი მოქმედებების განხორციელებას ითხოვს. დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.

ახალი მონაცემებით, გლობალური მოსახლეობის 99% ისეთი ნაწილაკებით სავსე ჰაერს სუნთქავს, რომელთაც ფილტვებში, ვენებსა და არტერიებში ღრმად შეღწევა და დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ჰაერის ხარისხი ყველაზე დაბალი WHO-ს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის რეგიონებში, ასევე აფრიკის ტერიტორიაზეა.

მონაცემთა ბაზამ, რომელიც ტრადიციულად ორი ტიპის ნაწილაკებს, PM2.5-სა და PM10-ს განიხილავს, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა პირველად გაზომა. მონაცემთა ბაზის ბოლო ვერსია 2018 წელს გამოიცა. აზოტის დიოქსიდი ძირითადად ადამიანის მიერ საწვავის წვის შედეგად, მაგალითად, საავტომობილო მოძრაობისას წარმოიქმნება. დაბინძურებული ჰაერი რესპირატორული დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება.

ნაწილაკების წყარო საავტომობილო ინდუსტრიასთან ერთად სოფლის მეურნეობა, ელექტროსადგურები, ნარჩენების წვა და მრეწველობა, ასევე ბუნებრივი წყაროები, მაგალითად, უდაბნოს მტვერია. განვითარებად სამყაროში სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა. ინდოეთში – PM10-ის, ხოლო ჩინეთში PM2.5-ის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. ნაწილაკებს, განსაკუთრებით PM2.5-ს, ფილტვებსა და სისხლძარღვებში ღრმად შეღწევა შეუძლიათ, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ინსულტს იწვევს.

გაერთიანებული სამეფო რვა ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, არსებულ ობიექტებზე დამატებით რვა ბირთვული რეაქტორის განთავსება განიხილება. სტრატეგია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ენერგოდამოუკიდებლობას გააძლიერებს და ქვეყანას მზარდი ენერგოფასებისგან დაიცავს, ქარის, წყალბადისა და მზის ენერგიის წარმოების ზრდასაც ითვალისწინებს.

მთავრობის განცხადებით, ბირთვული წარმოების გასაძლიერებლად ახალი ორგანო Great British Nuclear-ი ამოქმედდება. გეგმის თანახმად, 2050 წლამდე, პროგნოზირებადი ელექტრომოთხოვნის 25%-ის, შესაბამისად 24 გიგავატი ელექტროენერგიის მოწოდება სწორედ ამ წყაროდან მოხდება. ახალი ბირთვული რეაქტორები უკვე არსებულ ობიექტებზე, მათ შორის ორი Sizewell-ის ელექტროსადგურზე ამოქმედდება. მთავრობა იმედოვნებს, რომ 2030 წლამდე ყოველწლიურად თითო ახალი რეაქტორის მშენებლობა დამტკიცდება.

მთავრობის ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ 2030 წლისთვის გაერთიანებული სამეფოს ელექტროენერგიის 95% ნახშირბადის დაბალი შემცველობის წყაროებიდან დაკმაყოფილდეს. მაგალითად, სამეფო განიხილავს ოფშორული ქარის ელექტროსადგურების საშუალებით 50 გიგავატამდე ენერგიის წარმოებას, რაც საკმარისზე მეტიც კი იქნება გაერთიანებულ სამეფოში ყველა სახლის ენერგომომარაგებისთვის.

მთავრობის ახალი გეგმა ბირთვული ენერგიის გარდა სხვა საკითხებსაც ეხება. მათ შორის განიხილება ოფშორული ქარის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ნებართვის გაცემის დაჩქარება და სახლებსა და კომერციულ შენობებზე მზის პანელების დამონტაჟების წესების რეფორმირება. შედეგად, მზის სიმძლავრე 2035 წლისთვის ხუთჯერ გაიზრდება. გარდა ამისა, იგეგმება წყალბადის წარმოების გაორმაგებაც, რაც ინდუსტრიების, ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფას განაპირობებს.

ევროპის მზის უდიდესი ორმხრივი ფერმა საბერძნეთში იხსნება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასულ კვირას საბერძნეთში მზის ახალი პარკი გაიხსნა. ახალი მზის პარკი ევროპაში პანელების ყველაზე დიდი ორმხრივი სისტემაა.

Reuters

საბერძნეთი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრის გაორმაგებას (19 გიგავატამდე) გეგმავს. ქვეყანას დამაბინძურებელი და ძვირად ღირებული  იმპორტირებული წიაღისეული საწვავისგან დამოუკიდებლობა სურს, რისთვისაც საბერძნეთის პრემიერმა განახლებადი ენერგიის პროექტებზე ნებართვის გაცემის პროცესის დაჩქარების პირობა დადო. საბერძნეთის მიზანი ევროკავშირის გეგმებს უკავშირდება, რაც მწვანე ენერგიაზე გადასვლასა და 2027 წლამდე რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმას ითვალისწინებს.

204 მეგავატი სიმძლავრის მზის პარკი ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი კომპანია Hellenic Petroleum-ის მიერ აშენდა. Hellenic Petroleum-ი ბალკანეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ეტაპობრივად განახლებად ენერგიაზე გადასვლას გეგმავს. საბერძნეთისთვის ყველაზე დიდი მზის პარკის შემდგომ, კომპანიამ შესაძლოა, ბატარეის საცავის მშენებლობაც დაიწყოს.

პარკი ქვეყნის ელექტროქსელს უახლოეს კვირებში დაუკავშირდება და ენერგიით 75.000 ოჯახს უზრუნველყოფს. ევროკავშირის სტატისტიკის ოფისის თანახმად, საბერძნეთმა 2020 წლის მიზანს მიაღწია და განახლებადმა ენერგიამ ენერგომოხმარების 21.7%  შეადგინა. ამ ეტაპზე  კი,  2030 წლისთვის, ამ მაჩვენებლის 35%-მდე გაზრდა იგეგმება.

NOAA: მეთანის ემისიები 2021 წელს რეკორდულად გაიზარდა

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ინფორმაციით, მეთანის გლობალური გამონაბოლქვი 2021 წელს რეკორდულად გაიზარდა. მეთანი, ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებაში, ნახშირორჟანგის შემდგომ მეორე ადგილს იკავებს.

NOAA-ს განცხადებით, გასულ წელს ატმოსფერული მეთანის წლიურმა ზრდამ მილიარდზე 17 წილი შეადგინა, რაც 1983 წლის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. მეთანი ბუნებრივი აირის ძირითადი კომპონენტია, რომელიც ნახშირორჟანგზე 84-ჯერ ძლიერია, თუმცა დაშლამდე ატმოსფეროში შედარებით ნაკლებ დროს ძლებს. 2021 წელს ატმოსფერული მეთანის დონეებმა მილიარდზე საშუალოდ 1,895.7 წილი შეადგინა, რაც პრეინდუსტრიულ დონეებს 162%-ით აღემატება.

მოხსენება მას შემდგომ გამოქვეყნდა, რაც 100-ზე მეტმა ქვეყანამ მეთანის გაზის ემისიების 2030 წლისთვის, 2020 წელთან შედარებით 30%-იანი შემცირების პირობა დადო. 2021 წლის გლობალური მეთანის დაპირება 10-დან ექვს უმსხვილეს დამბინძურებელს მოიცავს, ესენია: აშშ, ბრაზილია, ინდონეზია, ნიგერია, პაკისტანი და მექსიკა. ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და ირანი შეთანხმებას არ შეერთებიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების თანახმად, გლობალური დათბობის ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, მეთანის მკვეთრი შემცირებაა აუცილებელი. მოხსენების თანახმად, თუ მსოფლიო 2030 წლამდე 45%-მდე შეამცირებს მეთანის გამოყოფას, ყოველწლიურად 255.000 ნაადრევ სიკვდილს აიცილებს თავიდან.

Pinterest-ი კლიმატურ დეზინფორმაციაზე აკრძალვას აწესებს

Pinterest-ი, გამოსახულებაზე ორიენტირებული სოციალური მედია, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, კლიმატურ დეზინფორმაციაზე აკრძალვას აწესებს. ახალი პოლიტიკის თანახმად, საიტი ვალდებულებას იღებს, წაშალოს როგორც რეკლამის სახით გამოქვეყნებული, ასევე „ორგანული“ კონტენტი, რომელიც კლიმატური კრიზისის შესახებ ფაქტებს ამახინჯებს ან უარყოფს.

Pinterest-ი დეზინფორმაციის ფართო განმარტებას აკეთებს: კომპანია წაშლის კონტენტს, რომელიც კლიმატური კრიზისისა და მასზე ადამიანის გავლენის არსებობასა და შედეგებს უარყოფს. ასევე, არ გაავრცელებს „არაზუსტ სამეცნიერო მონაცემებს“, რომლებიც კლიმატის მეცნიერების მიმართ უნდობლობის გაჩენას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ნოემბერში 2000-ზე მეტმა კლიმატოლოგმა, აქტივისტმა და დეზინფორმაციასთან მებრძოლმა ჯგუფმა ხელმოწერები შეაგროვა და კლიმატური დეზინფორმაციის აკრძალვის მოთხოვნით Facebook-ის, Instagram-ის, Google-ის, Twitter-ის, Pinterest-ისა და Reddit-ის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას სოციალური ქსელის სანდოობის მაქსიმალურად გაზრდა სურს, რისთვისაც პლატფორმის ყალბი ინფორმაციისგან დაცლას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 2017 წელს გადაიდგა, როდესაც ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება აიკრძალა.

Pinterest-ი დეზინფორმაციის აკრძალვასთან ერთად კლიმატური ცვლილებების შესახებ პლატფორმაზე ზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებასაც გეგმავს, რაც დარგის ექსპერტებთან და კონტენტის შემქმნელებთან პარტნიორობით განხორციელდება.