გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Georgia მიმდინარე კვირის საავტომობილო ბლოგში კვლავინდებურად უმნიშვნელოვანეს სიახლეებს წარმოგიდგენთ. გასული კვირა მთელი ინდუსტრიისათვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მსხვილმა ავტომწარმოებლებმა არაერთი სიახლე შემოგვთავაზეს. სფერო არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ ბიზნესის მხრივაც ყოველდღიურად ვითარდება. ყოველკვირეული მიმოხილვის საშუალებით კი ავტომოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ავტომწარმოებლების განვითარებას რეალურ დროში ადევნონ თვალი. მათი გაუმჯობესებისა თუ დაღმასვლის მოწმეები ჩვენ მათ შესახებ სიახლეების გაცნობისას ვხდებით. მიმდინარე კვირის საავტომობილო ბლოგში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა Stellantis-ის პროგნოზი ელექტრომობილების მომავლის შესახებ, Harley Davidson-ის მიერ ახალი ელექტროველოსიპედის წარდგენა, როგორია Renault-ს ახალი წყალბადის ავტომობილის შესაძლებლობები და რა არის Toyota-ს შემცირებული საწარმოო შესაძლებლობების მიზეზი.

Stellantis-ის CEO ელექტრომობილების ელემენტების დეფიციტის შესახებ გაფრთხილებას იძლევა

Stellantis-ის აღმასრულებელი დირექტორის, კარლოს ტავარესის განცხადებით, მომდევნო წლებში ბუნებრივი მასალების სიმცირის გამო ელექტრომობილების ელემენტების დეფიციტია მოსალოდნელი. ამის მიზეზი კი ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, ავტომწარმოებლების მიერ გაზრდილი საწარმოო ტემპებია.

Massimo Pinca | Reuters

ტავარესის პროგნოზით, ინდუსტრია აღნიშნული პრობლემის წინაშე 2024-2025 წლებში აღმოჩნდება. თუმცა პრობლემა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მისი განცხადებით, 2027-2028 წლებისათვის ინდუსტრია ბუნებრივი მასალების დეფიციტს განიცდის, რაც ელექტრომობილების ათვისების ტემპებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

ცნობისათვის, გასულ კვირას Stellantis-მა ელექტრომობილების ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ინდიანაში ელექტრომობილების საწარმოს ასაგებად 2.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ Stellantis-ი დღევანდელი სახით მხოლოდ შარშან ჩამოყალიბდა, როდესაც Fiat Chrysler-ი და ფრანგული PSA გაერთიანდნენ. დღეს კი ავტომწარმოებელი ინდუსტრიაში სიდიდით მეოთხეა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გაფრთხილება სხვა ავტომწარმოებლებისადმი მოწოდებას ისახავს მიზნად, რათა ელექტრომობილებზე გადასვლის ტემპები შენელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი მოსაზრებით, აუცილებელი ნაწილების დეფიციტი გარდაუვალია.

ცნობისათვის, ავტომწარმოებლები გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრომობილების განვითარებისათვის ასეულობით მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებდნენ. ინვესტიციების რაოდენობა კი, გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, დღითიდღე იზრდება.

თავად Stellantis-ი 2030 წლისათვის 5 მილიონი ერთეული ელექტრომობილის გაყიდვას ისახავს მიზნად. ამისათვის კი საერთო ჯამში ელექტრომობილების ინდუსტრიაში 35 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

Harley Davidson-მა ახალი მთის ელექტროველოსიპედი წარადგინა

მოტოციკლეტების ლეგენდარულმა მწარმოებელმა, Harley Davidson-მა გასულ კვირას ახალი მთის ელექტროველოსიპედი წარადგინა. თუმცა მისი პროტოტიპის ნახვისას მასზე იმავეს თქმა რთული იქნება. უცნაურია, რომ ელექტროველოსიპედი მთლიანად ალუმინის ხისტი  ჩარჩოთი იქნება აღჭურვილი და არ ექნება არც წინა და არც უკანა ამორტიზაციის სისტემა.

Harley-Davidson

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ელექტროველოსიპედს მისი დანიშნულებისათვის საჭირო რამდენიმე სხვა ელემენტიც აკლია. თუმცა, თავად კომპანიის განცხადებით, მისი ყიდვის მიზეზიც სწორედ ეს უნდა იყოს.

„ველოსიპედს არა აქვს რთული ამორტიზაციის სისტემა, დახვეწილი ამძრავი მექანიზმი, მხოლოდ ორი საბურავი, ერთი სიჩქარე და ერთი დანიშნულება – პირდაპირ დაგაკავშიროთ ბილიკთან“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამედროვე ელექტროველოსიპედებისაგან განსხვავებით, Bash/Mtn-ს უფრო ძველებური დიზაინი აქვს. ელექტროველოსიპედი 529 კილოვატსაათი სიმძლავრის ელემენტით იქნება აღჭურვილი, რომელსაც ერთი სრული დამუხტვით 45-დან 140 კილომეტრამდე გავლა შეეძლება. ეს კი დამოკიდებული იქნება სიარულის ტემპსა და მოდიფიკაციაზე.

ელემენტის სრულად დასამუხტად მხოლოდ 5 საათი იქნება საჭირო, 75%-მდე შევსებას კი ორსაათ-ნახევარში შეძლებს. საინტერესო დეტალია, რომ 32 კმ/სთ სიჩქარის მიღწევის შემდეგ, ელექტროველოსიპედი მძღოლისათვის დახმარების გაწევას შეწყვეტს. მთის ველოსიპედი ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემით იქნება აღჭურვილი.

Bash/Mtn-ის ღირებულება 3 999 აშშ დოლარი იქნება, რაც მის კონკურენტებთან შედარებით ნამდვილად ბიუჯეტური ვარიანტია. Canyon-ის, Giant-ისა და Trek-ის მთის ელექტროველოსიპედების ღირებულება მასზე ბევრად მაღალია, თუმცა ისინი მომხმარებელს ბევრად უფრო კარგ კომპლექტაციასაც სთავაზობენ. თავდაპირველად Harley Davidson-ი აღნიშნული მოდელის მხოლოდ 1 050 ერთეულის წარმოებას გეგმავს.

Renault-ს ახალ წყალბადის ავტომობილს 800 კილომეტრის გავლა შეეძლება

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Renault-მ საკუთარი ელექტრო-წყალბადის ჰიბრიდული ავტომობილის კონცეპტ-ვერსია წარადგინა. როგორც ხედავთ, ფრანგული ავტობრენდი წყალბადის ტექნოლოგიას ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ვარიანტად განიხილავს.

Benjamin Girette | Bloomberg | Getty Images

Renault Scenic Vision-ის კონცეპტ-ვერსიის დიზაინი წყალბადისა და ელექტროძრავებს, ელემენტებს, საწვავის ქსელსა და წყალბადის ავზს აერთიანებს. 2.5-კილოგრამიანი ავზი ავტომობილის წინა მხარეს იქნება მოთავსებული და, კომპანიის განცხადებით, მის ავსებას მხოლოდ 5 წუთი დასჭირდება.

ახალი Scenic Vision-ის 40 კილოვატსაათი სიმძლავრის ელექტროძრავა გადამუშავებადი იქნება და მისი წარმოება ფრანგულ საწარმოებში 2024 წლისთვის დაიწყება. ავტომობილში წყალბადის ძრავის გამოყენებას მანქანისათვის უფრო დიდი სიმძლავრის მინიჭების მიზანი აქვს. დიდ მანძილებზე მგზავრობისას ეს უკანასკნელი ავტომობილს ერთი დამუხტვით უფრო დიდი მანძილის დაფარვის შესაძლებლობას მისცემს. კომპანიის განცხადებით, მას შემდეგ, რაც წყალბადის საწვავის ქსელის ინფრასტრუქტურა გაიმართება, ავტომობილს გაუჩერებლად 800 კილომეტრის გავლა შეეძლება.

ფრანგული Renault-ს ელექტრო-წყალბადის ტექნოლოგია იმის ნათელი ილუსტრაციაა, რომ ავტოკომპანიები სულ უფრო მეტი მონდომებით ცდილობენ ნულოვანი გამონაბოლქვის პოლიტიკას მოერგონ და საკუთარი საწარმოო შესაძლებლობებიც დახვეწონ. ფაქტია ისიც, რომ დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ელექტრომობილებსა და ენერგოეფექტიან ავტომობილებზე.

Renault-ს კი რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ შელახული რეპუტაციის აღდგენა დიდ ძალისხმევად დაუჯდება. როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება რეპუტაციის აღდგენისაკენ გადადგმული ნაბიჯია.

Ford-მა მომხმარებლებისათვის ელექტროპიკაპის, F-150 Lightning-ის მიწოდება საბოლოოდ დაიწყო

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა საკუთარი მომხმარებლებისათვის დიდი ხნის ნანატრი ელექტროპიკაპის, F-150-ის მიწოდება საბოლოოდ დაიწყო. პირველი მომხმარებელი, რომელმაც კუთვნილი ელექტროპიკაპი მიიღო, თავად F-150 Lightning-ის საწარმოდან 2 საათის სავალზე მცხოვრები ნიკოლას შმიდტი გახლავთ.

Ford

შეგახსენებთ, რომ Ford-მა ელექტროპიკაპის სრული ტემპით წარმოება მხოლოდ და მხოლოდ გასულ თვეს დაიწყო. ელექტროპიკაპის პირველი მფლობელის განცხადებით, ახალი ელექტრომობილი ძველ, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე F-150-ს ჩაანაცვლებს. ნიკოლას შმიდტი ასევე ფლობს Tesla Model 3-ს და ფიქრობს Rivian R1T ელექტროპიკაპის შეძენაზეც. მისი განცხადებით, Tesla CyberTruck-იც წინასწარ შეკვეთილია. თუმცა მან F-150 მოდელის მიღების შემდეგ ამ უკანასკნელზე ჯავშანი გააუქმა. მისი განმარტებით, იმ ელექტროპიკაპს დაიტოვებდა, რომელსაც პირველს მიიღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ Ford-ი პირველი ავტომწარმოებელი არ გახლავთ, რომელმაც ელექტროპიკაპების მიწოდება დაიწყო, მან ამ მარათონში Tesla-ს მაინც აჯობა. მათმა კონკურენტმა, Rivian-მა ელექტროპიკაპების მიწოდება ჯერ კიდევ გასული წლიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში Ford F-150 ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახლდათ. შესაბამისად, წინასწარი შეკვეთების მიღების დაწყებიდან 48 საათში, მწარმოებელს უკვე 45 000 წინასწარი შეკვეთა ჰქონდა მიღებული.

Toyota გლობალურად წარმოების გეგმას ივნისში 100 000-ით შეამცირებს

იაპონური ავტომწარმოებელი, Toyota Motor-ი, ნახევარგამტარების დეფიციტის გამო, საკუთარ გლობალურ საწარმოო გეგმას ივნისში 100 000 ერთეულით 850 000-მდე შეამცირებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიას კვლავ არ შეუცვლია საკუთარი მიზანი 2023 წლის მარტამდე მსოფლიო მასშტაბით 9.7 მილიონი ავტომობილი აწარმოოს.

REUTERS/Agustin Marcarian/File Photo

კომპანიის განცხადებით, შეფერხებაზე გავლენა შანხაიში კოვიდთან დაკავშირებულმა კარანტინმაც იქონია. ჯამში 10 საწარმოში 16 საწარმოო ხაზი რამდენიმე დღით შეჩერდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ავტომწარმოებელი ყოველთვიურად საშუალოდ 850 000 ერთეული ავტომობილის წარმოებას მაინც გეგმავს.

Lucid-მა 2022 წლის ყველა Air-მოდელი უკან გამოიხმო

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელს, Lucid-ს კვლავ პრობლემები აქვს. გარდა იმისა, რომ კომპანიას საკუთარი საწარმოო მიზნების შესრულება უჭირს, ამჯერად მას 2022 წლის Air-მოდელის ყველა ეგზემპლარის უკან გამოხმობა მოუწია.

Lucid

შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულ მოდელებში არსებობს დაუცველი სადენები, რამაც შესაძლოა, ავტომობილის Display მწყობრიდან გამოიყვანოს. ხოლო იმის გამო, რომ Air-ის Display საკმაოდ სენსიტიურ ინფორმაციას ფლობს ავტომობილის სიჩქარის, გამაფრთხილებელი ნიშნებისა და სხვა ელემენტების ჩათვლით, მისი მწყობრიდან გამოსვლა მძღოლისა და მგზავრებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პრობლემა 1 117 ავტომობილს დაუფიქსირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Lucid-ს აქამდე მიწოდებული Air-მოდელების ყველა ეგზემპლარის უკან გამოწვევა მოუწევს. გარდა ამისა, უკან გამოიხმობენ 2022 წლის Grand Touring-ის მოდელებსაც.